აპრილი 23, 2024 10:18

„ემიგრანტების იმედი – წარმატებული მენეჯერი და თარჯიმანი-2022“ – მაკი ყურუა

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში
„ემიგრანტების იმედი – წარმატებული მენეჯერი და თარჯიმანი-2022“
წარმოგიდგენთ ქალბატონ მაკი ყურუას.

მაკი 2 წელია, რაც ემიგრაციიდან დაბრუნდა და საქმიანობა საკუთარ ქვეყანაში განაგრძო.მუშაობს თურქულ კომპანია „ჯეოფასად სისტემში“, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე და ასევე თარჯიმნობს სხვადასხვა მოლაპარაკებებისას,რადგან შესანიშნავად ფლობს ინგლისურ, თურქულ და რუსულ ენებს. გარდა ამისა, გახლავთ უძრავი ქონების აგენტი.

ყველა საქმეს, რომელსაც ხელს ჰკიდებს, იდეალურად ართმევს თავს, რადგან ძლიერი, მებრძოლი ქალია და ბოლომდე მიჰყავს დაწყებული საქმე. თუმცა მთავარი, რაც მას გამოარჩევს მისი საქველმოქმედო საქმიანობაა.

თურქეთში 11-წლიანი ცხოვრების მანძილზე მუდმივად ეხმარებოდა ემიგრანტებს. მაკი, ჩვენს ერთ-ერთ ნომინანტ მელანია თურქმენთან ერთად, უფასო კონსულტაციას უწევდა სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს, ეხმარებოდა მათ ტრანსპორტირებაში, დაბინავებაში, შესაბამისი კლინიკის მოძიებაში და თარჯიმნობას უწევდა ექიმებთან – ამ ყველაფერს კი აბსოლუტურად უსასყიდლოდ აკეთებდა.

მაკი გვიყვება, რომ ბევრი მათგანი საკუთარ სახლებშიც ხშირად შეუფარებიათ. ასევე ძალიან ბევრჯერ დახმარებიან ისინი ემიგრანტ პატიმრებს. მაშინ, როცა ისინი არაფერ შუაში იყვნენ და უსამართლოდ ედავებოდნენ, მაკის უშუალო ჩართულობით ისინი უკავშირდებოდნენ ადვოკატებს და მათი ხმა მართლმსაჯულების წინააღმდეგ იყო მაკი. სწორედ მაკი უწევდა მათ თარჯიმნობას და გარდა ამისა, ეკონტაქტებოდა საქართველოში მათ ოჯახებს და აწვდიდა ინფორმაციას პატიმრის მდგომარეობის შესახებ.

მაკის თურქეთში ჰქონდა საკუთარი ბიზნესი თურქ პარტნიორთან ერთად. ეს გახლდათ დასუფთავების კერძო კომპანია, სადაც მაკი ცდილობდა მუდმივად დაესაქმებინა თურქეთში ემიგრაციაში მყოფი ქართველი ქალები:

„იზმირში, ჩემს კომპანიაში, მუდმივად ვცდილობდი, ქართველი ქალები დამესაქმებინა.საკუთარი ფეხით მივდიოდი უმუშევართა პანსიონებში და ვეძებდი, ხომ არ იყო ვინმე ქართველი უმუშევრად დარჩენილი, რომ ისინი დამესაქმებინა და მსუყე შეკვეთები მათ შეესრულებინათ.
სამწუხაროდ, ხშირად გამიგია, რომ უცხოეთში ქართველმა ქართველი არ დაინდო და ეს ძალიან მტკენს გულს, რადგან პირადად მე მსგავსი შემთხვევა არ მახსენდება. არც მე მტკენია რომელიმე ჩემი თანამემამულისაგან გული, არ გამცრუებია იმედი და ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობდით, ყველა მათგანისთვის გაგვეწია სათანადო დამხარება.“

მაკი პირადად იფარებდა ოჯახში ქართველებს, რომლებსაც საცხოვრებლის, დასაქმების ან სხვა პრობლემები ჰქონდათ. ასე შეიფარა მან მიტოვებული ფეხმძიმე გოგონა, რომელიც თავადვე მონათლა, რაკიღა 22 წლის ასაკში ჯერ კიდევ მოუნათლავი იყო. დაეხმარა ფეხმძიმობის უსაფრთხოდ გატარებაში. მანვე დაუფინანსა პრესტიჟულ თურქულ სამშობიაროში მშობიარობის, ბავშვის 2 თვემდე გაზრდისა და შემდეგ უკვე სამშობლოში გამომგზავრების ხარჯები.

მაკისთვის ეს განსაკუთრებით ემოციური ისტორიაა, რადგან ამბობს, რომ თავად, როგორც ქალმა, რომელსაც გამოუცდია რამდენად მნიშვნელოვანია მხარდაჭერა ქალისთვის, რომელსაც აქვს ოჯახური პრობლემები, აწუხებს უსახსრობა, არის ძალადობის მსხვერპლი, ზუსტად იცის, რამხელა ფასი აქვს მხარდაჭერას.

მიაჩნია, რომ როგორც მიაწვდი შენს თავს საზოგადოებას, ისე მიგიღებენ. ამიტომ ფიქრობს, რომ ადამიანისთვის ყველაზე დიდი ღირსება გულწრფელობაა. მიუხედავად ნაადრევი ქორწინებისა, ძალადობისა, მიაჩნია, რომ როგორც ქალი, სუსტი სქესი არ არის და ყველა პრობლემამ პირიქით, გააძლიერა და ბრძოლის უნარი შესძინა.

„სასწტიკი წინააღმდეგი ვარ ნაადრევი ქორწინების! ყოველთვის ვგმობ და ვიბრძვი ამის წინააღმდეგ! ადრეული ქორწინება ხშირ შემთხვევაში გვირევს ყველა გეგმას, გვაშორებს საკუთარ მიზნებს და გვიქმნის ბევრ პრობლემას. ბედნიერების წინაპირობა არც ფული არ არის. შესაძლოა ფულიც გქონდეთ ოჯახში და სხვა ყველა პირობა, მაგრამ როდესაც ახალგაზრდები ხართ, გაქვთ ცვალებადი ხასიათი, გაქვთ განსხვავებული მიზნები, სურვილები – ეს ყოველივე იწვევს კონფლიქტს“.

მაკი საკუთარ მთავარ მიღწევად მიიჩნევს იმას, რომ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არაფერი მოაკლოს საკუთარ შვილებს და მისცეს მათ სათანადო განათლება და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მათ განვითარებასა და წინსვლას.

მაკი ქართველ ქალებს მსოფლიოში ყველაზე ძლიერებად მიიჩნევს:
„მიუხედავად იმისა, არიან თუ არა საკუთარი ბიზნესების მფლობელები თუ ხელმძღვანელ პოზიციებზე მყოფნი, ყველა ქართველი ქალი უკლებლივ არის ლიდერი, რადგან ჩვენთან ყველა ქალს, ქართველ დედას, ყოველდღიურად უწევს უამრავი წინააღმდეგობის დაძლევა. საქართველოში არ მიაჩნიათ, რომ ქალს სჭირდება ხელშეწყობა, მოფერება,დახმარება. ყველას მოსწონს მოვლილი, ლამაზი ქალი და მის უკან რა დგას, რად უჯდება ქართველ ქალს თან უამრავ პრობლემას გაუმკლავდეს, თან ოჯახი არჩინოს და გარეთ რომ გამოვა, იღიმოდეს და იყოს ლამაზი არავინ იცის და არავინ ინტერესდება.“

მაკი ყველა ქალბატონს ურჩევს, რომ არასოდეს თქვან ახალი ინფორმაციის, ახალი ცოდნის მიღებაზე უარი იმ მოტოვით, რომ გვიანია მისთვის:

„ჩემი აზრით, აბსოლიტურად ყველა ქალმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სწავლა არასოდეს არის გვიანი. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება რაიმე ხელობის სწავლა, უნივერსიტეტში სწავლა თუ ნებისმიერი სხვა რამ. ნაადრევი ქორწინების გამო თავიდან შემეზღუდა შესაძლებლობა მესწავლა ის და იმდენი, როგორც მინდოდა, თუმცა შემდეგ მუდმივად ვახდენ ამის კომპენსირებას და დღემდე ვსწავლობ, დღემდე ვვითარდები, რომ ვიყო უფრო ძლიერი. სწავლა არასოდეს არ არის გვიანი! მთავარია, ქალებმა არცერთ ასაკში არ დაკარგონ იმედი და არ დაყარონ ფარ-ხმალი!“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.