მარტი 29, 2024 17:40

ნომინაციაში “გენდერული საკითხების ხელშეწყობისთვის გურიის რეგიონში -2023” წარმოგიდგენთ ქალბატონ მაია პაიჭაძეს

“ლიდერ ქალთა საზოგადოება” ნომინაციაში “გენდერული საკითხების ხელშეწყობისთვის გურიის რეგიონში -2023” წარმოგიდგენთ ქალბატონ მაია პაიჭაძეს.

ქალბატონი მაია გურიაში, კერძოდ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე და სამი წარმატებული შვილი. პროფესიით მეან-გინეკოლოგი და რადიოლოგი გახლავთ და წლების მანძილზე წარმატებით ემსახურა ამ პროფესიას, ხოლო 2010-2011 წლიდან აქტიურად ჩაება პოლიტიკურ პროცესებში და უკვე 2014 წლიდან ჩოხატაურის საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატია. გახლავთ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე. იყო გურიის რეგიონის კოორდინატორი სოფლის ექიმებისა და ამბულატორიის ინფრასტრუქტურის პროექტისა. ამჟამად უკავია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწის პოზიცია და გახლავთ გენდერული საკითხებზე პასუხისმგებელი პირი.

ამბობს, რომ იმას, რომ ქალია, არასოდეს შეუშლია ხელი საქმიანობაში, პირიქით,მიაჩნია, რომ საკუთარი სქესი  ხელშემწყობი ფაქტორიც აღმოჩნდა კარიერულ წინსვლაში:

  • ის რომ ქალბატონი გახლავართ, იყო ჩემი კომფორტი მუდამ და დღესაც ასეა. ჩემი, გნებავთ სამედიცინო, გნებავთ პოლიტიკური ცხოვრების წარმატებული დინამიკა დიდწილად განისაზღვრა სწორედ იმ რეალობით, რომ ქალი ვარ. ყოველთვის ვახერხებ აქტიურ კომუნიკაციას მოქალაქეებთან და თავადაც ვიღებ დიდ გამოცდილებას.ჩემთვის ძალიან მამოტივირებელია მათი სითბო და სიყვარული.

მიაჩნია, რომ მისი მთავარი მიღწევა საზოგადოების, თანარაიონელების მხრიდან გამოხატული დადებითი განწყობაა:

  • მთავარი მიღწევა ის პატივისცემა და სიყვარულია, რომელსაც იღებ საზოგადოებისაგან! აქვე კიდევ უფრო გაზრდილი პასუხისმგებლობა მოდის. მეტი რომ აკეთო, მეტად დაიხარჯო. არის კი სხვა რამ, უფრო მეტად აღმატებული? არა, რა თქმა უნდა…

თვლის, რომ  ქალის როლი შეუფასებელია საზოგადოებაში და მათზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი.

  • ჩემი ქალბატონებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილებიდან გეტყვით: ყველა ქალში არსებობს რესურსი, რომლის შეფასებაა მთავარი, რაც  განსაზღვრავს კონკრეტული ქალის მომავალი ცხოვრების მშენებლობას!

ქალბატონებს, რომლებიც ახლა იწყებენ საკუთარ საქმეს, ქალბატონი მაია ურჩევს:

  • არც ერთი ნაბიჯი უკან! მიუხედავად დაბრკოლებისა,  მიუხედავად ნიჰილიზმის დამკვიდრების მცდელობისა ქალბატონებში( არც თუ იშვიათად), ყოველთვის იარეთ წინ და გაუღიმეთ წარსულს!

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.