მაისი 29, 2024 22:10

“წარმატებული ფლორისტი და დიზაინერი 2023”- იზა მახარაშვილი

ლიდერ ქალთა საზოგადოება ნომინაციაში “წარმატებული ფლორისტი და დიზაინერი 2023” წარმოგიდგენთ ქალბატონ
იზა მახარაშვილს.
ქალბატონი იზა კახეთიდან, კერძოდ გურჯაანიდან გახლავთ. სწორედ ეს ქალბატონია აშკარა მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება თავდაუზოგავი შრომის, რწმენის, ყველა შანსის ადეკვატურად გამოყენების შემთხვევაში მიაღწიო დასახულ მიზანს, გახდე წარმატებული და შენი ბიზნესი კიდევ უფრო მეტად განავითარო.
ქალბატონ იზას აქვს საკუთარი ბიზნესი, ყვავილების მაღაზია “ახარე” გურჯაანში. მაღაზია გამოირჩევა ყვავილების ფართო არჩევანით, ხელმისაწვდომი ფასებით, საუკეთესო მომსახურებით და გემოვნებიანი, ხარისხიანი, მთელი გულით შექმნილი თაიგულებით.
ქალბატონი იზა საკუთარი ყვავილებითა და დიზაინით აფორმებს დღესასწაულებს, ღონისძიებებს, ქორწილებს…
ამბობს, რომ უამრავი კმაყოფილი მომხმარებლის არსებობაა მისი მთავარი სტიმული, რომ აკეთოს უფრო მეტი და მუდამ იზრუნოს განვითარებაზე.
▶️სიმართლე გითხრათ, ძალიან პატარა ასაკში დავიწყე ბიზნესის კეთება, თან მინიმალური სახსრებით. მაშინ ეს საარსებოდ აუცილებელი იყო ჩემთვის, თუმცა იმდენად შემიყვარდა, იმდენად ბევრი შრომა ჩავდე მასში, რომ თანდათან განვითარდა და ჩემი ბიზნესი ახლა ჩემთვის ხელოვნებაა, საყვარელი და წარმატებული საქმეა.
მიაჩნია, რომ საკუთარ სქესი არანაირად არ ყოფილა დაბრკოლება წარმატების გზაზე.
▶️ბიზნესის კეთებას სქესი არ აქვს, თუკი ხარ მიზანსწრაფული და დამოუკიდებელი. მე ძალიან ახალგაზრდამ დავიწყე ჩემი ოცნების ახდენა. გამოუცდელიც ვიყავი, თუმცა საქმის სიყვარულმა, სწავლამ ბევრი დაბრკოლება გადამალახინა. აქტიურად ვმონაწილეობ სხვადასხვა შეხვედრებში. მახარებს ის ფაქტი, რომ უამრავი პროექტია, რომლებიც მხარს გვიჭერს და გვეხმარება რეგიონში მცხოვრებ ქალებს.
ამბობს, რომ მუდმივად სწავლის პროცესშია და წინ უამრავი გამოწვევა და მიზანია, თუმცა მიაჩნია, რომ ამ ეტაპისთვის მისი მთავარი მიღწევა მისი დამოუკიდებლობაა.
▶️ჩემი მთავარი მიღწევა არის ის, რომ ვარ აბსოლიტურად დამოუკიდებელი და ბევრი პრობლემის მიუხედავად, მყარად ვდგავარ ფეხზე. უმთავრესი მიღწევაა ასევე ის, რომ ჩემი ყვავილები, ჩემი შექმნილი თაიგულები, მოსწონთ ხალხს, თამამად მენდობიან და ძალიან შემიყვარეს.
ფიქრობს, რომ მუდმივად ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ქალები საზოგადოების სუსტი კი არა, ძალია ძლიერი წარმომადგენლები არიან.
▶️ქალს უდიდესი როლი აქვს საზოგადოებაში. ვისურვებდი, რომ ყველა ქალი იყოს დამოუკიდებელი და შეეძლოთ საკუთარი ოცნებებისა და მიზნების განხორციელება.
ქალბატონი იზა ქალებს, რომლებიც ამჟამად დგანან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინაშე პირად ცხოვრებასა თუ კარიერაში, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ურჩევს, რომ არ შეუშინდნენ დაბრკოლებებს, იპოვონ საკუთარ თავში ძალა, შეცდომებზე ისწავლონ და უკეთესობისკენ შეცვალონ თავიანთი ცხოვრება.

კომენტარის დატოვება