აპრილი 19, 2026 05:47

ნომინაციაში „წლის წარმატებული მეწარმე ქალი – 2026“ წარდგენილია ლელა გიორგაძე

„ფერფლიდან აღმდგარი“ — ლელა გიორგაძე, შეფ-მზარეული და კომპანია „ლემა-7“-ის დამფუძნებელი

 

ლელა გიორგაძის ისტორია არ არის წარმატების ჩვეულებრივი ამბავი. ეს არის ადამიანის ამბავი, რომელმაც უამრავი დაბრკოლების მიუხედავად მაინც გაიმარჯვა. თავად ამბობს: „ეს იყო გამარჯვება პროვინციელი გოგოს, რომელიც რელიგიას შეეწირა ნადრევი ქორწინებით და ფერფლიდან, არაფრისგან შეიქმნა.“

 

15 წლის ასაკში იძულებითმა ქორწინებამ ლელას წაართვა ის, რაც ყველა ბავშვს ეკუთვნის — მომავლის პერსპექტივა, ოცნება, თავისუფლება. 19 წლისა იგი უკვე სამი შვილის დედა იყო. სხვისთვის ეს შეიძლება ყოფილიყო საბოლოო წერტილი. ლელასთვის კი ეს სწორედ ახალი დასაწყისი აღმოჩნდა. „დედობამ მომცა ძალა, რომ ჩემ შვილებს არ გაევლოთ გზა, რომელიც მე გავიარე,“ — ამბობს იგი.

 

პირველი ნაბიჯი პატარა იყო — მუშაობა პატარა სოფლის საბანკეტო დარბაზში. მაგრამ სწორედ იქ იგრძნო ლელამ, რომ მისი ადგილი სამზარეულოში იყო. ეს შეგრძნება გახდა ის საყრდენი, რომელსაც შემდეგ მთელი მისი ცხოვრება დაეშენა.

 

24 წლის ასაკში მან ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება მიიღო — მარტო დარჩა. მიხვდა, რომ გარემო, რომელშიც ცხოვრობდა, არა მხოლოდ არ ეხმარებოდა ოცნებების ასრულებაში, არამედ ნელ-ნელა ანადგურებდა კიდეც. „როცა დედა მარტო რჩები, ორი არჩევანი გაქვს — ან დანებდე, ან აღდგე. მე აღდგომა ვარჩიე,“ — ყვება ლელა.

 

მოჰყვა ემიგრაცია — მარტოობა, სიძნელეები, ემიგრანტის ტკივილი. მაგრამ სწორედ იქ გაუმძაფრდა რწმენა, რომ თავისი საქმე საკუთარ ქვეყანაში უნდა ეკეთებინა. დაბრუნდა, გახსნა პატარა რესტორანი და სწორედ აქედან დაიწყო მისი ნამდვილი ზრდა.

 

პატარა რესტორნიდან — დიდი კომპანიის მენეჯერობამდე. მენეჯერობიდან — დირექტორობამდე. დღეს ლელა გიორგაძე კომპანია „ლემა-7“-ის დამფუძნებელია, ტენდერის გზით უზრუნველყოფს მსხვილი კომპანიის პერსონალის კვებას და წარმატებით აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა კომპანიებთანაც. უფრო მეტიც, სანამ ეს სტატია დაიწერებოდა, მან კიდევ ერთ კომპანიასთან წარმატებით დაასრულა ხელშეკრულება და ტენდერის საფუძველზე მათი კვებაც აიღო. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მის პროფესიულ გზაზე და ნათელი დასტურია იმისა, რომ მისი შრომა მუდმივად ახალ შედეგებს იძლევა.

 

ლელა ამბობს, რომ მისი ყველაზე დიდი მიღწევა შვილებია — მათ მისცა ის, რაც ცხოვრებამ თავად წაართვა. საკუთარ ძლიერ მხარედ კი „მკაცრ სიჯიუტეს“ ასახელებს — იმ სიჯიუტეს, რომელიც სხვისთვის შეიძლება ნაკლი იყოს, მისთვის კი გადარჩენის იარაღად იქცა.

 

პროფესიული განვითარება ლელასთვის უწყვეტი პროცესია — ესწრება ტრენინგებს, კითხულობს, მუდმივად ცდილობს იყოს იმ გარემოში, სადაც ჯანსაღი აზრი, განვითარება და წინსვლა პრიორიტეტია. წარმატებასაც განსაკუთრებულად განმარტავს: „ყველაზე დიდი გამარჯვება მაშინ არის, როდესაც მატერიალურ წარმატებას მიაღწევ და ამის შემდეგ არ ივიწყებ შენს ირგვლივ იმ ადამიანებს, ვინც ჯერ ვერ მიაღწია იმას, რასაც შენ მიაღწიე.“

 

ახალგაზრდა ქალებს კი ლელა განსაკუთრებით გულწრფელად მიმართავს. ამბობს, რომ ხშირად ესმის ქალებისგან ფრაზები: „ნეტავ მეც შემეძლოს შენსავით… შენ შეგიძლია, მე ვერ შევძლებ… საიდან ამდენი გამბედაობა?“ მის პასუხი კი ყოველთვის ერთი და იგივეა — თუ არ დაიწყებ, ვერასოდეს გაიგებ, სად შეიძლება გაგიმართლოს ცხოვრებაში. საკმარისია ერთხელ მაინც დაისახო მიზანი და ნამდვილად გადაწყვიტო, რომ წარმატებას უნდა მიაღწიო — განსაკუთრებით მაშინ, როცა ზურგს უკან დაკარგული ცხოვრება და შვილების მომავალი დგას. სწორედ ასეთ დროს, მისივე თქმით, თითქოს არსაიდან ჩნდება შანსი. მთავარი დაწყებაა. მთავარი ის არის, რომ არ შეგაშინოს ფიქრმა — „ხალხი რას იტყვის?“

 

და კიდევ ერთ ძალიან ძლიერ სათქმელს ტოვებს: „როცა უკან ვიყურები, ვხვდები, რომ ნულიდან დაწყება კი არ იყო ყველაზე ძნელი — ყველაზე რთული ის იყო, როცა საკუთარ თავს ნულად ვგრძნობდი.“

 

ლელა გიორგაძის გზა სრულად ნამდვილად ვერ გადმოიცემა სიტყვებით — თავადაც ამბობს ამას. მაგრამ ის, რაც ამ გზიდან აშკარად ჩანს, ნათელია: ეს არის ქალი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება ნულიდან ააგო — საკუთარი ხელით, საკუთარი ნებით, საკუთარი სიმტკიცით — და ეს ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, შვილებისთვის.

კომენტარის დატოვება