ნოემბერი 24, 2024 03:27

ნომინაციაში -,,წარმატებული ლიდერი,შშმ პირთა უფლება დამცველი, სოციალური მეწარმე-2023’’ წარდგენილია მაია ასაკაშვილი

 

მაია ასაკაშვილი გახლავთ – ჟურნალისტი, ფილოლოგი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმ) საკითხების ექსპერტი, ინკლუზიური განათლების პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორანტი. შშმ პირთა მიმართულებით  არაერთი სამეცნიერო ნაშრომის, საგაზეთო პუბლიკაციის, რუბრიკისა და რადიო-გადაცემის ავტორი; ,,სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის“(მშობელთა კავშირი) დამფუძნებელი, დღის ცენტრის დირექტორი, სოციალური საწარმო ,,სხივის’’ დამაარსებელი, მრავალი სოციალური პროექტის ხელმძღვანელი, შშმ პირის მშობელი, უფლებადამცველი, შშმ პირთა და მშობელთა მოძრაობის აქტიური მონაწილე, ერთ-ერთი ლიდერი.

შშმ პირთა  სფეროში  არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატის, საერთაშორისო პრიზისა და დიპლომის მფლობელი. შშმ პირთა მიმართულებით რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივის ინიციატორი, ირაკლი ქემოკლიძესთან ერთად ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმის ფუძემდებელი საქართველოში. გარკვეული წლები მუშაობდა განათლების სისტემაში, რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის კათედრის მოწვეული ლექტორი, შშმ პირთა სკოლა-პანსიონის დირექტორი.

შშმ პირთა ინკლუზიური განათლების, პროფესიული გადამზადების, სოციალური მეწარმეობის განვითარებისა და დასაქმების მიმართულებით შესწავლილი აქვს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის: ნორვეგიის, ნიდერლანდების, იტალიის, პოლონეთის, ესტონეთის და სხვა ქვეყნების. მუშაობს სოციალური მეწარმეობის გაძლიერებისა და შშმ პირთა დასაქმების მიმართულებით, გავლილი აქვს სამეწარმეო სკოლა-ბელგიაში, ბრიუსელში.

ქალბატონი მაია არის სხვადასხვა საერთაშორისო პროექტისა და კონფერენციის მონაწილე Erasmus+ ფარგლებში. ნორვეგიის მე-8 მსოფლიო კონგრესის-,,სწრაფვა სრულყოფილი მოქალაქეობისკენ, მონაწილე.

,,IT’’ თანამედროვე საგანმანათლებლო და თერაპიული ინსტრუმენტების გამოყენებით ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირებთან მუშაობის თანამედროვე მეთოდების სპეციალისტი, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა პოლონეთში. მუშაობს შშმ პირთა უფლებების ადვოკატირების, მშობელთა გაძლიერების, ქალთა უფლებების დაცვის, შშმ პირთა მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპებისა და დამოკიდებულების შეცვლაზე.

ის ასევე, გახლავთ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ,,კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის’’ წევრი, მშობელთა ქსელის, საქართველოს მთავრობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს წევრი, თბილისის მერთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს წევრი, საქართველოს პარლამენტის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული ახალგაზრდული პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის წევრი. ბავშვთა და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების, ქალთა კოალიციის, საქართველოსა და ევროპის სოციალურ საწარმოთა ალიანსის წევრი.

-მოგვიყევით თქვენი და თქვენი საქმიანობის შესახებ

_ ჩემმა შვილმა ირაკლი ქემოკლიძემ შეცვალა ჩემი ცხოვრება და ჩემი პროფესიაც. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან  ჩემი ურთიერთობა დაიწყო  მას  შემდეგ, რაც შვილი, გამიჩნდა, ეს იყო 32 წლის წინათ, როცა არ მქონდა გაცნობიერებული მომავალი. მხიარული, უდარდელი გოგონას ცხოვრება ცრემლმა, სევდამ, უიმედობამ, სასოწარკვეთამ შეცვალა. ბევრჯერ უტკენია გული საზოგადოების მკაცრ, უტაქტო დამოკიდებულებას. ხანდახან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დაცინვის ობიექტიც გამხდარა.

სრულიად ახალგაზრდა,  გამოუცდელი, გზაჯვარედინზე ვიდექი გაურკვევლობის პირისპირ,  არ აღმოჩნდა არც ერთი ადამიანი, თუნდაც ორგანიზაცია ან დაწესებულება, რომელიც ამ უმძიმესი სიტუაციიდან გამოსვლაში დამეხმარებოდა. ამასობაში გავიდა ძვირფასი დრო, ამ პერიოდში მივხვდი, რომ ჩემი შვილისთვის ყველაზე მეტად საჭირო იყო საზოგადოებასთან ურთიერთობა.

როდესაც ბავშვის საბავშვო ბაღში მიყვანა გადავწყვიტე, ბაღის გამგემ განმიმარტა, რომ ,,ასეთი ბავშვებისთვის’’ არსებობს სპეციალური დაწესებულებები და ჩემს შვილს ვერ მიიღებდა – ასე  დაგვიხურეს ბაღის კარები. ამ დროს ჩვენს ქვეყანაში სიტყვა “ინკლუზია” არა თუ არსებობდა, მისი მნიშვნელობაც კი არ იცოდნენ.

შემდეგ გადაგვამისამართეს სპეციალურ საბავშვო ბაღში, ეს იყო  ჩემი შვილის პირველი  დამოუკიდებელი   ნაბიჯი. ხელის ცეცებით ვიკვლევდი გზას. ვეძებდი და ვკითხულობდი შესაბამის ლიტერატურას, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია   მიმეღო და მესწავლა ჩემი შვილის მდგომარეობის შესახებ. ამასობაში  დადგა სკოლაში შესვლის დრო. ეს იყო ჩემთვის  მტკივნეული და ძალიან გაურკვეველი პერიოდი. ამ დროს არსებობდა სამედიცინო პედაგოგიური კომისია, რომელიც ბავშვებს მათი შესაძლებლობის შესაბამისად, დიფერენცირებულად ანაწილებდა სხვადასხვა ინსტიტუციაში.

შემოვიკრიბე შშმ   ბავშვების  მშობლები, გავერთიანდით საერთო  პრობლემის    გარშემო და დავიწყეთ ბრძოლა.  1997   წელს შევქმენით ,,სმენისა და   მეტყველების   დარღვევის    მქონე    ბავშვთა    დახმარების ასოციაცია’’, მშობელთა    კავშირი. ორგანიზაციამ, დაარსების დღიდან   არაერთი   მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა შშმ  პირთა   განათლებისა და   უფლებების   ადვოკატირების მიმართულებით.

გავაკეთეთ    ინტეგრირებული   ბანაკები, ჩამოვაყალიბეთ ახალგაზრდა   ლიდერთა   სკოლა. დავიწყეთ    ბრძოლა    ზოგადი  განათლების   კანონში   ცვლილებების   შესატანად, რადგან იმ   პერიოდში კანონი  შშმ   ბავშვებს    არ  აძლევდა   შესაძლებლობას, ესწავლათ   საჯარო   სკოლებში. თავდაპირველად   ვეძებდით     დირექტორებს, რომლებიც   დაგვეხმარებოდნენ, რამდენიმე    ბავშვისთვის   გაგვეხსნა   ლოგოპედიური   ჯგუფები, სადაც   მათთან   მეტყველების თერაპევტი და   სპეც.პედაგოგი  იმუშავებდა.

შემდეგ  ფონდი,,ჰორიზონტის’’დახმარებით გავხსენით  რესურს-ოთახები, ვეძებდით  ,,კეთილმოსურნე’’    დირექტორს, ვინც  ჩვენს  შშმ     ბავშვებს    ჯანმრთელ   ბავშვებთან, თუნდაც ცალკე   ოთახში, სპორტის  ან  სიმღერის  გაკვეთილზე    მცირე    აქტივობებში      ჩართავდა   ტიპური    განვითარების   ბავშვებთან   ერთად. დიდი   წინააღმდეგობას   წავაწყდით ე .წ. ,,ჯანმრთელი’’   ბავშვების   მშობლების   მხრიდანაც, მათ   არ   უნდოდათ  მათი   შვილების    გვერდით შშმ    ბავშვებს   ესწავლათ.

თავდაპირველად ასეთი   ,,კეთილმოსურნე’’    დირექტორი აღმოჩნდა  24-ე  საჯარო   სკოლის   ბაზაზე, სადაც   განვახორციელეთ შშმ   ბავშვთა   საჯარო    სკოლაში   ინტეგრაციის   პროცესი. განვახორციელეთ პროექტი ,,შეზღუდული შესაძლებლობის    მქონე ბავშვების სოციალური   ინტეგრაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და   სოციალური   დაცვის    სამინისტროს   მხარდაჭერით, რათა   ხელი   შეგვეწყო შშმ  ბავშვთა საგანმანათლებლო პროცესში ჩართვაზე.

პარალელურად   ვმუშაობდით  განათლების     სამინისტროსთან, ჩვენთვის არ არსებობდა დაბრკოლება, მშობლები ერთმანეთს   ვაძლიერებდით, ყველა    დახურული   კარის   გაღებით, რომ   დაგვეცვა    ჩვენი   შვილების   უფლებები.   ერთობლივი    ბრძოლის   შედეგად    ზოგადი  განათლების    კანონში  გაჩნდა     ჩანაწერი ,,ინკლუზიური   განათლება’’, რის   შემდეგაც   ყველა  შშმ   ბავშვს    მიეცა ზოგადი  განათლების     მიღების   შესაძლებლობა, მათი  განათლება   აღარ   იყო  დამოკიდებული    დირექტორთა      კეთილ   ნებაზე, მშობლებს   მიეცათ   არჩევანის  გაკეთების   შესაძლებლობა, სად    წაეყვანა    თავისი   შვილი.

ჩემმა  შვილმა საჯარო სკოლა დაამთავრა, სკოლაში სიარულმა დიდი წარმატება მოუტანა.  ის მშობლები, რომლებიც ბავშვს იღებენ და აღიარებენ ისეთს, როგორიც არის, ყურადღებით ადევნებენ თვალს მის რეაქციებს, უხარიათ მისი ყოველი აქტიური მოქმედება, დიდ შედეგებს აღწევენ.

თანდათან გადავლახე ცხოვრებაში ის ბარიერი, რომელიც შშმ ბავშვების გაზრდას  მოსდევს. ეს ჩემი ტკივილია, რომლითაც შევძელი მშობელთა  ,,სმენისა და   მეტყველების   დარღვევის   მქონე ბავშვთა დახმარების   ასოციაცია შემექმნა ,’’ საინფორმაციო გაზეთი_,,მშობლის ხმა”,  ხის   სოციალური  საწარმო ,,სხივი’’, რადიო – გადაცემა-,,ადამიანების   განსხვავებული შესაძლებლობებით.’’

2016  წელს   პირველად    საქართველოში ჩვენი  ორგანიზაციის   ბაზაზე არაფორმალური    განათლების    მეთოდებითა     და   შშმ   ახალგაზრდების  ინდივიდუალურ   საჭიროებებზე მორგებული  მიდგომების    გამოყენებით   ხის       საწარმო- ,,სხივი’’   გაიხსნა,  რითაც   ინტელექტუალური  შეზღუდვის   მქონე   პირთა  დასაქმების  მხარდაჭერით  სისტემის   პილოტირება  დაიწყო. ჩვენი  ორგანიზაციის მიზანია არა მხოლოდ სმენისა და მეტყველების, არამედ ინტელექტუალური   შეფერხების,    ფსიქო-ემოციური, მრავლობითი  დარღვევისა  და ფიზიკური   შეზღუდვის  მქონე ბავშვთა, მოზრდილთა  და მათ მხარდამჭერთა  უფლებების დაცვა,  შშმ პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობა, განათლების, ხელოვნების, სპორტის, პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობა.

ჩვენი  ორგანიზაცია   მონაწილეობდა    შშმ     პირთა    უფლებების  ადვოკატირების ყველა პროცესში.

2014 წლის  8 ოქტომბერს N2/4/532014  საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო  გადაწყვეტილება, რომლითაც, ფსიქიკური   და   ინტელექტუალური   შეზღუდვის  მქონე პირთა  მიმართ,  არსებული  ქმედუნარიანობის შეზღუდვის არსებული საკანონმდებლო რეგულაციები არაკონსტიტუციურად ცნო.

ამ სასამართლო  გადაწყვეტილებამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოში გახმაურებული ქმედუნარიანობის რეფორმის განხორციელების დაწყებას. სწორედ   ჩემი შვილის, ირაკლი   ქემოკლიძის    სარჩელი   და    სასამართლო   გადაწყვეტილება   გახდა ქვეყანაში ქმედუნარიანობის     სისტემის   რეფორმისა   და      სოციალურ    მოდელზე   გადასვლის     საფუძველი.

ეს არის დედა-შვილის ბრძოლის ისტორია. ვინაიდან, 2021 წელს გარდაიცვალა საწარმო ,,სხივის’’ ერთ-ერთი  დამფუძნებელი და  აქტიური წევრი, ირაკლი  ქემოკლიძე, საწარმოს   მისი  ხსოვნის   უკვდავსაყოფად  ეწოდა-,,სხივი’’-ირაკლის ხის   სახელოსნო. ორგანიზაციას დაერქვა- ,,სმენის,მეტყველების,  ინტელექტუალური შეფერხების მქონე პირთა ასოციაცია (აიპ) ,,იკა’’.

მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ლიდერ ქალთა ორგანიზაციას, საერთაშორისო განათლების აკადემია ,,ბიდისის”, ჩემს რეკომენდატორებს, ჟიურის, ყველა მოწვეულ სტუმარს, ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენს წინაშე გამოსვლა და ღონისძიებაში მონაწილეობა, ამავე დროს ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, წლის წარმატებული ქალბატონის ტიტული.

ჩემთვის დიდი სტიმულია ღირსეულად ვატარო ეს ჯილდო, თქვენთან ურთიერთობა, თქვენი გამოცდილების გაზიარება, ჩემი საქმიანობის თქვენს წინაშე წარმოჩენა, თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა მაძლევს ძალას, რომ კვლავ საჭიროა მოქმედება, არასდროს უნდა გავჩერდე და გავაგრძელო საქმიანობა ირაკლის ხსოვნის უკვდავსაყოფად.

ბრძოლას   ყოველთვის   აქვს   აზრი,  იგი   აუცილებლად    გამოიღებს  შედეგს! ვიყოთ,ერთად! ·

ის რომ ქალი ხართ, რამდენად გიწყობთ ხელს თქვენი საქმიანობის წარმართვაში….

-ჩემს საქმიანობაში, არც ერთ პროფესიაში ქალად ყოფნას არასდროს შეუშლია ხელი. ჩემი საქმიანობა ყოველთვის იყო თანმიმდევრული, დაგეგმილი მიზანდასახული, მიწევდა გარკვეული რისკების გაღებაც, მაგრამ ამ ყველაფერმა უფრო გამაძლიერა და მიმახვედრა, რომ ძალიან ბევრი უნდა ვიშრომო ,ვისწავლო, ვიყო მუდამ განვითარებასა და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული, პოზიტიურ ურთიერთობაზე დაფუძნებული კომუნიკაციას, კონსტრუქციულ თანამშრომლობას ხშირად მოუტანია წარმატება ჩემს საქმიანობაში. ჩემი ცხოვრების მთავარი მესიჯი ყოველთვის იყო და არის: არასდროს დანებდე, არასდროს გაჩერდე, შესაძლებლობები უსაზღვროა, ხსნა მხოლოდ მოქმედებაშია, გვიყვარდეს ერთმანეთი! ·

რას თვლით თქვენს მთავარ მიღწევად?

_ ირაკლის გარდაცვალების შემდეგ ისე დავეცი, მეგონა, წამოდგომას ვერასდროს შევძლებდი, მივხვდი, რომ, უმოქმედობით, ვერაფერს შევცვლიდი, რომ ხსნა, მხოლოდ მოქმედებასა და საყვარელი საქმის კეთებაშია. მთავარი მიღწევაა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დედა-შვილის ბრძოლის დაფასება, ჩემი შვილის ირაკლი ქემოკლიძის ღირსების მედლით დაჯილდოება.

ეს იყო ძალიან ამაღელვებელი, ამავე დროს, საამაყო დღე.

ირაკლი ქემოკლიძის საქმე ისტორიულია . ჩვენ ერთად შევძელით საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის მოგება, რომელმაც შშმ პირთა უფლებათა დაცვის ახალ სტანდარტი დაამკვიდრა, 36 კანონში შევიდა ცვლილება,შშმ პირებს დაუბრუნდათ სამოქალაქო უფლებები.

ასე დაიწყო ქმედუნარიანობის რეფორმა, სოციალურ მოდელზე გადასვლა, დედა-შვილის ბრძოლა საქართველოს თანამედროვეობის ისტორიაში სამოქალაქო აქტივიზმისა და ბრძოლის სიმბოლოა, დედა-შვილის უფლებებისთვის ბრძოლის ისტორიაა.

ირაკლი 2021 წლის 6 თებერვალს გადაიცვალა, მაგრამ მისი სახელი ცოცხალია.  მისი საქმე და სახელი,ამავე დროს, შესულია სახელმძღვანელოში, რომელსაც სწავლობს იურიდიული ფაკულტეტის ყველა სტუდენტი.

მე მუდამ ვამაყობდი ჩემი შვილის არსებობით და გარდაცვალების შემდეგაც ვამაყობ,რომ ირაკლის დედა ვარ!

-გვითხარით თქვენი მოსაზრება ქალის როლზე საზოგადოებაში…

-ქალის როლი განუსაზღვრელია, საჭიროა ქალთა გააქტიურება, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში,  ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა, სამშვიდობო და უსაფრთხოების პროცესების ყველა ასპექტში ქალთა მონაწილეობის უზრუნველყოფა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, გენდერული თანასწორობის პრინციპების, როგორც მნიშვნელოვანი პრიორიტეტის, ინტეგრირება ქვეყნის განვითარების დაგეგმვისა და ბიუჯეტის განსაზღვრის პროცესებში.  აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება, გენდერული ბალანსის აუცილებლობისა და მნიშვნელობის თაობაზე.

რას ურჩევთ ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ თავიანთ პროფესიასა თუ ბიზნესში პირველ ნაბიჯებს?

_  ნუ შეაშინებთ პირველი, თუნდაც დროებითი წარუმატებლობა, არასდროს დანებდნენ, ისწავლონ, იბრძოლონ, იცხოვრონ აქტიური ცხოვრებით, იყვნენ მიზანდასახულები, არასდროს შეცვალონ მიზანი, მიზნის მისაღწევად გადადგან ქმედითი ნაბიჯები,გააგრძელონ კარიერული წინსვლა, იბრძოლონ საკუთარი და სხვისი უფლებების დასაცავად, ბრძოლა რომელიც სამართლიანია, აუცილებლად გამოიღებს შედეგს!

 

 

კომენტარის დატოვება