სექტემბერი 26, 2022 01:07

შეხვედრა პარლამენტში ქართული დიასპორის წარმოადგენლებთან ერთად

დღეს, 31 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის ორგანიზებით საქართველოს პარლამენტში გაიმართა შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენდნენ კოვიდის პერიოდში შექმნილი კრიზისულ ცენტრებში მოღვაწე სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი ქართველი ემიგრანტები. მათი უმრავლესობა ქალბატონები გახლდნენ.

დიასპორის წარმომადგენლებთან  ერთად პარლამენტში გამართულ მიღებაზე  ქალბატონი ინნა ასანიძის მიწვევით იმყოფებოდნენ „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ წარმომადგენელი ქალებიც.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქართველ ემიგრანტებს გულთბილი მიღება მოუწყვეს, ზოგადად და განსაკუთრებით კოვიდ -პანდემიის პერიოდში გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს და სიგელებით დააჯილდოვეს.

შეხვედრას უძღვებოდა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.

ასევე დიასპორის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართეს და სიგელების გადაცემის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა:

პარლამენტში ახლადშექმნილი ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რიმა ბერაძემ, პირველმა ვიცე-პრემიერმა გია ვოლსკიმ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან იოსელიანმა,  „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელმა  ფრიდონ ინჯიამ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი ზარქუამ, დეპუტატებმა დავით სონღულაშვილმა და გივი ჭიჭინაძემ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელმა ირმა ზავრადაშვილმა,პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯომარის პირველმა მოადგილემ ეკა სეფაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა და ამავე კომიტეტის ხათუნა კვიციანმა.

მათ მადლობა გადაუხადეს  ქართული დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისათვის,  ქვეყნის დახმარებისა და საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი სხვა თანამემამულეების დახმარებისთვის.

პარლამენტის წევრებმა დადებითი შეფასება მისცეს  „ლიდერ ქალთა ორგანიზაციის“ საქმიანობას და რამდენიმე მათგანმა ქვეყანაში ქალთა როლისა და დღევანდელი შეხვედრის შესახებ საკუთარი დამოკიდებულება გაგვაცნო:

ლადო კახაძე:

საქართველო თავისი შინაარსით არის ტრადიციული და კონსერვატიული. ერთიც და მეორეც პირდაპირ უკავშირდება ქალს. მე ხშირად მითქვამს,ქალი და კაცი საქართველოში თანასწორი ვერ იქნება ვერასოდეს, რადგან ქალი გაცილებით მაღლა დგას. ეს თემა რჩება მუდმივ ლაიტმოტივად ჩვენთვის ნებისმიერი ნორმატიული აქტის მიღებისას და ამ მხრივ ბევრი რამ არის შესაცვლელი. არა მხოლოდ უფლებრივ ნაწილში, არამედ ქალის მიმართ ვალდებულების, დედის მიმართ ვალდებულებების თვალსაზრისით.

ირაკლი ზარქუა:

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, იმისთვის რომ მაქსიმალურად იყვნენ ქალები ჩართულები მათ შორის პოლიტიკაში,, ბიზნესში, თვითმართველობებში. მე მგონია, რომ ჩვენ ერთმანეთი გავაძლიეროთ, ხელი შევიწყოთ. ჩვენი მინისტრების უმრავლესობა ქალები გახლდნენ, გვყავს პრეზიდენტი ქალბატონი…პირადად მე და მთელი ჩემი გუნდი აქცენტირებულები ვართ, რომ მეტი ქალი გვყავდეს პოლიტიკაში, ამისთვის კანონიც კი მივიღებთ და ჰქონდეთ მათ მეტი ჩართულობა ყველა საქმიანობაში.

ლევან იოსელიანი:

 ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ვინც წარმატებას მიაღწიეს უცხო ქვეყანაში ჩართულები იყვნენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებასა თუ ეკონიმიკაში. მათ უნდა იცოდნენ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, როგორია ზოგადი განწყობები, ასევე უნდა ჰქონდეთ არჩევნებში სრულყოფილად მონაწილეობის შესაძლებლობა და დღესდღეობით ამის შესაძლებლობა არის, რომ ეს პრობლემა დაიძლიოს და ჩვენი ემიგრაცია სრულყოფილად ჩაერთოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

ქალთა როლის შესახებ კი, ალბათ, ჩვენი პარტიის გადაწყვეტილება მეტყველებს, როდესაც საპარლამენტო სიაში ყოველი მესამე ქალბატონი წარვადგინეთ, ხოლო ყოველი მეორე თვითმართველობის არჩევნების სიაში.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქალების ჩართულობა გადამწყვეტია და რაც მეტი ქალბატონი იქნება ჩართული პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში და უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ მოკლე დროში, ამაში მე ღრმად ვარ დარწმუნებული და ყველა ჩემს აქტივობაში, პარტიული იქნება ეს თუ სხვა, ქალები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები. დავაკვირდი, რომ სადაც ქალები არიან, იქ ნაკლები კონფლიქტია!

 ბექა ოდიშარია:

ყველა ნიჭიერი და განათლებული ადამიანი უნდა იყოს ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელსაც შეესაბამება მისი ე.წ. სქილები. რაც შეეხება პოლიტიკაში ქალთა აქტიურ მონაწილეობას, ჩვენმა პარტიამ უზრუნველყო ეს, თუნდაც კვოტირების დონეზე, ასევე თქვენ ნახეთ, რამდენი ქალი პოლიტიკოსი ესწრებოდა თუნდაც დღევანდელ ღონისძიებას. ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ქალთა როლის წამოწევა მუდმივად წახალისდება.

რიმა ბერიძე:

ქალების ჩართულობა ძალიან  მნიშვნელოვანია, რადგან ქალს ძალიან ბევრი საქმის გაკეთება შეუძლია. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ყველა ტიპის საქმიანობაში. პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ არ არსებობს თემა, საკითხი, რომლებსაც დიდი პასუხისმგებლობითა და გულისყურით არ ვუდგებით: ეს იქნება პრობაციონერი ქალების რესოციალიზაცია, მარტოხელა დედების დახმარება, ბიზნესმენი ქალბატონების ხელშეწყობა და სხვა. ჩვენი ხელისუფლება და ახლადშექმნილი ქალთა ორგანიზაციიის მუშაობა მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს ჩართული პოლიტიკაში, ბევრი ქალი იყოს ხელშეწყობილი და ბევრი ქალი დასაქმდეს, შევძლოთ მათი რეალიზება. ვაპირებთ ბიზნესმენი ქალბატონებისა და განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ხელშეწყობას, რადგან სწორედ ახალგაზრდიბა არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.