საშემოდგომო კამპანია – “მე ძლიერი ქალი ვარ!”
ლიდერ ქალთა საზოგადოება წარმოგიდგენთ საშემოდგომო კამპანიის მერვე ნაწილს, სახელწოდებით – “მე ძლიერი ქალი ვარ!”. გთავაზობთ ახალ, უნიკალურ გამოცდილებას, რომელშიც ყველა ქალბატონის ჩართულობა ფასდაუდებელია და რომელიც მიზნად ისახავს წარმოაჩინოს ქალების მრავალფეროვანი გამოცდილებები, მიღწევები, გამოწვევები და ძალა.
კამპანია “მე ძლიერი ქალი ვარ!” ქმნის პლატფორმას, რომელიც აჩვენებს, რომ წარმატება არ არის ერთგვაროვანი, არამედ ინდივიდუალური გზაა, რომელიც სხვადასხვა გამოცდილებას, ემოციას, გამოწვევასა და გამარჯვებას აერთიანებს. კამპანიის თითოეული მონაწილე ქალბატონი გაგვიზიარებს საკუთარ კარიერულ გზას და იმას, თუ რაში მდგომარეობს მისი სიძლიერე. პირადი ისტორიები კი შთააგონებს სხვა ქალებს და წარმოაჩენს მრავალფეროვან გზებს წარმატებისკენ.
ეკა რუხაძე – სიძლიერის ისტორია
ეკა რუხაძე, 34 წლის პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტი ქუთაისიდან, უდიდესი ტკივილის მიუხედავად ცხოვრებაში ახალ ძალას პოულობს. ორი თვის წინ შვილის გარდაცვალებით გამოწვეული მძიმე დარტყმის შემდეგ, ეკამ მეგობრების და კოლეგების მხარდაჭერით დაიწყო სულიერი აღდგენის გზა. ნათია შათირიშვილის გამამხნევებელმა სიტყვებმა – “ადექი ეკა, შენ შეძლებ ისევ ისეთი ძლიერი გახდე” – მისთვის გადამწყვეტი როლი ითამაშა სიძლიერის მოპოვებაში.
“ყველა ქალს მოვუწოდებ არ დაეცნენ, პირიქით, უნდა გავძლიერდეთ და შეგვეძლოს ბრძოლა გადარჩენისთვის,” – ამბობს ეკა, რომელიც თავის ისტორიას იყენებს სხვა ქალების შთაგონებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მძიმე დღეებს გადის, ეკა პროფესიულ საქმიანობას უბრუნდება და აცხადებს: “ჩემი სიძლიერე ჩემი მათეა, ჩემი სიძლიერე თქვენ ხართ.” მისი თქმით, სწორ ადამიანებთან ურთიერთობამ და საკუთარ თავში რწმენის დაბრუნებამ დაეხმარა, კვლავ ძლიერი ქალი გამხდარიყო.
მზიკო დოლენჯაშვილი – ქალის ძალა ქართულ მეწარმეობაში, გზა სტარტაპიდან ლიდერობამდე
მზიკო დოლენჯაშვილი, PR-ის მაგისტრატურის სტუდენტი კავკასიის უნივერსიტეტში, 2017 წელს დასთან – ლელა დოლენჯაშვილთან ერთად ბავშვთა სადღესასწაულო გასართობი ცენტრის “Happy Land” დამაარსებელია. სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში”-ს მხარდაჭერით დაწყებული ბიზნესი დღეს უკვე სამი დიდი ფილიალის მართვაში გადაიზარდა. მზიკო არაერთი საერთაშორისო პროგრამის მონაწილეა, მათ შორის Erasmus-ის, და პროფესიული გამოცდილება აქვს მიღებული ევროპაში, აზიასა და ამერიკაში.
“ყველაზე დიდი გამოწვევა იყო იმ სტერეოტიპების დამსხვრევა, რომ ქალი ვერ შეძლებდა საკუთარი ძალებით დიდი მასშტაბის ბიზნესის შექმნას,” – აღნიშნავს მზიკო, რომლის საქმიანობა განსაკუთრებით მიმართულია სოციალური და ინკლუზიური დისბალანსის შემცირებისკენ. იგი ახალგაზრდა ქალებს ურჩევს: “არ დაელოდონ იდეალურ დროს… მთავარია აირჩიო საქმიანობა, რომელსაც შეიყვარებ, სტაბილურად ყველა სირთულის მიუხედავად არ დანებდები და არ მიატოვებ.” მზიკოს რწმენით, საქართველოში ქალების პროფესიული განვითარებისთვის ორი მთავარი ცვლილებაა საჭირო: განათლების ხელმისაწვდომობა ყველა ქალისთვის და საზოგადოებრივი დამოკიდებულების შეცვლა, რათა “ქალებს აღარ უწევდეთ საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება ორმაგად.”
მარიამ ნერსეზაშვილი – ფარმაციის დოქტორი და მიზანდასახული პროფესიონალი
მარიამ ნერსეზაშვილმა, ახლა უკვე ფარმაციის დოქტორმა, აკადემიური ხარისხი 21 ივლისს მოიპოვა. ეს მისი ბავშვობის ოცნება იყო. ამ მიღწევისკენ გზა კი გამოწვევებით სავზე 11 წლიანი მოგზაურობა აღმოჩნდა, თუმცა როგორც თავად აღნიშნავს, “შედეგი ამად ღირდა”. დღეს მარიამი არა მხოლოდ ცოდნას გადასცემს ჯანდაცვის სფეროს ახალ პროფესიონალებს, არამედ ხელმძღვანელობს ფაგის ტექნოლოგიის მიმართულებით მსოფლიოში მოწინავე ბიოტექნოლოგიური კომპანიის „ბიოქიმფარმი” ხარისხის კონტროლის განყოფილებას.
“პირველ რიგში, ძალიან მიზანდასახული ვარ. ყოველთვის ზუსტად ვიცი რა მინდა და რატომ”, – ამბობს მარიამი, რომელმაც 2016 წლიდან დაწყებული კარიერის განმავლობაში ისწავლა ბალანსის დაცვა სამსახურს, სწავლასა და პირად დროს შორის. მისი ფილოსოფია შეცდომებისადმი რადიკალურად შეიცვალა წლების განმავლობაში – “წარუმატებლობას ტრაგედიად არ აღვიქვამ… ყოველი შეცდომა თუ წარუმატებლობა სინამდვილეში ახალი შანსია”. მარიამს სჯერა, რომ მნიშვნელოვანია ქალების, განსაკუთრებით მარტოხელა და მრავალშვილიანი დედების ხელშეწყობა განათლებისა და კარიერის მიმართულებით, რისთვისაც საჭიროდ მიაჩნია სპეციალური გრანტების, მოქნილი სამუშაო გრაფიკისა და სხვა ხელშემწყობი პირობების შექმნა.
შორენა თევდორაშვილი – ისტორიკოსი, მეტროს მორიგე და პოეტი
შორენა თევდორაშვილი, პროფესიით ისტორიკოსი-ფილოლოგი, გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, უკვე თხუთმეტი წელია მოღვაწეობს თბილისის მეტროპოლიტენში. მისი კარიერული გზა მეტროში დამლაგებლის პოზიციიდან დაიწყო, თუმცა შიდა გადამზადების ორთვიანი კურსისა და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, ახლა სადგურის მორიგის პოზიციაზე მუშაობს.
პროფესიული საქმიანობის პარალელურად, შორენა ლექსებს წერს და სულ ახლახან მეტროპოლიტენის პროფკავშირის ხელშეწყობით მისი ლექსების კრებულიც გამოიცა. “მე ვთვლი რომ ვარ ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი, თუმცაღა ეს არ არის ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი და ვაგრძელებ პიროვნულ და კარიერულ ზრდა-განვითარებას,” – ამბობს შორენა, რომელსაც სურს საკუთარი მაგალითით შთააგონოს სხვა ქალები. მისი მთავარი გზავნილია: “არასდროს არ არის გვიანი მიაღწიო წარმატებას ნებისმიერ სფეროში, თუკი დაისახავ მიზანს და იბრძოლებ და იშრომებ ამ მიზნის მისაღწევად.” შორენას ცხოვრებისეული დევიზი და მიზანია “წინ! ახალი გამოწვევებისკენ და საბოლოო გამარჯვებამდე”, რითაც ის მუდმივი პროფესიული და პიროვნული განვითარებისკენ ისწრაფვის.