ნოემბერი 23, 2024 20:31

ნომინაციაში ,,წლის აღმოჩენა – 2023” წარმოგიდგენთ მომღერალ ნათია ზარანდიას

ქალბატონი ნათია პროფესიით გახლავთ ჟურნალისტი. იგი დაიბადა და გაიზარდა რუსეთში, ქალაქ მოსკოვში,  მას დამთავრებული აქვს ლომონოსოვის უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის მიმართულებით, მაგრამ იმდენად დიდი იყო მისი სიყვარული საქართველოსადმი, რომ დათმო  წარმატებული კარიერა და სამუდამოდ დაუბრუნდა მშობლიურ ქვეყანას. ნათია 10 წელზე მეტ ხანს მუშაობდა სატელევიზიო  სფეროში, მას მოგებული აქვს საერთაშორისო სატელევიზიო კონკურსები, ის არის ვერცხლისა და ოქროს მედალოსანი.

თუმცა, ამის პარალელურად სიმღერა მის ცხოვრებაში ყოველთვის იყო და საქართველოში დაბრუნებისას  ჰობი  პროფესიად აქცია. ჩაწერა საკუთარი სიმღერები, პრემიერები ჰქონდა რადიოებში და სატელევიზიო თოქ-შოუებში.

ქალბატონი ნათია ძალიან ხშირად იღებს  მონაწილეობას საქველმოქმედო ღონისძიებებზე, კონცერტებზე და არა მარტო თბილისში,  არამედ საქართველოს სხვა ქალაქებშიც. ნათიას  სიმღერები დღეს ბევრი ადამიანისთვის არის ცნობილი და გამორჩეული.

სამი თვის წინ   მან ჩაწერა ახალი სიმღერა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და არაერთხელ გაჟღერდა სატელევიზიო გადაცემებში.

ნათია ზარანდია:

– ჩემი  პირველი სიმღერის პრემიერა გია ჯაჯანიძის შოუში  შედგა და სწორედ აქედან დავიწყე მოღვაწეობა მუსიკალურ სფეროში ფართო საზოგადოებისთვის.

მეორე ჩემი სიმღერა იყო ჩემთვის განსაკუთრებული, რადგან წილად მხვდა ბედნიერება, რომ ჩამეწერა დუეტი გენიალურ მსახიობთან, ზურა ყიფშიძესთან ერთად.

არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ძირითადად, ჩემი ტექსტების ავტორი არის ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ნანა ციცნცაძე.

ჩემი სიმღერების კომპოზიტორები არიან ძალიან ნიჭიერი და განსაკუთრებული ადამიანები:

ბადრი ბილიშვილი, კაკი ბოლქვაძე, კობა მესხია და ქეთი გაბისიანი რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო დუეტი არაჩვეულებრივ მომღერალთან თემურ  თათარაშვილთან ერთად.

წელს ისრაელშიც მქონდა მიწვევა, კონცერტზე, ღია ცის ქვეშ რომელსაც 5000 ადამიანი ესწრებოდა. ახლო მომავალში ჩემი ახალი სიმღერისთვის კლიპის გადაღებას ვაპირებ, მაქვს დიდი გეგმები და  უფლის წყალობით ვახორციელებ ყველა ოცნებას.

ძალიან მაგარია, რომ ქალად გავჩნდი და მაქვს ის პრივილეგიები, რომელიც მხოლოდ ქალს აქვს.

-რას თვლით თქვენს მთავარ მიღწევად?

-ჩემი მთავარი მიღწევა ხალხის სიყვარულია, რომელსაც ყოველდღიურად მთელი ჩემი არსებით ვგრძნობ და ეს დღითიდღე იზრდება. ჩემთვის ეს არის უდიდესი სტიმული, სიხარული, ბედნიერება, რადგან ხალხი და მათი კარგი დამოკიდებულება, გულწრფელი სიყვარული, ყურადღება, პატივისცემა    არის ის საზომი, რომელიც მეხმარება მიზნების მიღწევაში!

  ის, რომ ბავშვებმა აიტაცეს  ჩემი სიმღერა ეს ჩემთვის უდიდესი მიღწევაა!  სასწაულია,  სულ ვაზიარებ მათ ნამღერ ჩემს სიმღერებს  და ვტკბები მათი მოსმენით.  ამაზე დიდი სიამოვნება მე არ ვიცი, თუ რამე არსებობს მომღერლისთვის,  როცა 3 წლის ბავშვი, რომელიც ჯერ ძლივს  ლაპარაკობს, შენს სიმღერას თავიდან ბოლომდე ღიღინებს ! ბედნიერი ვარ !

-გვითხარით თქვენი მოსაზრება ქალის როლზე საზოგადოებაში…

ქალის როლი არა მარტო საზოგადოებაში, მთელ კაცობრიობაში, ძალიან მნიშვნელოვანია.

ქალი არის ის ძლიერი და დაუღალავი ძალა, ის ერთადერთი და განუმეორებელი ფენომენია სამყაროში, რომელიც სიცოცხლეს მატებს, ამოძრავებს პლანეტას, აღაფრთოვანებს, იმედს აძლევს, რწმენას არ აკარგვინებს, სიყვარულს აფრქვევს, სიკეთეს ასხივებს, სილამაზეს ამრავლებს, ახალ სიცოცხლეს აჩენს, ფესვებს აღრმავებს!

-რას ურჩევთ ქალებს, რომლებიც ახლა  დგამენ თავიანთ პროფესიასა თუ ბიზნესში პირველ ნაბიჯებს?

 ქალი არ ჩერდება, ქალი მუდმივად ვითარდება, იხვეწება და  მშვენდება! ქალბატონებს ვურჩევ არასოდეს გაჩერდნენ, ჰქონდეთ საკუთარი თავის იმედი ყოველთვის, ფარხმალი არასდროს დაყარონ,  მიუხედავად ყველა ეკლებისა და სირთულეებისა, რაც შეხვდებათ მათ წარმატების გზაზე, რადგან სხვაგვარად ვერ გაიზრდები და წარმატებას ვერ მიაღწევ.

არასოდეს დაუგდონ ყური მოშურნეებს და სჯეროდეთ, ვინც იბრძვის, შრომობს, ვისაც არ ეშინია გამოწვევების და სჯერა საკუთარი ძალების, ის  მიზანს  აუცილებლად მიაღწევს და გაიმარჯვებს! მთავარია არ გაჩერდე! უფალი ჩვენთანაა ! გვმფარველობს ყველგან და ყოველთვის !

მინდა ყველა ქალი ამ დედამიწის ზურგზე, ყველა ღირსეული, მშრომელი, მებრძოლი ქალი  წარმატებული და ბედნიერი იყოს !

მიყვარხართ და მეამაყებით ქალებო !

კომენტარის დატოვება