სექტემბერი 16, 2026 20:55

ნონა თურმანიძის შემოქმედებითი გზა

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ აგრძელებს იმ ქალების ისტორიების წარმოჩენას, რომლებმაც საკუთარ შესაძლებლობებში ძალა იპოვეს, სირთულეების მიუხედავად არჩეულ გზას დაუბრუნდნენ და საყვარელი საქმე პროფესიულ საქმიანობად აქციეს. ერთ-ერთი მათგანია ნონა თურმანიძე — დიზაინერი ბათუმიდან, რომლის შემოქმედებითი ხელწერაც მნიშვნელოვან და ემოციურ დღეებს განსაკუთრებულ სილამაზეს სძენს.

ნონა თურმანიძემ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საკრუიზო მენეჯმენტის ფაკულტეტი დაამთავრა. საზღვაო სფეროს არჩევას თავდაპირველად კონკრეტული მიზანი ჰქონდა — ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება და იმ ოცნებების ასრულება, რომლებიც ბავშვობიდან მოჰყვებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი პროფესიული გზა გარკვეული პერიოდის განმავლობაში სრულიად განსხვავებული მიმართულებით განვითარდა, შემოქმედება მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ყოველთვის რჩებოდა.

ნონა ბავშვობიდან ხატავდა, მონაწილეობდა ხელოვნების მიმართულებით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაში და საკუთარი ნამუშევრების არაერთი გამოფენაც ჰქონდა. თუმცა მოზარდობის პერიოდში, დაუფასებლობისა და შეუმჩნევლობის განცდის გამო, მისი მოტივაცია თანდათან შესუსტდა. ხატვას კვლავ აგრძელებდა, მაგრამ მხოლოდ საკუთარი თავისა და ახლობლებისთვის.

ერთ დღეს მიხვდა, რომ თუ საყვარელ სფეროს საბოლოოდ გვერდზე გადადებდა, მთელი ცხოვრება გაჰყვებოდა განცდა, რომ პირველივე სირთულის წინაშე ძალიან მარტივად დანებდა. სწორედ ეს აღმოჩნდა ის მნიშვნელოვანი შინაგანი გადაწყვეტილება, რომელმაც შემოქმედებით სამყაროში დაბრუნებისკენ უბიძგა.

ამ გზაზე განსაკუთრებული ადგილი ნონას ბებიას უკავია — ადამიანს, რომელიც ბავშვობიდან მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო და მუდმივად აძლიერებდა მის რწმენას. ბებია ხან სანთლებს ჩუქნიდა, ხან დეკორაციისთვის საჭირო ყვავილებს, ხან კი სახატავ მასალებს. ამ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან ჟესტებით ყოველთვის ახსენებდა, რომ საკუთარი ნიჭისა და ოცნებებისთვის თავი არ უნდა დაენებებინა.

სწორედ ბებიის მხარდაჭერა და რწმენა იქცა ერთ-ერთ მთავარ ძალად, რომელმაც ნონა საკუთარ ბავშვობის სურვილებთან დააბრუნა. დღეს ის უკვე საკუთარ თავს დეკორატორად და დიზაინერად წარადგენს და „Nona’s Designer Well-ის“ სახელით ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ვიზუალურ გარემოს ქმნის.

მისი პროფესიული გზა ბუნებრივად დაიწყო — საკუთარი ხელით ნივთების შექმნის, სივრცეების გაფორმებისა და ნაცნობი დეტალების განსხვავებულად წარმოჩენის სიყვარულით. თავდაპირველად ეს მხოლოდ საყვარელი საქმიანობა იყო, თუმცა დროთა განმავლობაში პროფესიულ მიმართულებად ჩამოყალიბდა. ყოველი ახალი შეკვეთა მისთვის ახალ გამოცდილებად იქცა: ისწავლა, როგორ მოუსმინოს ადამიანებს, სწორად გაიგოს მათი სურვილები და ეს სურვილები რეალურ, ინდივიდუალურ სივრცედ აქციოს.

დღეს ნონას ძირითადი საქმიანობა ქორწილების, ნიშნობის, ხელმოწერის ცერემონიების, დაბადების დღეებისა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების დეკორაცია და დიზაინია. ის ქმნის ფოტო ზონებს, აფორმებს საქორწილო და სადღესასწაულო სივრცეებს და განსაკუთრებულ ყურადღებას თითოეულ დეტალს უთმობს.

მისთვის დეკორაცია მხოლოდ ვიზუალურად ლამაზი გარემოს შექმნა არ არის. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო შედეგი კონკრეტულ ადამიანებს, მათ სურვილებსა და განსაკუთრებულ ისტორიას შეესაბამებოდეს. სწორედ ამიტომ ყველა პროექტი განსხვავებული და ინდივიდუალურია.

„ყველაზე მეტად იდეის რეალობად ქცევა მიყვარს — როდესაც დასაწყისში მხოლოდ წარმოდგენა არსებობს, ბოლოს კი უკვე დასრულებულ სივრცეს ხედავ. განსაკუთრებით სასიამოვნოა დამკვეთის ემოცია, როდესაც შედეგს პირველად ნახულობს. სწორედ ეს მაძლევს ძალას, რომ არ გავჩერდე და ყოველი მომდევნო პროექტი უფრო საინტერესო გავხადო“, — ამბობს ნონა თურმანიძე.

ნონა თურმანიძისა და „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ თანამშრომლობის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითი 8 აგვისტოს ბათუმში გამართული ღონისძიება „ზაფხულის ტალღაზე“ იყო.

შავი ზღვის სანაპიროზე, იახტაზე, „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ ორენოვანი გამოცემის Business Women Magazine-ის პრეზენტაცია გაიმართა. Golden Hour White & Red Party-მ ზღვა, მზის ჩასვლა, დახვეწილი ვიზუალური გარემო და ემოციებით სავსე შეხვედრა გააერთიანა.

საღამოს განსაკუთრებულ ესთეტიკასა და იახტაზე შექმნილ ულამაზეს გარემოზე სწორედ „Nona’s Designer Well-მა“ იზრუნა. დეკორაციაში თითოეული დეტალი ჰარმონიულად ერწყმოდა ღონისძიების თემატიკას, თეთრ და წითელ ფერებს, ზღვის სივრცესა და მზის ჩასვლის განწყობას.

ნონას მიერ შექმნილმა გაფორმებამ საღამოს გამორჩეული ხასიათი შესძინა და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ დეკორაცია მხოლოდ სივრცის გალამაზება არ არის — ის ღონისძიების საერთო ისტორიის, განწყობისა და ემოციის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ნონა თურმანიძის სამომავლო გეგმები საკუთარი საქმიანობის კიდევ უფრო განვითარებას უკავშირდება. მისი სურვილია, ჰქონდეს დიდი შოურუმი და სამუშაო სტუდია — სივრცე, სადაც მომხმარებლებს შეხვდება, მათ სურვილებს მოისმენს და სხვადასხვა დეკორაციულ იდეას ადგილზე შესთავაზებს.

ასევე გეგმავს, დეკორაცია და ფოტოგრაფია უფრო მჭიდროდ გააერთიანოს, რადგან მისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ განსაკუთრებული გარემოს შექმნა, არამედ იმ დღის ემოციების სწორად შენახვა და ადამიანებისთვის გადაცემა. მისი მთავარი მიზანია, „Nona’s Designer Well“ ეტაპობრივად კიდევ უფრო დიდ, ცნობილ და გამორჩეულ ბრენდად აქციოს.

ნონა დადებითად აფასებს „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ საქმიანობას და მიიჩნევს, რომ ქალებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს უჭერენ, გამოცდილებას უზიარებენ და ერთმანეთის წარმატებით გულწრფელად ხარობენ.

მისი აზრით, ასეთ სივრცეში ქალებს შესაძლებლობა ეძლევათ, მეტად ირწმუნონ საკუთარი ძალების, გაიცნონ საინტერესო ადამიანები, დაამყარონ ახალი პროფესიული კავშირები და განვითარების განსხვავებული გზები აღმოაჩინონ.

ნონა თურმანიძის ისტორია საკუთარ ოცნებებთან დაბრუნების, შეუპოვრობისა და იმ ადამიანების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გვიყვება, რომლებსაც ჩვენი შესაძლებლობების მაშინაც სჯერათ, როდესაც თავად საკუთარ თავში ეჭვი გვეპარება.

დღეს ნონა არა მხოლოდ საკუთარ ბავშვობის ოცნებას აქცევს რეალობად, არამედ სხვების უმნიშვნელოვანეს დღეებსაც სილამაზით, ემოციითა და დაუვიწყარი დეტალებით ავსებს. მისთვის ეს საქმიანობა მხოლოდ დეკორაციის შექმნა არ არის — ეს არის გზა, რომელმაც საკუთარ თავთან და ბავშვობის ოცნებებთან დააბრუნა.

კომენტარის დატოვება