აპრილი 25, 2024 17:11

ნომინაციაში  „საუკეთესო სკოლა – 2022“ წარმოგიდგენთ სკოლა “პროგრესსა”და მის დამფუძნებელს, ქალბატონ ნინა ჩიკვაშვილს

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში  „საუკეთესო სკოლა – 2022“

წარმოგიდგენთ სკოლა “პროგრესს”

American International School Progress • Tbilisi

და მის დამფუძნებელს , ქალბატონ ნინა ჩიკვაშვილს.

ნინა ჩიკვაშვილმა პროგრესული განათლების შეთავაზება ახალგაზრდა თაობისთვის დაახლოებით 20 წლის წინ დაიწყო. დღეს კი მის მიერ შექმნილი ბრენდი „პროგრესი“ ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში მდებარე სამ სკოლას, ჯამში 1400 მოსწავლეს და 400-ზე მეტ დასაქმებულს აერთიანებს. ზრდა ყოველწლიურად 10%-ია, რაც იმას ნიშნავს რომ პროგრესი სტაბილურად ინარჩუნებს საკუთარ ნიშას.

ნინა ჩიკვაშვილს „პროგრესის“ დამფუძნებლის გარდა, არაერთი სხვა რეგალიაც აქვს.

ის გახლავთ აშშ-ში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასწავლებელთა განათლების საზოგადოების თანათავმჯდომარე, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მიერ ავტორიზებული ამერიკული განათლების საერთაშორისო კონსული, საპატიო დელეგატი და ექსპერტი მშვიდობის განათლების მსოფლიო სამიტზე, ასევე, წარმატებულ ქალთა საერთაშორისო კლუბის ეროვნული წარმომადგენელი და პრეზიდენტი საქართველოში, საქართველოს განათლების სამინისტროს უმაღლესი განათლების ექსპერტი, მსოფლიოს წარმატებულ ქალთა (World Women Club) ნაციონალური დირექტორი და წარმომადგენელი საქართველოში. ბიზნესლიდერთა ასოციაცია Women 4 Tomorrow-ს წევრი, და არაერთი საერთაშორისო ლიცენზირებული საგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელი საქართველოში, მათ შორის TOEFL-ის, Progress Education-ის, ქართულ–ამერიკული საერთაშორისო აკადემიის და ა.შ.

სულ ცოტა ხნის წინ ნინა ჩიკვაშვილი დაასახელეს მსოფლიოში 50 წარმატებულ ქალს შორის.

ქალბატონ ნინას მიღებული აქვს საკმაოდ მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი განათლება, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ სასწავლებლებში.

▪️ ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ინგლისური ენის სპეციალობა;
▪️ ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ეკონომიკის ფაკულტეტი;

▪️ ტექნიკური სახელმწიფო უნივერსიტეტი – მაგისტრის ხარისხი ინგლისურ ენა და ლიტერატურა;
▪️ ლონდონის მართვის სკოლა;
▪️ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტი; მონტანას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
▪️ დოქტორი განათლების ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში;
▪️ გრენობლის ბიზნეს მენეჯმენტის მაგისტრანტი.

▪️ სკოლა „პროგრესი“ ლიდერ საგანმანათლებლო დაწესებულებად იქცა ქუთაისში, ამიტომაც გადავწყვიტეთ ის სხვა ქალაქებისთვისაც შეგვეთავაზებინა. რა თქმა უნდა, კულტურული და სოციალური მიდგომები განსხვავდება, მაგრამ მათ აერთიანებთ ბრენდის ფილოსოფია, აკადემიური მიდგომების კონცეფცია, საგანმანათლებლოპროგრამები, საერთაშორისო მიმართულებები, პრიორიტეტები, სწავლების ოთხივესაფეხური K-12, საინტერესო თანამედროვე მენეჯმენტი.

• აღსანიშნავია, რომ თბილისის და ბათუმის ფილიალები საერთაშორისო მოსწავლეებსაც აერთიანებთ, ვინაიდან ამ ორ ფილიალში ორენოვანი სწავლება გვაქვს.
სკოლა „პროგრესი“ ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით – საქართველოს სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს -„College Board”-ის მიერ. „პროგრესს“ ასევე 2019 წლიდან ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოსგან მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია „Advanced“.

• ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ის, რომ ხელს ვუწყობთ მოსწავლეებსამერიკის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებაში. ასევე, ბრენდის მისიიდან გამომდინარე, „პროგრესის“ მიზანია განათლებული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ფართო თვალსაწიერის, პროგრესულად და გლობალურად მოაზროვნე, სამართლიანი და პასუხისმგებლიანი თაობების აღზრდა, სადაც თითოეულმოსწავლეს შეეძლება თავისი ნიჭის და უნარების გამოვლენა, მორგებული ცოდნის და გამოცდილების მიღება და მომავლის პროფესიების დაუფლება.

სკოლაში არსებული სასწავლო მოდულები ხელს უწყობს პიროვნულ განვითარებას, მულტიკულტურულ გარემოში დამკვიდრებას და ნებისმიერი გამოწვევის შესაძლებლობად აღქმას.

ასევე, “ამერიკულ საერთაშორისო სკოლა პროგრესს“ 2002 წლიდან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ურთიერთშეთანხმებები და მიღწევები აქვს მოპოვებული.

• სია ძალიან გრძელია, მხოლოდ რამდენიმეს ჩამოვთვლი: ვთანამშრომლობთ სან-დიეგოს Rolling Hills-ის სკოლასთან; ლაზარსკის ევროპული საერთაშორისო უნივერსიტეტთან; მნიშვნელოვანია NAIS–ს წევრობა (დამოუკიდებელი სკოლების საერთაშორისო ასოციაცია); ვართ ასევე British Council-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი და პარტნიორი დასავლეთ საქართველოში; ამასთან, საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია AIESEC–ის პარტნიორი და მიუნსტერის უნივერსიტეტის პარტნიორი 2017 წლიდან პედაგოგების პრაქტიკის თვალსაზრისით. ასევე საკრამენტოს როლინგჰილსის საბაზო სკოლასთან ვთანამშრომლობთ 2011 წლიდან და კიდევ მრავალი სხვა.

ქალბატონ ნინას მიაჩნია, რომ ქალი, პირველ რიგში, არის დედაა და დედობა კი ყველაზე რთული საქმიანობაა ამ ქვეყნად.

• სწორედ ამიტომ, ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ქალს ბუნებით შეუძლია ნებისმიერი საქმიანობისთვის წარმატებით თავის გართმევა, პრობლემების სწორედ აღქმა და შესაბამისი რეაგირებები, გადაწყვეტილების მყისიერი მართვა და განჭვრეტა. ქალური ბუნება, ინტელექტი, ინტუიცია, ერუდიცია, არის ის შესაძლებლობები, რომელსაც ბუნებით გვაძლევს სამყარო და ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიამაყოთ იმით, ვინც ვართ და რასაც ვქმნით, რადგან ნებისმიერ საქმეს, რომელსაც ვაკეთებთ ოჯახში, საზოგადოებაში, კარიერაში – მნიშვნელოვანია.

• მე ექიმების ოჯახიდან მოვდივარ (ალბათ ადამიანებზე ზრუნვა, ჩემს შემთხვევაში-მათი გონების და აზროვნების განვითარების და სულის გაჯანსაღებაზე ზრუნვა იყო ჩემი მთავარი ინსპირაცია).უკვე მაღალ კლასებში გადავწყვიტე, რომ აუცილებლად ვიქნებოდი ბიზნესში, რომელიც დაუკავშირდებოდა განათლების სფეროს და პროგრესის ღრმა რწმენით 2002 წლიდან შევუდექი კიდეც ამ საქმიანობას. ყველაფერთან ერთად სულ ვსწავლობ.

ახლაც ვსწალობ მაგისტრატურაში, ბიზნესის სკოლაში. ჯერ კიდევ 2006 წელს გავდიოდი
ლონდონში დროისა და კრიზისის მენეჯმენტის კურსს, რომელზეც მაშინ ჩვენთან არც კი საუბრობდნენ. ამან იმდენად მკვეთრი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში, რომ ყოველთვის ვიცოდი რა მჭირდებოდა. ცხადია, დროის მენეჯმენტი არა მხოლოდ თეორიულად, გამოცდილებითაც ისწავლება. ვცდილობ, დროსთან, რისკებთან, გარემოსთან შესაბამისობაში ვიყო. ძალიან მეხმარება ჩემი დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება. ჩემიგადატვირთული რეჟიმის მიუხედავად ვერ გეტყვით, რომ მაქვს ოჯახთან ურთიერთობის დეფიციტი.

ქალბატონი ნინა მიიჩნევს, რომ ქალებს ერის პოლიტიკური გეზის შეცვლასა და სწორედ წარმართვაში უდიდესი როლი მიუძღვით.

• შორეულ და არა მხოლოდ შორეულ წარსულს თუ გადავხედავთ ქალს მამაკაცებთან შედარებით ნაკლები უფლებები და პროფესიულად შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, ისტორიაში ცნობილია ბევრი ბრწყინვალე ლიდერი ქალი, გმირი, საზოგადო მოღვაწე, ძლიერი ბიზნეს-ლიდერი, პოლიტიკურად ძლიერი დედოფლები თუ პოლიტიკოსები. გლობალიზაციის პროცესმა და მსოფლიო გამოწვევებმა წინ წამოწია ქალის როლი თანამედროვე პოლიტიკურ, ბიზნეს თუ ეკონომიკურ საკითხებში. ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და მათი ჩართულობა ბიზნეს საქმიანობაში, ნებისმიერი შემდგარი საზოგადოების პრიორიტეტია.

ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ თავიანთ პროფესიასა თუ ბიზნესში პირველ ნაბიჯებს ქალბატონი ნინა ურჩევს, რომ გამოიჩინონ უდიდესი პასუხისმგებლობა და არასოდეს შეწყვიტონ განვითარება.

• ჩემი ცხოვრების მთავარი სიტყვა არის პასუხისმგებლობა. სწორედ პასუხისმგებლობაა წარმატების მთავარი საწინდარი. გარდა ამისა, ადამიანმა არასდროს უნდა შეწყვიტოს ზრდა და განვითარება. თუ ადამიანი წარმატებას ვერ აღწევს, ეს იმიტომ, რომ ის ბლოკავს საკუთარ თავში პროგრესს, არ ფიქრობს განვითარებაზე. კომფოტრის მდგომარეობაც ძალიან სახიფათოა, ხშირად უმოძრაობას იწვევს. ახალგაზრდებს მინდა ვურჩიო, რომ არასდროს შეაჩერონ პროგრესი და თვითგანვითარება, არ შეუშინდნენ ინიცირების რისკებს.წარმატებული ადამიანი, ვფიქრობ, ყოველთვის ბედნიერია, რადგან ის არის თავისუფალი. ხოლო როდესაც ხარ თავისუფალი, ხარ ბედნიერი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.