ნოემბერი 24, 2024 12:38

„წარმატებული დიზაინერი-2022“-თამარ რუხაძე

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში „წარმატებული დიზაინერი-2022“
წარმოგიდგენთ დიზაინერს, ვიზაჟისტსა და მოცეკვავეს, ქალბატონ თამარ რუხაძეს.
თაკო, როგორც უმეტესად მიმართავენ და რა სახელითაც პოზიციონირებს საკუთარი ბრენდი, აქტიური და მუდამ განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანია, რომელმაც მხოლოდ საკუთარი ძალებით შექმნა ყველაფერი.
გვიყვება, რომ ბავშვობიდან ჰქონდა შეხება მოდის ჟურნალებთან, მრავალფეროვან ნაჭრებთან, რადგან ბებო მუშაობდა აბრეშუმის ქარხანაში და მასალებთან ხელმისაწვდომობის პრობლემა არ იყო. თან ოჯახის წევრები არც ექსპერიმენტებს უშლიდნენ და აბსოლუტურად უწყობდნენ ხელს ეხატა და შეეკერა, რაც მას სურდა.
ამბობს, რომ მეამბოხე და შემოქმედებითი ხასიათი იყო, ალბათ, მიზეზი იმისა, რომ არასოდეს მოსწონდა ის ტანსაცმელი, რასაც ყიდულობდნენ მისთვის და ყოველთვის ცდილობდა უკეთ მოერგო, გადაეკეთებინა. ასევე ყოველთვის ცდილობდა, რომ თანატოლები დაეყოლიებინა ცვლილებებზე და გაეკეთებინა მათთვის მაკიაჟი, შეეცვალა ვარცხნილობა და სხვა.
მისი პირველადი პროფესია სწორედ ვიზაჟი გახლავთ, რადგან მუდამ მოსწონდა და აიტერესებდა ეს საქმე. გარდა ამისა, 21-წლიანი ქართული ცეკვების მოცეკვავის სტაჟი და მოცეკვავის გრიმის კეთების ცნობა ერთგვარი ბიძგი იყო, რომ ეს საქმე უფრო სრულყოფილად შეესწავლა.
• ვიზაჟის სიყვარული ჩემი შინაგანი სამყაროდან მოდის, მიყვარს ფერები, ცდები, მრავალფეროვნება. შესაბამისად, რაკიღა სულ მიყვარდა ეს საქმე და თუნდაც ცეკვისას ყველა გოგოს მე ვუკეთებდი გრიმს, დედამ შემომთავაზა, ხომ არ გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა და პროფესიად ამერჩია ვიზაჟი. შესაბამისად, ვისწავლე ეს საქმე უფრო სრულყოფილად და 20 წელია პარალელურად დიზაინისა ვაკეთებ ამ საქმეს, თუნდაც საკუთარი სიამოვნებისთვის და არა ფინანსური დაინტერესების გამო.
შემდეგი ეტაპი იყო საქორწინო კაბების სალონი, სადაც უკვე თავად უხდებოდა დიზაინის დახატვა და კერვაც. პარალელურად აცმევდა პატარებს სილამაზის კონკურსებზე გამოსასვლელად.
რაკიღა მუდმივად სიახლეების ძიებაში იყო, სამკაულების კეთებაც სცადა. სწორედ სამკაულებმა მოუტანა მას პირველი აღიარება. იმდენაც დიდი იყო მოწონება და ინტერესი მისი ნაკეთობების მიმართ, რომ სამკაულების 11 პერსონალური ჩვენება გამართა, რომელსაც აშუქებდა უამრავი მედიასაშუალება.
სამკაულებით მოპოვებული ცნობადობის შემდეგ, გადაწყვიტა საქორწინო კაბების სალონის დახურვა და ბედი სცადა კომპანია „მერი ქეიში“, სადაც ასევე წარმატებას მიაღწია და საქართველოში გახდა ერთ-ერთი ლიდერი. ის კურირებდა გაყიდვებს, ატარებდა მასტერკლასებს, ქალბატონებს ასწავლიდა კანის მოვლას და სხვა.
პარალელურად მუდმივად კერავდა ახლობლებისთვის. მისი ნამუშევრები მოწონებას იმსახურებდა და სთხოვდნენ, რომ მათთვისაც შეეკერა. ეს იყო ინსპირაცია თაკოსთვის, რომ ეცადა საკუთარი ბრენდის დაარსება.
ამბობს, რომ სულ 5 მოდელით დაიწყო, თუმცა თაკო რუხაძის ატელიე უკვე 5 წელია აქტიურად და წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე.
• პირველი მოდელები მეორე დღეს გაიყიდა და მივხვდი, ეს საქმე უნდა გამეგრძელებინა. თითქმის არაფერი გამიკეთებია ცნობადობის გასაზრდელად, თავისთავად მემატებოდნენ მომხმარებლები, ალბათ მოსწონდათ ჩემი ნამუშევრები და ეს მახარებს. ჩემი ნამუშევრების, მოდელების პლაგიატის შემთხვევები ხშირი იყო, მინახავს გარეგნულად ზუსტი კოპიები, თუმცა არასოდეს კონფლიქტში არ შევსულვარ არავისთან ამის გამო.პირიქით, მოტივაცია იყო ჩემთვის, რომ სიახლეები შემექმნა, თან ისე, რომ მისი გამეორება თავად მეც კი გამჭირვებოდა. ავიღებ ნაჭრებს და აბსოლუტურად სპონტანურად ვაკეთებ მოდელს. ვახამებ ფერებს, ვურევ ფაქტურებს და გამოდის ინდივიდუალური, განსხვავებული მოდელები და მეც დიდ სიამოვნებას ვიღებ მათზე მუშაობის პროცესისაგან.
ორი ბიჭი შვილის დედაა. ამბობს, რომ ორივეს აქვს ინდივიდუალური და საინტერესო გემოვნება. სწორედ მათთვის შექმნილი სამოსის შემდეგ მოუვიდა იდეა, მამაკაცის ხაზზეც ემუშავა და ეს იდეაც წარმატებული გამოდგა. ამბობს, რომ მისი მოდელები უკვე უცხოეთშიც იყიდება.
ამბობს, რომ როგორც ქალი, არცერთ სირთულეს არ წაწყდომია საკუთარ პროფესიაში, რადგან საკუთარი თავის უფროსი თავად არის. შვილებიც უკვე დიდები არიან და პირიქით, ეხმარებიან კიდეც საქმიანობაში. მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს თუნდაც მძიმე ნაჭრების მოტანა, რადგან მიაჩნია, რომ ეს მისი საქმის ნაწილია და პირიქით, ერთი სული აქვს, მოიტანოს ახალი ნაჭრები, დაჭრას და მალე დაიწყოს ახალ დიზაინზე მუშაობა.
თითქმის 100%-ით თავად მუშაობს მის თითოეულ მოდელზე, მოდელირებიდან დაწყებული ბოლო შტრიხების შეტანამდე.
თავის მთავარ მიღწევად მიაჩნია, რომ აქამდე აბსოლუტურად საკუთარი ძალებით მოვიდა. არასოდეს არავის შეუწყვია ხელი მის პროფესიულ ზრდაში. კარიერა აბსოლუტურად დამოუკიდებლად, თავად შეიქმნა საკუთარი შრომის ფასად.
ამბობს, რომ კი, საზოგადოებაში გავრცელებული აზრია, რომ ქალი შვილების აღზრდით ფასდება და ამას ნაწილობრივ ეთანხმება, თუმცა მიაჩნია, რომ ქალებმა საკუთარი თავი აუცილებლად უნდა დააფასონ, რადგან შვილებსაც სჭიერდება ბედნიერი, შემდგარი დედა.
ქალბატონებს, რომლებიც ახლა დგამს პროფესიულ ნაბიჯებს ურჩევს, რომ პირველ რიგში მოაწესრიგონ პირადი ცხოვრება, ოჯახის წევრებთან, შვილებთან ურთიერთობა, რადგან როცა დალაგებულია ურთიერთობები, უფრო მარტივია ფიქრი და ორიენტირება საქმეზე.
• არ ვამბობ, რომ იდეალური დედა ვარ, მაგრამ ჩემს შვილებთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. როცა გულახდილად ვისაუბრებ შვილებთან, დავმშვიდდები, რომ არაფერი უჭირთ, მერე უკვე მშვიდად ვარ და მთლიანად ვორიენტირდები საქმეზე. ჩემთვის პრიორიტეტი ჩემი შვულები არიან.
• ქალბატონებს ვურჩევ, რომ საქმეში არასოდეს იყვნენ ორიენტირებულები ფინანსურ მხარეზე, მოგებაზე. აკეთეთ საქმე გულით, სიყვარულით და დატკბით შედეგით! აკეთე ხარისხიანად, გულით და მოვა დრო, როცა ეს აუცილებლად დაგიფასდებათ!

კომენტარის დატოვება