ნოემბერი 24, 2024 11:36

„წლის წარმატებული მხატვარ-კურატორი-2022“ – სოფიო ქიზიყურაშვილი

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაზე „წლის წარმატებული მხატვარ-კურატორი-2022“ წარმოგიდგენთ  ქალბატონ სოფიო ქიზიყურაშვილს.

https://www.facebook.com/profile.php?id=100033237504307

ქალბატონი სოფიო პროფესიით მხატვარია, მისი მთელი ცხოვრებაც ამ პროფესიაც უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ბებია მომავალ  ექიმად ამზადებდა, მას ბავშვობიდანვე გული ხელოვნებისკენ მიუწევდა. როგორც თავად ამბობს, მისი მხატვრობისადმი ინტერესი იმ უბნის, მთაწმინდის დამსახურებაა, სადაც გაიზარდა. უბანში ხშირად იკრიბებოდნენ მხატვრები, იდგა საღებავის სუნი, ცხოვრობდნენ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, რაც ქალბატონი სოფიოს ინტერესს უფრო ამწვავებდა. თინეიჯერობის ასაკიდან ხატავდა, თუმცა ოჯახის წევრები უშლიდნენ, რადგან ის უფრო ექიმის პროფესიაში წარმოედგინათ, თუმცა მეამბოხე ხასიათის მქონე სოფიო ბოლომდე მიჰყვა საკუთარ ინტერესებს და ჩააბარა მ.თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში.

  • რაც მეტად მქონდა წინააღმდეგობა, მეტად მქონდა სურვილი, გავმხდარიყავი მხატვარი. ოჯახის უკითხავად, ჩუმად ჩავაბარე თოიძეში. ურთულესი პერიოდი იყო, 90-იანი წლები, არეულობა, მაგრამ ჩემთვის არანაირი დაბრკოლება არ არსებობდა, ჩემი სურვილისაკენ მიმავალ გზაზე.

მეამბოხე ხასიათი იქაც გადაჰყვა და ცდილობდა შეწინააღმდეგებოდა ხელოვანი ადამიანის ჩარჩოებში მოქცევის საბჭოურ სწავლების მეთოდებს. ცდილობდა, მეტად გამოეხატა საკუთარი თავი, საკუთარი თავისუფლება და სათქმელი, რომელიც ბევრი ჰქონდა მით უფრო, სამოქალაქო ომის ურთულეს პერიოდში.

  • სწავლის პროცესი ვერ ამართლებდა ჩემს მოლოდინებს. არ მომწონდა ჩარჩოებში ხატვა, მინდოდა მეტი შემოქმედებითი თავისუფლება და ვცდილობდი, ჩემებურად, ჩემეული ხედვით შემესრულებინა ყველა დავალება. ცალსახად მეამბოხე ვიყავი, თუმცა საბედნიეროდ, მყავდა მხარდამჭერი, ერთ-ერთი ლექტორის სახით, რომელიც ხედავდა ჩემს პოტენციალს და მგულშემატკივრობდა.

ამბობს, რომ მუდმივად ხატავდა და მთელი ოთახი სავსე ჰქონდა საკუთარი ჩანახატებით, ფერწერული ტილოებით, რომლებიც არასოდეს კომერციული მიზნით არ დაუხატავს და უმეტესი მათგანი მისი სათქმელის, შინაგანი სამყაროს, პრობლემებისა თუ ტკივილების ფურცელზე გადმოტანის მცდელობა იყო.

მოუწია მრავალ პრობლემასთან გამკლავება. ეს იყო: 90-იანი წლების  ცუდი ეკონომიური მდგომარეობისა, მარტოხელა დედობა… ბედი სცადა ბევრ სხვადასხვა საქმიანობაში, თუმვა ყოველთვის მისთვის მთავარი საქმე, რომელიც მოსწონდა, სულიერ კომფორტს უქმნიდა იყო და არის ხატვა.

  • ერთხელაც ხელი მოვხვიე ყველა ჩემს თინეიჯერობისდროინდელ ჩანახატს და 90-იანი წლების ცივ ღამეს მათით ავაგიზგიზე ცეცხლი ღუმელში. სასწაული შვება მომგვარა იმ დროს ამან, თითქოს ეს იყო ჩემთვის ერთგვარად პრობლემების წარსულში დატოვებისა და ახალ ცხოვრებასთან შეგებების აქტი. ახლა ცოტა გული მწყდება, რომ არცერთი ნახატი არ მაქვს წარსულიდან, როგორც ჩემი ისტორიის ნაწილი და ასევე პროგრესის შედარების საშუალება.

სულ ხატავდა და ხატავს, აქვს ხატვის საკუთარი სტილი. ყველა ნახატს აქვს დასახელება და საკუთარი სათქმელი.

პანდემიის პროცესში, როცა ყველასთვის მწვავედ იდგა თვითრეალიზაციის პრობლემა, ქალბატონმა სოფიომ, გარდა იმისა, რომ საკმაოდ ბევრი დრო დაუთმო ხატვას, ასევე იფიქრა სხვა შემოქმედებზეც.მან სოციალურ სივრცეში შექმნა ჯგუფი, სადაც შემოიკრიბა თანამოაზრეები, ხელოვანი ადამიანები. შემდეგ, როცა დავუბრუნდით ნორმალურ ცხოვრებას, ის შეეცადა ყველა მათგანისთვის მიეცა თვითგამოხატვის, ფართო აუდიტორიამდე მისთვლის შესაძლებლობა და დაიწყო გამოფენების ორგანიზება, უფრო იმიტომ, რომ მაქსიმალურად განსხვავებული სივრცეები შეეთავაზებინა მხატვრებისათვის, რასაც ხშირად სხვადასხვა შემოქმედებითი გაერთიანებები ვერ სთავაზობდნენ მათ.

პირველი გამოფენა, რომლის ორგანიზებაც ითავა იყო 2021 წლის 25 ოქტომბერს, გალერეა 9-ში, რომელიც პაბლო პიკასოს იუბილეს მიეძღვნა.

  • ამ გამოფენის შემდეგ, მუდმივად მიკავშირდებოდნენ ხელოვანი ადამიანები ჩემი ჯგუფიდან, მეკითხებოდნენ ხომ არაფერს ვაპირებდი. დავფიქრდი, რომ შემიძლია მათთვის რაღაცების კეთება, მაქვს რესურსი და შესაძლებლობა.მივხვდი, რომ ჩემს მიმართ ჰქონდათ ნდობა და მოლოდინი და არ შემეძლო, რომ უმოქმედოდ ვმჯდარიყავი. შესაბამისად, გამოფენების ორგანიზება, კურატორობა ჩემი პროფესია გახდა და ამ ერთი წლის განმავლობაში 5 გამოფენა გავაკეთეთ სხვადასხვა სივრცეში, 65 შემოქმედის ჩართულობით. მიხარია, რომ შემიძლია, ვემსახურო ხელოვნებას და ვეცადო, მივიტანო ის საზოგადოებასთან უფრო ახლოს და გავაცნო მათ სხვადასხვა ხელოვანი.

საკუთარი გამოცდილებიდან ამბობს, რომ ქალები ძლიერი არსებები არიან და ყველაფრის მიღწევა შეუძლიათ. საკუთარ პროფესიაზე ფიქრობს, რომ ქალისათვის არცთუ ისე ადვილია, რადგან მუდმივად სჭირდება მყუდრო სივრცე ხატვისთვის და ოჯახში ხშირად ამის მიღწევა ძალიან რთულია.

  • რამდენჯერ მომდომებია ხატვა, მომსვლია მუზა, მაგრამ არ გამოდიოდა გარემო პირობებიდან გამომდინარე.ადამიანს ნებისმიერ საქმეში სჭირდება მხარდაჭერა და შესაბამისი პირობები, ქალებს, სამწუხაროდ, უმეტესაც მუდმივად უწევთ სირთულეებთან დაბრკოლებებთან გამკლავება. მაგრამ ქალი სწორედ მაგიტომაც არის ყველაზე ძლიერი, რომ მიუხედავად პრობლემებისა, მაინც პოულობს საკუთარ თავში ძალას, რომ დაძლიოს ყველა სირთულე და მიაღწიოს წარმატებას. როცა ვხედავ შემდგარ ქალს, უკვე ვიცი, რომ მან აქამდე ძალიან დიდი პროცესი გამოიარა. მამაკაცებს თუ გარეგნულად აქვს კუნთები, ვამბობ, რომ ეს ქალებს შინაგანად გვაქვს, ბრძოლოსგან და პრობლემების დაძლევისგან ვართ გაძლიერებულები.

საკუთარ ნახატებთან განშორება უჭირს, რადგან ამბობს, რომ თითოეული მისი ნაწილია, ამიტომ იშვიათად ყიდის, ისიც, ძირითადად საქველმოქმედო მიზნით.

ამბობს, რომ მისი მთავარი მიღწევა ის მეგობრებია, რომლებიც პანდემიისას შემოიკრიბა გარს და რომ არა ისინი, ალბათ ისევ თავისთვის დახატავდა და სხვა არაფერი, თუმვა სწორედ მათ უბიძგეს მოერგო ახალი ამპლუა და აღმოეჩინა, რომ თურმე ეს საქმე შესანიშნავად გამოსდის.

ქალბატონებს ურჩევს, იყვნენ ძლიერები, რადგან ეს ძალა თითოეულ მათგანშია:

  • საკუთარ უნარებს ჩაუღრმავდით და გამოავლინეთ მაქსიმალურად! ნუ დააობებთ თქვენში არსებულ ნიჭებს, აუცილებლად გამოაღვიძეთ ისინი და გამოიყენეთ. გაბედეთ და გადადგით პირველი ნაბიჯი, რადგან სწორედ ეს პირველი ნაბიჯია მოგზაურობის დასაწყისი, მოგზაურობისა, რომელიც აუცილებლად მოგიტანთ სიამოვნებას და წარმატებას.

 

კომენტარის დატოვება