მაისი 20, 2024 05:31

„წარმატებული ემიგრანტი ექიმი ფიზიო-ლაზეროთერაპევტი-2022“ – გულიკო ორმოცაძე

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში
„წარმატებული ემიგრანტი ექიმი ფიზიო-ლაზეროთერაპევტი-2022“
წარმოგიდგენთ ქალბატონ გულიკო ორმოცაძეს.
ქალბატონი გულიკო პროფესიით ექიმია, ის გახლავთ მკურნალი ექიმი, ფიზიო-ლაზეროთერაპევტი.
გულიკო ორმოცაძე წარმოშობით ქობულეთიდან, კერძოდ დაბა ჩაქვიდან გახლავთ, თუმცა ემიგრაციამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში.
1999 წელს დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი, შემდეგ ქალბატონ ლუიზა მარსაკიშვილთან გაიარა ფიზიო-ლაზეროთერაპიის კურსები, რის შედეგადაც აიღო ლიცენზია ამ განხრით. ფიზიო-ლაზეროთერაპია განსაკუთრებით აინტერესებდა და ღრმად გადაწყვიტა შესწავლა, რადგან მიაჩნდა, რომ საკმაოდ ფართო სფეროა. ამის შემდეგ კვალიფიკაცია აიმაღლა მოსკოვში, ფიზიო-ლაზეროთერაპიის აკადემიაში პროფესორ ვიტალი ბუილინთან. ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბატონ პალიკო კასრაძესთან, რომელიც გახლდათ სპორტული ექიმი. კმაყოფილია, რომ ამ მხრივ სრულფასოვანი ცოდნა მიიღო.
უკვე შემდეგ თურქეთში წავიდა სამუშაოდ, სადაც 2005 წლიდან 9 წელი კერძო კლინიკაში მუშაობდა ფიზიო-ლაზეროთერაპევტად.
ქალბატონი გულიკოს აღნიშნულ კლინიკაში მუშაობის შედეგად საუკეთესო დახასიათება აქვს საკუთარი წარმატებებიდან გამომდინარე.
• მახარებს შედეგები, რომლებსაც ვაღწევ. მიხარია, როცა პარალიზებული პაციენტთან მუშაობის შემდეგ 70-90%-იანი შედეგი მაქვს. ამას ჩემი პაციენტები წერენ სამადლობელ წერილებში და მე ბედნიერი და ამაყი ვარ, უფრო მეტად იმიტომ, რომ ვარ ქართველი და სხვა სახელმწიფოში მივაღწიე ამდენს, უცხო ენაზე, უცხო გარემოში. მადლობელი ვარ, ამ ქვეყნის, რომ ასე მიმიღეს და დამაფასეს.
წარმატებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ქალბატონი გულიკო 2016 წელს მიიწვიეს თურქეთის ქალთა მოჭიდავეთა ნაკრების ექიმად, სადაც ხუთ წელზე მეტი გაატარა და ნაკრებთან ერთად მოიარა მსოფლიო.
ქალბატონი გულიკო აგრძელებს თავის პროფესიულ საქმიანობას თურქეთში და მისი მთავარი მიზანი შედეგზე გასვლა და პაციენტების კმაყოფილებაა.
მისი ქალიშვილიც წარმატებული ექიმი, სტომატოლოგი გახლავთ თურქეთში.
ქალბატონი გულიკო ამაყობს, რომ მან, როგორც ქალმა, შეძლო და სახელი მოიხვეჭა თურქეთის ტერიტორიაზე, აფასებენ და უყვართ და რაც მთავარია, მიიჩნევენ წარმატებულ ექიმად. ამაყობს, რომ ქალთველმა ქალმა მარტო დამოუკიდებლად მიაღწია ყველაფერს.
პროფესიის სრულფასოვანი ცოდნა ეხმარება იმაში, რომ კლინიკაში მუდმივად დანერგოს მკურნალობის განახლებული მეთოდები ფიზიო-ლაზეროთერაპიის მიმართულებით.
• ჩემი რამდენიმე პაციენტი გერმანიიდან აღნიშნავს, რომ მსგავსი მკურნალობა, რომელიც ჩაიტარეს ჩემთან, არ არის მათ ქვეყანაში. რომ ჩვენ განსხვავებული ტექნიკები გვაქვს და ძალიან კარგ შედეგებს მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მეამაყება.
მის მთავარ მიღწევად უამრავ გამოჯანმრთელებულ პაციენტს, მათი მკურნალობისას მიღწეულ შედეგებს მიიჩნევს.
ამბობს, რომ ყველაზე ბედნიერი მაშინაა, როცა მისი შრომის შედეგს ხედავს მადლიერი, გამოჯანმრთებულ პაციენტების სახით.
მიაჩნია, რომ ქალებს ყველაფერი შეუძლიათ. მთავარია განათლება, საყვარელი საქმე და მუდმივი შრომა, რათა არ გაჩერდნენ და განვითარდნენ.
ფიქრობს, რომ ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოა. მიიჩნევს, რომ ქალი ზებუნებრივი არსებაა და აუცილებელია, რომ ყოველთვის მიეცეს ასპარეზი ძლიერ ქალებს და დაფასდეს მათი შრომა, ამიტომაც ძალიან ახარებს „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ წევრობა.
ქალებს, რომლებიც ახლა იწყებენ საკუთარ საქმეს ურჩევს, რომ საქმე, რასაც ხელს მოკიდებენ აუცილებლად სრულყოფილად უნდა შეისწავლონ.

• ჩემი, როგორც ექიმის გადმოსახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ ექიმისთვის აუცილებელია ცოდნა და პაციენტებთან ურთიერთობა.შესაბამისად, რა საქმეც არ უნდა აირჩიონ, აუცილებლად უნდა უყვარდეთ საკუთარი პროფესია, უნდა ჰქონდეთ ღრმა ცოდნა იმ საქმეში, რასაც აირჩევენ, ყველაფერი სიყვარულით უნდა აკეთონ და მუდმივად განვითარებისკენ იყვნენ ორიენტირებულები.

კომენტარის დატოვება