ნოემბერი 24, 2024 09:33

„წარმატებული ემიგრანტი ექიმი-ჰიფნოფსიქოთერაპევტი- 2022“-მელანია ბერაძე-თურქმენ

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში „წარმატებული ემიგრანტი ექიმი-ჰიფნოფსიქოთერაპევტი- 2022“ წარმოგიდგენთ ქალნატონ მელანია ბერაძე-თურქმენს.

ქალბატონი მელანია გახლავთ პროფესიით ექიმი ჰიფნოფსიქოთერაპევტი, მრავალპროფილიანი სამედიცინო ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი ,რომლის საქმიანობაში შედის კლინიკურ-ბენეფიციართა მიღება-პატრონაჟი,სავიზო დოკუმენტაციის სრული ორგანიზება, ტურიზმი და გაცვლითი ტურისტული, აგრეთვე სტუდენტური პროგრამები.

ქალბატონმა მელანიამ საქართველოში დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი,ასევე ფარმაციის მხრივ მიიღო განათლება, ხოლო ასპირანტურა დაამთავრა თურქეთში, კეძოდ სტამბულში , ფსიქოთერაპიის ინსტიტუტში, უკვე 25 წელია ცხოვრობს და მოღვაწეობს თურქეთში.

  • ვარ თურქეთის ფსიქოლოგიის ასოციაციის წევრი. ლეჟავას სახელობის აკადემიის აკადემიკოსი. მწერალთა კავშირის წევრი. ვწერ ლექსებს. გამოცემული მაქვს ლექსების ორი კრებული. ამჟამად, ვმუშაობ სტამბულში სამედიცინო კომპანია „პირამიდის“ პასუხისმგებელ ექიმად. ასევე, გახლავართ ორგანიზაცია ართ-თერაპიის დამფუძნებელი. ვხატავ. მყავს მეუღლე და ორი შვილი: გიორგი და ბარიში. მიყვარს ხატვა,მუსიკა, ადამიანები და საერთოდ, ამქვეყნიური ყველა და ყველაფერი მიყვარს … სიყვარული მიყვარს.

როგორც თავად გვიყვება სტუდენტი, შვილთან ერთად ჩავიდა სტამბულში და გაიარა საკმაოდ რთული გზა, რამდენადაც რთული შეიძლება იყოს ემიგრანტი მარტოხელა დედის ცხოვრება:

  • რთულია ემიგრანტის გზა … მით უმეტეს, როდესაც პირველი ქორწინებიდან მცირეწლოვანი შვილი დამრჩა. დედაც, მამაც, მეგობარიც მე ვიყავი ჩემი შვილისთვის. მუხლებზე დამჯდარი ჩამოვიყვანე სტამბულამდე ავტობუსით . რთული გზა გავიარეთ ერთად. დავეცით, წამოვდექით… საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით. ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ მე და გიო. ასპირანტურის დამთავრებისთანავე შევქმენი ოჯახი მეორედ, თურქეთის მოქალაქესთან, რომლისგანაც მყავს მეორე შვილი _ბარიში. მე და გიორგი ქრისტიანები, მართლმადიდებლები ვართ, ხოლო მეუღლე და მეორე შვილი მუსლიმები. უფლის სიყვარული დამეხმარა ბალანსის შენარჩუნებაში. დღეს უამრავი მეგობარი გვყავს ქრისტიანებიც და მუსლიმებიც. ვიკრიბებით ოჯახში თუ კომპანიაში,ჭირსა და ლხინს ვიზიარებთ . მიხარია, რომ შევძელით, რომ ვუყვარდეთ სწორედ ისეთები,როგორებიც ჩამოვედით და როგორებიც მოვედით დღემდე.

ამბობს, რომ რელიგიასთან ერთად შეინარჩუნა ტრადიციები და ქართული ხასიათი.

  • იმერელი ვარ, ხარაგაულელი, შესაბამისად მაქვს უცვლელი იმერელი დიასახლისის ხასიათი . ტრადიციად მომყვება სტუმარ- მასპინძლობა თავისი იმერელი ხაჭაპურითა და ჭაჭით. ჩვენ პატარა საქართველო გვაქვს შუაგულ სტამბულში . არ იკეტება ჩვენი კარები და ჩვენი სახლიც მუდამ სავსეა მომსვლელ-წამსვლელით. ხშირად მსტუმრობენ ნათესავები, მეგობრები საქართველოდან, ასევე სხვა სახელმწიფოებიდან. მინდა თამად ვთქვა, რომ ნამდვილად გამოვრჩივით ქართველები სტუმარმასპინძლობით . სხვა მენტალიტეტი გვაქვს, სხვა გემოვნება და ხიბლი.

ამბობს, რომ როგორც ქალს თავის საქმიანობაში ხელი არასოდეს შეშლია და არც საკუთარი ქალობით, გარეგნობით უსარგებლია არასოდეს.

მიუხედავად იმისა რომ სულ რაღაც 24 წლის ჩამოვიდა თურქეთში, ამბობს რომ ამ ქვეყანაში არავის არასოდეს შეუვიწროვებია, როგორც ქალი.

  • თავს ყოველთვის დაცულად გრძნობ ამ სახელმწიფოში . თუმცა, მეტად მინდა იყოს გაუმჯობესებული თანამედროვე ქალთა უფლებები. მითუმეტეს, ემიგრანტი ქალბატონების. მტკივა დღევანდელობა ათასობით გადახვეწილი ქალი ემიგრანტი და სახლში წამოწოლილი გაუცხოვებული ქმარ- შვილი…

მიიჩნევს, რომ ადამიანების დაყოფა სქესის, სარწმუნოებისა თუ სოციალური წრეების მიხედვით დაუშვებელია, მთავარია ღირებულებები, რომლებსაც ადამიანები ატარებენ:

 

  • ბავშვობიდან ასე გამზარდეს მშობლებმა ( ამისთვის მადლობა მათ) არასოდეს ვარჩევდი ადამიანებს სქესით, სარწმუნოებით , საცხოვრებელი ადგილითა თუ ფინანსური მდგომარეობით. ჩემს სულში ადამიანი ადამიანობს მისი ღირებულებებით . არააქვს მნიშვნელობა ასევე, რა ორიენტაცისაა. მნიშვნელობა აქვს, როგორ გადმოცემს მის პიროვნებას სოციალურ სამყაროში. მაღიზიანებს ადამიანები, რომლებიც მხოლოდ პოლიტიკის, სარწმუნოების, სოფლელ- ქალაქელობით, ბრენდებით შემოიფარგლება და ასე აფასებს სხვა ადამიანებს. თითქოს, სადღაც იკარგება, იფერფლება ძველი ღირებულებები . იშვიათობაა პროზა/ პოეზია.. მხატვრის გამოფენებზე გადაღლილი ახალგაზრდები.. დასანანია, რომ მობილურ ტელეფონებში იძირება დღევადელობა . ცივდება ურთიერთობები..

 

თავის მთავარ მიღწევად მიაჩნია ის, რომ ემიგრაციაში შეძლო და შეინარჩუნა ყველა ყველაფერი, რაც სამშობლოდან წამოიღო: ენა, სამშობლოს სიყვარული, სარწმუნოება….

 

  • გულწრფელად ვამბობ, ჩემი მთავარი მიღწევაა, რომ დღემდე უკლებლივ მოვიტანე, რაც წამოვიღე სამშობლოდან. მიღწევად მიმაჩნია, ჩემი შვილის, გიორგის სიყვარული სამშობლოსადმი, ასევე ჩვენი გენის, კულტურის, ჯიშისა და ჯილაგის შენარჩუნება ….

 

  • ყოველ დილა უფლის მადლიერებით უნდა დაიწყოს ადამიანმა, რომ არსებობ, რომ კი არ დაინახე,არამედ ახლაც ხედავ, კი არ გაიგონე _გესმის! შევცდი, მაგრამ გამოვასწორე. დავეცი – მაინც წამოვდექი. მიღალატეს, მაგრამ მე არ ვუღალატე. მივუტევე, მაგრამ მეორედ აღარ ვენდე. და მაინც, ჩემი მთავარი მიღწევა იცით, რა მგონია?! რომ სულ ვაწვებოდი სირთულეებს და ვიმარჯვებდი. ვიმსახურებ ბედნიერებას, იმიტომ რომ ქალი ვარ. მიუხედავად იმისა ,რომ ვარ დედა, მეუღლე, მეგობარი, უპირველესად ვარ ქალი – მებრძოლი, თავმდაბალი , შეუპოვარიც. ვიცი, რა მინდა და რა არა. საზოგადოება მიმიღებს ისეთს, როგორიც ვარ. დიახ, ქალი ვარ, მაგრამ ქალამდე ვარ ინდივიდი , სრულუფლებიანი ადამიანი!!! აი ,ამ რწმენით მოვედი დღემდე! რწმენით და ამბიციით, რომ მე ვარ ქართველი ქალი!

ილია ჭავჭავაძის პოემის ,, ქართვლის დედას” შთამომავალი, ანარეკლი, რომელიც მტერს ხანჯლით, მოყვარეს კი ღვინით უმასპინძლდება.

ქალბატონ მელანის მიაჩნია, ქალი საზოგადოების სრულყოფილი წევრია. ქალს შეუძლია იყოს ერთდროულად დედა, აღმზრდელი, ექიმი, პედაგოგი, პოლიტიკოსი და სხვა უამრავი როლი მოირგოს. ამბობს, რომ თანამედროვე ცხოვრებამ საგრძნობლად შეუცვალა ოჯახს სტრუქტურა და ტრადიციული მოვალეობებიც ისეთი მყარი აღარ არის.

 

  • სულ უფრო მეტი ქალია დასაქმებული სახლის გარეთ და სულ უფრო მეტი კაცი ერთვება ბავშვების აღზრდაში. რეალურად, სივრცე განსხვავებულ გენდერებს შორის მცირდება. თანამედროვე საზოგადოება ცდილობს შექმნას თანასწორი საზოგადოება და თანასწორი ბალანსი. სტერეოტიპები ხშირად ხელს უშლის ოჯახურ ბედნიერებასა და სიმყარეს, ამიტომაც დღითიდღე იზრდება ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალადობა ქალზე. მხოლოდ ჯანსაღი დედა აღზრდის ჯანსაღ შვილს, ამიტომ უპირველესად უნდა ვიბრძოლოთ ქალზე ფსიქოლოგიურ ზედაწოლისა და ძალადობის მოსპობაზე. არა მხოლოდ პროზა- პოეზიაში ან გაშლილ სუფრაზე არამედ ქალი უნდა იყოს ქალღმერთივით რეალურ ცხოვრებაშიც. საზოგადოებაში არ უნდა დგეს მუდამ ქალის განსჯის საკითხი. პირბელ რიგში ქალმა უნდა გაიტანოს ქალი, შეიფაროს, შეიხორცოს, გვერდით დაუდგეს. ქალმა არ უნდა უღალატოს ისევ ქალს. ქალს უნდა ახარებდეს ქალის წარმატება და ასევე, ტკიოდეს ქალის ტკივილი.

ქალბატონებს, რომლებიც ახკა იწყებენ საკუთარ ცხოვრებაში, ბიზნესსა თუ პროფესიაში პირველი ნაბიჯების გადადგმას, საკუთარი გამოცდილებიდან ურჩევს, რომ გაითავისონ, რომ ყველაფერი იწყება მათგან.

 

  • უმთავრესია ფიქრი, გათავისება, რა მსურს და რა არა. რა მოხდება,თუ ვერ მივაღწევ შედეგს? დაეკითხეთ გამოცდილ პროფესიონალ მენეჯერებს, ფსიქოლოგს. მთავარია, იცოდე, ნამდვილად გინდა თუ არა რაზედაც ფიქრობ. დაწყება ყოველთვის საქმის ნახევარზე მეტია. გჯეროდე გამარჯვების. თუ პირველ ცდაზე ვერ გაიმარჯვე, დაფიქრდი – სად დაირღვა ბალანსი და მეორედ მოსინჯე! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

 

  • ბავშვობიდან მიყვარს ძველი ბერძნული კულტურა, ფილოსოფია… ერთ-ერთი მათგანი პითაგორას თეორია, რომელმაც მასწავლა მთავარი: დასაწყისი მთლიანის ნახევარია. პირველი კანონი საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა უნდა იყოს. თუ არ შეგიძლია ერთგული მეგობრის ყოლა, თავად იქეცი მეგობრად საკუთარი თავისთვის . ნუ გააკეთებ შენი სხეულისგან კუბოს შენი სულისთვის. ნუ დაედევნები ბედნიერებას,ის ყოველთვის შენ შიგნითაა. დადუმდი ან თქვი დუმილზე უკეთესი . რასაც არუნდა ფიქრობდნენ შენზე, აკეთე ის რაც სამართლიანად მიგაჩნია!

კომენტარის დატოვება