მარტი 29, 2024 05:06

ნომინაციაში ,,სიკეთის კვალდაკვალ – 2023” წარმოგიდგენთ ,,დედების ფონდი”-ს დამფუძნებელს ვიკა ჩიმჩიურს

 

ქალბატონი ვიკა ჩიმჩიური გახლავთ საქველმოქმედო ორგანიზაცია „დედების ფონდი”- ს დამფუძნებელი.

,,დედების ფონდი” შექმნილია სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანების დასახმარებლად, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა საკუთარი ფინანსებით იმკურნალონ. ასევე, ფონდი ეხმარება სოციალურად დაუცველ და რთულ ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს საკვებით, მედიკამენტებით და ტანსაცმლით.

ფონდი აქტიურად განაგრძობს განვითარებას, სხვადასხვა ღონისძიებისა და პროექტის განხორციელებას.

ჯერ კიდევ 2016 წელს სოციალურ ქსელში გამოჩნდა დედების ჯგუფი, რომელიც ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებას ემსახურებოდა. მალევე ჯგუფი ძალიან გაიზარდა და ათასობით დედა შემოიერთა, ჯგუფში დაიწყო სასიკეთო საქმეების კეთება, ერთმანეთის შვილებზე ზრუნვა…. მოგვიანებით კი ჯგუფის ერთ-ერთი დედის შვილს მძიმე დიაგნოზი აღმოაჩნდა, ვინაიდან მშობელი მკურნალობის ხარჯებს ვერ სწვდებოდა, ჯგუფის დედებმა თანხის მობილიზება დაიწყეს და ასე გადარჩა ერთი სიცოცხლე რის შემდეგაც დაიბადა იდეა, შექმნილიყო ,,დედების ფონდი”.

მას შემდეგ დედების ფონდი აერთიანებს მილიონობით შემომწირველს და  არაერთი სიცოცხლე ჰყავს გადარჩენილი . აღსანიშნავია, რომ 2016 წელს დაწყებული საქმიანობა დღეს არის უფრო მასშტაბური, ვითარდება ყოველდღიურად და განაგრძობს სასიკეთო საქმეების კეთებას.

-ქალბატონო ვიკა ის რომ ქალი ხართ, რამდენად გიწყობთ ხელს თქვენი საქმიანობის წარმართვაში?

-ვინაიდან ჩემი საქმიანობა პირდაპირ კავშირში არის დედობასთან, ბავშვების დახმარებასთან, მარტოხელა დედებთან და ა.შ ის , რომ ვარ ქალი ძალიან მეხმარება, რადგან მე ძალიან კარგად მესმის დედების საჭიროებები, შემიძლია სწორად დავინახო არსებული მდგომარეობა, გავაანალიზო, მეტად მივიტანო გულთან ახლოს და შევძლო მაქსიმალური თანადგომა.

-რას თვლით თქვენს მთავარ მიღწევად?

-ჩემი მთავარი მიღწევაა, რომ შევძელი ასი ათასობით ქალბატონის ნდობის მოპოვება და მათი გაერთიანება ერთი მიზნის გარშემო. ასევე, მნიშვნელოვანია ამ ნდობისა და ემოციური მუხტის შენარჩუნება წლების განმავლობაში. ვფიქრობ, რომ თუ სიკეთის კეთება არ შეგიძლია მაშინ არც ცხოვრობ.!

-რაც შეეხება ქალის როლს, იგი  უმნიშვნელოვანესია საზოგადოების შექმნასა და განვითარებაში, ქალი ხაზს უსვამს ისეთ სოციალურ პრობლემებს, როგორიცაა ძალადობა, მარტოხელა დედობა, შვილის გაზრდა-აღზრდა,განვითარება და ყველა ის საკითხი, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ახალი თაობის ჩამოყალიბებაში.

-რას ურჩევთ ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ თავიანთ პროფესიასა თუ ბიზნესში პირველ ნაბიჯებს?

-პირველ რიგში მნიშვნელოვანია ყურადღება არ მიაქციოს საზოგადოებრივ დოგმებს, დაიცვას საკუთარი უფლებები და დაამტკიცოს, რომ ქალის შესაძლებლობებს არ აქვს საზღვარი.

ნებისმიერი დაბრკოლება შესაძლებელია აქციო მიზნისკენ მიმავალ ნაბიჯად, გამოცდილებად. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიო პარტნიორი, რომელიც სწორად აღიქვამს ქალის განვითარებას და წარმატებას.!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.