ნოემბერი 26, 2026 23:56

#OK! ნათია შათირიშვილი – BPW საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტად დაინიშნა

ქართველი საქმიანი და პროფესიონალი ქალებისთვის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ახალი ეტაპი იწყება

„ლიდერ ქალთა საზოგადოების“ დამფუძნებელი და დირექტორი, კოლეჯ „ბიდისის“ ხელმძღვანელი ნათია შათირიშვილი BPW საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტად დაინიშნა.

აღნიშნული მოვლენა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართველი ქალების საერთაშორისო ბიზნესსივრცეში ინტეგრაციის, ეკონომიკური გაძლიერებისა და პროფესიული შესაძლებლობების გაფართოების მიმართულებით.

 

BPW International — საუკუნოვანი ისტორია და გლობალური შესაძლებლობები

BPW International (International Federation of Business and Professional Women) — ბიზნესისა და პროფესიონალ ქალთა საერთაშორისო ფედერაცია 1930 წელს, ჟენევაში, ლენა მადესინ ფილიპსის ინიციატივით დაარსდა.

დღეს ორგანიზაცია მსოფლიოს ხუთ კონტინენტზე, 120 ქვეყანაში აერთიანებს მეწარმე, ბიზნესმენ, პროფესიონალ და ლიდერ ქალებს. ფედერაცია 1947 წლიდან გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში (ECOSOC) საკონსულტაციო სტატუსით სარგებლობს.

ორგანიზაციის მთავარი მიზანია ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის, ლიდერობის, პროფესიული განვითარების, თანაბარი შესაძლებლობებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა.

ამასთანავე, BPW-ის საერთაშორისო ქსელი კოლეჯ „ბიდისის“ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ საერთაშორისო ახალგაზრდულ და საგანმანათლებლო პროექტებში, განივითარონ ლიდერული უნარები, დაამყარონ პროფესიული კავშირები და გაიფართოონ კარიერული განვითარების პერსპექტივები.

 

საქართველო BPW-ის საერთაშორისო ასპარეზზე

2026 წლის ნოემბერში, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში, BPW-ის ხმელთაშუა ზღვის რეგიონის მე-8 საერთაშორისო სიმპოზიუმზე ნათია შათირიშვილს საქართველოში დაარსებული ხუთი BPW კლუბის ოფიციალური აფილირების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცა.

სერტიფიკატები ხელმოწერილია BPW International-ის პრეზიდენტის, დიანა ბარაგანი მედინასა და წევრობის საკითხებში საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტის, ფრანჩესკა ბურაკის მიერ.

სიმპოზიუმის ფარგლებში ასევე წარდგენილ იქნა BPW საქართველოს ეროვნული ფედერაციის შექმნის განაცხადი, რაც ორგანიზაციის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.

 

რას ნიშნავს BPW-ის წევრობა ქართველი ქალებისთვის?

BPW-ის საერთაშორისო ქსელში გაერთიანება ქართველ მეწარმე, ბიზნესმენ და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პროფესიონალ ქალებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს, მათ შორის:

  • საერთაშორისო ბიზნესკავშირების დამყარებასა და გაფართოებას;
  • პოტენციური უცხოელი პარტნიორებისა და ინვესტორების გაცნობას;
  • საკუთარი ბიზნესისა და პროდუქციის საერთაშორისო სივრცეში წარმოჩენას;
  • საერთაშორისო კონფერენციებში, ბიზნესფორუმებსა და სამიტებში მონაწილეობას;
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებსა და პროექტებში ჩართულობას;
  • მენტორული პროგრამებით, ტრენინგებითა და ვებინარებით სარგებლობას;
  • სხვადასხვა ქვეყნის წარმატებულ ქალებთან გამოცდილების გაზიარებას;
  • საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობების მოძიებას;
  • ახალგაზრდა ქალი ლიდერების პროფესიული და კარიერული განვითარების მხარდაჭერას;’

 

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ — ადგილობრივი ინიციატივებიდან საერთაშორისო თანამშრომლობამდე

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობს ქალთა განათლების, დასაქმების, ეკონომიკური გაძლიერების, მეწარმეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით.

BPW-ის საერთაშორისო ქსელთან თანამშრომლობა ორგანიზაციის მრავალწლიანი საქმიანობის გაგრძელება და განვითარების ახალი ეტაპია, რომელიც ქართველ ქალებს საშუალებას მისცემს, დაამყარონ პროფესიული ურთიერთობები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და გახდნენ საერთაშორისო ინიციატივების აქტიური მონაწილეები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ქალებს, ახალგაზრდა მეწარმეებსა და პროფესიონალებს, რომლებსაც საერთაშორისო გამოცდილებისა და ახალი შესაძლებლობების მიღების სურვილი აქვთ.

 

 

ახალი პრეზიდენტი — ახალი პასუხისმგებლობა და განვითარების ხედვა

ნათია შათირიშვილისთვის BPW საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტობა არა მხოლოდ პროფესიული მიღწევა, არამედ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა ქართველი ქალების საერთაშორისო წარმომადგენლობისა და მხარდაჭერის მიმართულებით.

ფედერაციის საქმიანობის მთავარი მიზანი იქნება ძლიერი ქალთა ქსელის ჩამოყალიბება, საერთაშორისო პარტნიორობის განვითარება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თითოეულ ქალს ექნება საკუთარი პროფესიული, ბიზნეს და ლიდერული პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობა.

BPW საქართველოს ფედერაცია ღიაა ყველა საქმიანი, მეწარმე და პროფესიონალი ქალისთვის, რომელსაც სურს განვითარება, საერთაშორისო კავშირების გაფართოება და საკუთარი წარმატების ისტორიის შექმნა.

 

ახალი საერთაშორისო შესაძლებლობები კოლეჯ „ბიდისის“ სტუდენტებისთვის

BPW-ის საერთაშორისო ქსელთან თანამშრომლობა ახალ შესაძლებლობებს ქმნის კოლეჯ „ბიდისის“ სტუდენტებისთვისაც.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების Young BPW-ის საერთაშორისო გაერთიანებაში ჩართულობა, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას, ლიდერული უნარების გაძლიერებასა და საერთაშორისო გამოცდილების მიღებას.

სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ:

  • მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმებში, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში;
  • ჩაერთონ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში, ტრენინგებსა და ვებინარებში;
  • დაამყარონ პროფესიული კავშირები სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებთან;
  • მიიღონ გამოცდილება წარმატებული მეწარმეებისა და ლიდერი ქალებისგან;
  • განივითარონ სამეწარმეო და ლიდერული უნარები;
  • მოიძიონ კარიერული განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები;

კოლეჯ „ბიდისისთვის“ მნიშვნელოვანია, სტუდენტებს პროფესიული განათლების მიღებასთან ერთად შეუქმნას საერთაშორისო სივრცეში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების, პროფესიული კავშირების დამყარებისა და წარმატებული კარიერის განვითარების წინაპირობები.

BPW-ის საერთაშორისო ქსელთან თანამშრომლობა განათლებას, პროფესიულ განვითარებასა და გლობალურ შესაძლებლობებს ერთმანეთთან აკავშირებს.

120 ქვეყანა — ერთი გლობალური გაერთიანება — ახალი შესაძლებლობები ქართველი ქალებისთვის!

 

 

კომენტარის დატოვება