ნოემბერი 24, 2024 01:48

ქალბატონი თამარ მახარაშვილი დაჯილდოვდა ნომინაციაში „განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის -2022″

თამარ მახარაშვილმა წარჩინებით დაამთავრა ბორჯომის ნომერ პირველი საშუალო სკოლა. ასევე, წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, მიენიჭა აღმოსავლეთმცოდნე – ფილოლოგის (ებრაისტი) კვალიფიკაცია და მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

მან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა ასპირანტურის კურსი ებრაულ-არამეული ფილოლოგიის განხრით.

იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუდაიკის კაბინეტის ლექტორი, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ებრაული ენის ლექტორი და დღემდე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების ცენტრის ებრაული ენის ლექტორი.

ქალბატონი თამარი წლების განმავლობაში მუშაობდა ისეთ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, როგორებიცაა: საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე; დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მინისტრის მოადგილე; საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მრჩეველი; საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ დირექტორი; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის „პროფესიული კვალიფიკაციათა განვითარების ხელშემწყობი პროგრამის“ მენეჯერი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე.ამჟამად გახლავთ განათლების მინისტრის პირველი მოადგილე.

თამარ მახარაშვილი არის ავტორი “დედა-ენა” – იაკობ გოგებაშვილის მიხედვით ებრაულ ენაზე, ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელებისთვის.

მას გავლილი აქვს ისრაელის სარ ჰა არონის კურსები სამთავრობო უწყებებში მართვა-მენეჯმენტის მიმართულებით და სტაჟირება ისრაელის ჰარ-ჰაცოფიმის უნივერსიტეტში.

1997 წლიდან დღემდე, კვლევის ძირითად სფეროში გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია.

„ლიდერ ქალთა საზოგადოებამ“ ქალბატონი თამარ მახარაშვილი დააჯილდოვა  ნომინაციაში „განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის -2022″.

კომენტარის დატოვება