აპრილი 20, 2024 15:46

„წლის მრავალმხრივი ნიჭი- 2022“ – პოდოლოგი და სიმღერების ავტორ-შემსრულებელი ნატალი კუჭუხიძე

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში „წლის მრავალმხრივი ნიჭი- 2022“
წარმოგიდგენთ საუკეთესო პოდოლოგსა და სიმღერების ავტორ-შემსრულებელს ქალბატონ
ნატალი კუჭუხიძეს
ქალბატონი ნატალი,პროფესიით კბილისი ტექნიკი და ექიმი სტომატოლოგია. დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ამ სპეციალობით, თუმცა ოჯახურ ბიზნესში აქტიურად ჩართვის გამო მოუწია ახალი პროფესიების შეძენა ფინანსური აღრიცხვის და მენეჯმენტის მიმართულებით. შემდგომში საპასუხისმგებლო პოზიციები ეკავა რამოდენიმე მრავალპროფილურ კომპანიაში. იყო ტოპ მენეჯერი და ბუღალტერი.
დაუდგრომელი ხასიათის მქონე ნატალის კვლავ სურდა სიახლეები და რაკიღა უკვე ქონდა ბიზნესის მართვის სათანადო გამოცდილება, გადაწყვიტა, უკვე საკუთარი ბიზნესი წამოეწყო და გახსნა სილამაზის სალონი. ბიზნესში მთავარია თავად კარგად ერკვეოდე იმ საქმეში, რასაც უძღვები, – ასე ფიქრობდა ნატალი და ამიტომ გადაწყვიტა, საკუთარ ბიზნესს პროფესიულადაც შეშველებოდა და მანიკურ-პედიკური შეისწავლა. აღმოაჩინა, რომ ეს ის საქმეა, რაც მოსწონს და მისთვის საინტერესოა ეს სფერო.
მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ ნატალის არ აკმაყოფილებდა შედეგები და დაახლოებით ხუთ სხვადასხვა მასწავლებელთან შეისწავლა აღნიშნული პროფესია და ამ მიმართულებით განვითარებას მიჰყო ხელი. აქტიურად და ძირფესვიანად სწავლობდა პროფესიის ირგვლის საჭირო ყველა სიახლეს და დეტალს. აქტიურად ატარებდა ტრენინგებს და ჰქონდა საკუთარი პროფესიული სასწავლო ცენტრი. ექიმის პროფესიამ ხელის შეუწყო იმაში, რომ პედიკურ-მანიკურიც ამ ჭრილში შეესწავლა ფუნდამენტურად და გამხდარიყო დარგში საუკეთესო სპეციალისტი – პოდოლოგი (დაზიანებული ფრჩხილის და ტერფის მკურნალი).
პარალელურად იყო დირექტორი და მეწილე ერთ-ერთი ცნობილი ნეილ ბარისა, რომელიც თავისი ძალისხმევის შედეგად ესთეტიკურ ცენტრად გადააკეთა.
შემდეგ კი იყო პანდემია, თუმცა მან არც ეს დრო დაკარგა ფუჭად და თავის საქმიანობაში კიდევ უფრო დასახელოვნებლად საბერძნეთში წავიდა. გაიარა პოდოლოგიის დარგში კვალიფიკაციის ასამაღლებელი ევროპული სტანდარტის კურსები. მიუხედავად ევროპაში არსებული საკმაოდ მომხიბვლელი შემოთავაზებებისა, მაინც საქართველოში დაბრუნება და საქმიანობის აქ გაგრძელება გადაწყვიტა.
„მე სულით ხორცამდე პატრიოტი ვარ. ძალიან გამიჭირდა უცხო ქვეყანაში დიდხანს ყოფნა. მინდა, ჩემი ყველა შესაძლებლობა, ნიჭი, ცოდნა თუ უნარი, სრულიად მოვახმარო ჩემს ქვეყანას. მინდა, აქ ვიყო ჩემი ოჯახის, ჩემი მეგობრებისა და ზოგადად, ქართველების გარემოცვაში. მინდა, ჩემი ქვეყნის წარმატებაში ჩემი, როგორც ხელოვანის, როგორც პოდოლოგის, მოკრძალებული წვლილიც შევიტანო.“- ამბობს სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტი, რომელმაც უცხო ქვეყნაში ყოფნის დროს ახალი სიმღერა დაწერა მონატრებულ სამშობლოზე. სიმღერა, რომელსაც ქვია ,,ჩემიდან შენამდე შორია.”
ქალბატონი ნატალი წარმატებულ პოდოლოგობას ასევე წარმატებით უთავსებს სიმღერების წერასა და შესრულებას.
მან 10 წლის ასაკში აღმოაჩინა, რომ აქვს წერის ნიჭი. მას შემდეგ დღემდე აქტიურად წერს ლექსებს, მოთხრობებსა და სიმღერებს. უკვე რამდენიმე წარმატებულ მომღერალს დაუწერა კიდეც სიმღერა ისრაელში. ქალბატონი ნატა თავადაც შესანიშნავად ასრულებს საკუთარ სიმღერებს.
მიაჩნია, რომ იმისთვის, რაც სურს და მიზნად დაუსახავს, ჯერ კიდევ არ მიუღწევია, რადგან ბევრი ინტერესი აქვს, მაქსიმალისტია და ყველაფერში უნდა მიაღწიოს მაქსიმალურ შედეგს.
ყველაფერთან ერთად, ქალბატონი ნატალი ორი შვილის დედაცაა. ამბობს, რომ არ უჭირს საქმისა და ოჯახის შეთავსება, რადგან ბევრი საქმის ერთად კეთებას დრეული ასაკიდან მიჩვეულია.
ნატალი მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში ქალთა როლის გაძლიერებისთვის თავად საზოგადოების განვითარებაა საჭირო:
“ცხადია, სახელმწიფოს როლიც მნიშვნელოვანია ქალთა უფლებრივი და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის საქმეში, თუმცა, ჩემი აზრით, უპირველესია საზოგადოების კულტურულ-ტრადიციულად გაზრდა და გააქტიურება ისე, რომ თავადვე აღმოფხვრას ქალების წინაშე პრობლემები. ამაში ძალიან დიდი როლი მიუძღვის ორგანიზაციებს, მოძრაობებს, რომლებმაც უნდა იმუშაონ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ქალთა უფლებების დაცვის და მათი პროფესიული განვითარების მიმართულებით. სწორედ ჩვენი აქტიურობით უნდა გამოიძერწოს საზოგადოების სწორი ცნობიერება, კულტურაში აისახოს ჯანსაღი მიდგომები და ტრადიციები. აზრთა სხვადასხვაობა აუცილებელია, რადგან ჭეშმარიტება სწორედ ასე მიიღწევა, თუმცა ძირითადი, ფუნდამენტური ამოცანები აუცილებლად ერთად შეკავშირებულებმა უნდა დავძლიოთ“.
მიაჩნია, რომ იმისათვის, რომ ქალებმა საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა თავად აიღონ, ამისათვის აუცილებელია მათი ინფორმირებულობა. როცა გაქვს შესაბამისი, საჭირო ინფორმაცია, ცოდნა, ხარ მეტად ძლიერი, დაცული და შეგიძლია საკუთარი თავის, თუ ცხოვრების მართვა.
“ჩვენს საზოგადოებას გააჩნია უამრავი სტიგმა, რომელიც აფერხებს ქალებს, მიაღწიონ წარმატებებს ცხოვრებაში და თანასწორი შესაძლებლობებით იყვნენ ინტეგრირებული თანამედროვე საზოგადოებაში. მაგალითად, ამას წინათ, სადღაც შემხვდა პოსტი, წერდნენ: „მე ვარ სოფლელი და მე ეს არ მაკნინებს“ და დიახ, ეს ასეა, ბანალური ჭეშმარიტებაა, მაგრამ რადგან ამაზე ისევ მიდის გაუთავებელი საუბარი, ეს მანიშნებელია იმისა, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად არ დაყოს ადამიანები სხვადასხვა ნიშნით. დღეს ინფორმაციის ერაა და არ აქვს მნიშვნელობა, სად იზრდები და იმყოფები ტერიტორიულად, მთავარია გქონდეს ყველა საჭირო ინფორმაციაზე წვდომა და მისწრაფება ცოდნის მიღებისკენ. ყველა ქალი უნდა ეცადოს, იყოს აქტიური, შექმნას საკუთარი თავი, იზრუნოს იმაზე, რომ ყოველდღიურად გაიზარდოს და იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე გუშინ და ასე აუცილებლად დაიმკვიდრებს თავს საზოგადოებაში, მიაღწევს საოცნებო წარმატებას. ქალების აქტიური ცხოვრებისთვის, განვითარებისკენ სწრაფვის ხელშეწყობისთვის კი აუცილებელია მათთვის საკუთარი უფლებებისა თუ ქვეყანაში არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.“
ქალებს, რომლებიც ახლა იწყებენ საკუთარ საქმეს, ქალბატონი ნატა ურჩევს:
,,ქალებმა უნდა დაისახონ დიდი მიზნები და ამ მიზნებისკენ ყოველდღიური, პატარ-პატარა ნაბიჯებით და მცირე გამარჯვებებით შეუჩერებლად იარონ. ყოველდღიური მცირე გამარჯვებები თქვენ გაგიზრდით საკუთარი თავის რწმენას და მიგაახლოვებთ უმთავრესი მიზნის და ოცნების ასრულებასთან.
აუცილებელია, ნებისმიერმა ადამიანმა, ქალი იქნება თუ კაცი, ისწავლოს მოსმენა. ყველამ, რომელიც აპირებს რაიმეს მიაღწიოს, პირველ რიგში,აუცილებლად , უნდა შეაფასოს რეალური სურათი, გაიაზროს სად არის, ვინ არის, რას აკეთებს და რა უნდა მიიღოს საკუთარი ქმედების შედეგად. შეცდომების მიუხედავად უნდა იაროს მიზნისკენ დაუღალავად. მთავარია, არ გაჩერდე, არ დანებდე და დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად გამოგივა და დადებ მაქსიმალურ შედეგს!“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.