მარტი 29, 2024 12:40

„სტერეოტიპების მსხვრევა – წარმატებული ბაიკერი და სასწრაფოს მძღოლი ქალი -2022“- ნანა მამუკაშვილი

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში  „სტერეოტიპების მსხვრევა – წარმატებული ბაიკერი და სასწრაფოს მძღოლი ქალი -2022“ წარმოგიდგენთ ძლიერ და ლამაზ ქალბატონს,
 ნანა მამუკაშვილს.   
ნანა პროფესიით იურისტია. დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი „ალმა მატერი“ სისხლის სამართლის მიმართულებით. დაიწყო ამ სფეროში მოღვაწეობა, მაგრამ ოჯახური პირობებიდან გამომდინარე მოუწია საცხოვრებლად საზღვარგარეთ გადასვლა, რამაც გამოიწვია მისი დისტანცირება პროფესიიდან, რამაც საბოლოოდ ჩამოაშორა კიდეც მას.
მოტოციკლეტი მის ცხოვრებაში სულ იყო, რადგან მისი მშობლები ავტომოყვარულები გახლდნენ და ნანაც პატარობიდანვე მართავდა მას. გათხოვებამ, შვილის გაჩენამ თავის საყვარელ ბაიკს ცოტა ხნით დააშორა. იყო სტერეოტიპული წინააღმდეგობებიც თუნდაც ოჯახის წევრების ნაწილის მხრიდან, რომ გათხოვილი ქალისთვის ბაიკერობა წარმოუდგენელია, მაგრამ მამისა და მამამთილის მხარდაჭერით ის კვლავ დაუბრუნდა თავის საყვარელ საქმიანობას:
„ხშირად მეუბნებიან, რომ ბაიკის მართვა ჩემი ჰობია, თუმცა ეს ასე არ არის. მოტოციკლის მართვა არის ჩემი ცხოვრება, ჩემი სიცოცხლისა და ახალგაზრდობის მთავარი წყარო. მე მისთვის ვიპრანჭები. სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ასეა. ვარჯიში იმიტომ დავიწყე, რომ ასაკთან ერთად არ დამეკარგა ფორმა და ბაიკს ისევ ძველებურად მოვხდენოდი. 50 წლის ასაკშიც ვცდილობ, ისეთ ფორმაში ვიყო, რომ ლამაზად გამოვიყურებოდე მოტოციკლზე.“
სტერეოტიპების მსხვრევა მის ცხოვრებაში გათხოვების შემდეგ მოტოციკლის მართვით არ დამთავრებულა. ხელისშემშლელი გარე ფაქტორების გამო, რაც მას, როგორც ქალს, პროფესიულ განვითარების გზებს უკეტავდა, მან გადაწყვიტა პროვოკაციული განაცხადი გაეკეთებინა და დასაქმებულიყო ისეთ ადგილას, სადაც ქალი ჯერ არ ყოფილა. სისწრაფიდან პირდაპირ სასწრაფოში გადაინაცვლა და ნანა სასწრაფოს მძღოლი პირველი ქალია.
იხსენებს, რომ როცა 112-შო მივიდა და გამოთქვა სურვილი ემუშავა სასწრაფოში მუშაობა, არავის არ უფიქრია, რომ მძღოლობა სურდა და ექიმის ლიცენზია სთხოვეს. პასუხმა კი ყველა ძალიან გააოცა და მის შესაძლებლობებშიც კი დააეჭვა, მაგრამ როცა აღმოაჩინეს, რომ საკმაოდ რთულად სამართავი მოტოციკლით იყო მისული და მართვის დიდი გამოცდილება ჰქონდა, თან ყველა წინაპირობა წარმატებით დაძლია, უყოყმანოდ მიიღეს სამსახურში და მას მოტოს მართვისაგან გამომუშავებულ ყველა უნარს, ეს იქნება სისწრაფე, ყურადღება, ექსტრემალურ სიტუაციებთან გამკლავება, ცუდ გზებსა და ამინდებში კარგი მანევრირება, წარმატებით იყენებს სიცოცხლის გადარჩენისაკენ მიმავალი სასწრაფოს მანქანის საჭესთან მჯდარი.
„თუ ექიმები კურნავენ პაციენტებს წამლებით, მე ვკურნავ ღიმილით. უკვე 7 წელია სასწრაფოს მძღოლად ვმუშაობ და დღემდე გაოცებას იწვევს საზოგადოებაში. ჩემს დანახვაზე ყველა იღიმის, განურჩევლად ასაკისა და მიხარია, რომ ვამსხვრევ სტერეოტიპებს და ვამკვიდრებ აზრს, რომ ქალებსაც ასევე წარმატებით შეგვიძლია შევითავსოთ მსგავსი პროფესიები.“-გვიყვება ნანა.
ამბობს, რომ სწორედ იმან, რომ როგორც ქალს არ მისცეს განვითარების საშუალება, დაბლოკეს პროფესიულ ასპარეზზე, არსებულმა პრობლემებმა გენდერულ თანასწორობაში, მიიყვანა სწორედ ამ სტერეოტიპების დამსხვრევის ცდამდე.
„როდესაც გრძნობ, რომ გაბულინგებენ, უკან გწევენ, ხელს გიშლიან, როგორც ქალს, გიჩნდება პროტესტი და სურვილი, ებრძოლო ამ ყველაფერს არა მუშტით, საქმის გარჩევით, მეუღლის მფარველობით და ა.შ. არამედ შენი თავის სწორად წარმოჩენით, იმის დამტკიცებით, რომ შენც წარმატებით შეგიძლია გააკეთო საქმე, თუნდაც ის, რომელიც მამაკაცის საქმედ მიიჩნევა. მე ვარ ქალი, რომელიც ვაღიარებ სხვადასხვა სქესს, ქალისა და კაცის განსხვავებულობას, მაგრამ არა საქმეში. საქმესა თუ პროფესიებში ჩვენ აბსოლუტურად თანასწორნი ვართ და ქალებს ზუსტად იგივეს ან უფრო მეტის გაკეთება და სახელმწიფოსთვის სარგებლის მოტანა შეგვიძლია, როგორც კაცებს.“
ხშირად იღებს კომპლიმენტებს, დადებით ემოციებსა და სითბოს საზოგადოებისაგან. აღნიშნავენ მის გარეგნობას. უკვირთ, რომ ასაკი ვერაფერს აკლებს და ბაიკზე კვლავ მომხიბვლელად და ყოჩაღად გამოიყურება. ამბობს, რომ როცა ქუჩაში მოტოციკლეტით მიდის, თავი წითელ ხალიჩაზე ჰგონია.
„ჩემს თანამშრომელ მამაკაცებს, გამოცდილ მძღოლებსაც კი უკვირთ, როგორ ვმართავ ამხელა ბაიკს. ბევრ მათგანს არათუ მართვა, ხელის ხლებაც კი აშინებს. მეუბნებიან, როგორ ვახერხებ ამხელა ბაიკის დამორჩილებას, სწრაფად მიმავალზე ფეხზე წამოდგომასა და ტრიუკების კეთებას , მაშინ, როცა მათ მისი გაგორებაც კი უჭირთ. ერთადერთი ქალი წარმომადგენელი ვარ ბაიკერების ძველი თაობიდან, მიხარია, რომ რამდენიმე გოგოსთვის ინპირაციის წყარო გავხდი და დაიწყეს მართვა.ბევრი ქალი მეუბნება, რომ ჩემთან შეხვედრის შემდეგ სიბერის არ ეშინიათ და მე ეს მახარებს. მოტოციკლს ჩემი ახალგაზრდობის ფორმულას ვუწოდებ, მიუხედავად ხიფათისა, არ მადუნებს და შემდეგ ყველა ის გამოცდილება,ყურადღების მობილიზება თუ სწრაფად მანევრირების უნარი, რომელსაც მისი მართვისას ვიძენ, ძალიან მადგება ასევე სასწრაფოს მანქანის მართვისას “.
სწორედ ფორმაში ყოფნის გამო შეისწავლა სპორტი, ფიტნესი, კვების ინსტრუქტორობა, ტრენერის პროფესია და თავის გამოცდილებასა და ცოდნას სხვებსაც მუდმივად უზიარებს.
ქალბატონ ნანას მიაჩნია, რომ ქალის როლი უმნიშვნელოვანესია საზოგადოებაში და ეს ასეა ისტორიულად. მიაჩნია, რომ ქალთა გაძლიერება უნდა იყოს წახალისებული, რადგან მიიჩნევს, რომ ქალზეა დამოკიდებული თვით მამაკაცების წარმატებაც:
„ვემხრობი იმ გამოთქმას, რომ მამაკაცი თავია და ქალი კი კისერი. კისრის გარეშე თავი ვერაფერს ვერ გააკეთებს, ვერ აირჩევს სწორ მიმართულებას, დაკარგავს ბალანს, სილამაზეს და ბევრ საჭირო უნარს. ქალთა როლი უმნიშვნელოვანესია ოჯახისა თუ საზოგადოების განვითარებაში. მნიშვნელოვანია, რომ ქალებმა საქართველოში ისწავლონ ერთმანეთის თანადგომა. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მუდმივად მაწუხებს, როცა განსაკუთრებით სო
ციალურ ქსელში ვხვდები ქალების მხრიდან სხვა ქალის ბულინგის, დამცირების, განსჯისა და შეურაცხყოფის შემთხვევებს.
მნიშვნელოვანია, გავერთიანდეთ და ქალებმა ერთმანეთს მუდმივად გავუწოდოთ დახმარების ხელი, რადგან ყველას არ აქვს საკმარისი ძალა, მხარდაჭერა, ხელშეწყობა და ჩვენ მათთვის უნდა ვიყოთ ზურგი, ძალისა და მაგალითის მიმცემი – სწორედ ესაა ჩემი მიზანი და „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ წევრობა სწორედ ამის საშალებას მაძლევს.“
მას სწამს ბუმერანგის პრინციპის და მიაჩნია, რომ რასაც გასცემ, აუცილებლად დაგიბრუნდება.
ქალბატონი ნანა ყველა ქალს ურჩევს, არასოდეს არაფრის ფასად არ თქვან უარი საკუთარ სურვილებსა და ოცნებებზე და არ დათმონ საყვარელი საქმე იმ ფიქრის გამო, თუ რას იტყვის ხალხი:
„ნებისმიერი გადაწყვეტილება, შეცდომაც კი არ ინანოთ, არ დაეცეთ და არ დანებდეთ. შეცდომების გარეშე ცხოვრება არ არსებობს, ტკივილი გასწავლის, როგორ წარმართო შენი ცხოვრება უკეთ. ადექით იმდენჯერ, რამდენჯერაც დაეცემით! არაფრის შეგეშინდეთ. მოიშორეთ იმაზე ფიქრი, თუ რას იტყვის ხალხი. მთავარია, რას იტყვით თქვენ და დამერწმუნეთ, თუ თავდაჯერებულები იქნებით, ისე მიგიღებთ საზოგადოება, როგოც თავს წარმოაჩენთ. ხალხი ყოველთვის იტყვის რამეს. დაცემულს თუ გაგაკრიტიკებენ, როცა წამოდგებით და მყარად დადგებით, აუცილებლად დაავიწყდებათ რაც ადრე იყო. არც ასაკს და არც საზოგადოების განწყობებს არ აქვს მნიშვნელობა. ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ შეცვალოთ ყველაფერი, მთავარია მიყვეთ ოცნებებს!“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.