აპრილი 24, 2026 14:41

ნომინაციაში „წლის წარმატებული ქალი ბიზნესსა და საგანმანათლებლო ლიდერობაში – 2026“ წარდგენილია ნანა ფიფია

ნანა ფიფია – მათემატიკოსი, განათლების მეცნიერებათა დოქტორი. ,,Gold market tbilisi“-ს დამფუძნებელი და დირექტორი

განათლების მეცნიერებათა დოქტორობიდან ბიზნეს ლედამდე გზის გავლა არც თუ ისე მარტივი იყო. ნანა ფიფიამ კარიერა ლექტორობით დაიწყო. ამ პერიოდში ის ახალგაზრდა თაობას მათემატიკის ლაბირინთებში გზის გაკვლევაში ეხმარებოდა. განათლების მეცნიერებათა დოქტორმა დროთა განმავლობაში უნივერსიტეტის აუდიტორიებიდან ბიზნესში გადაინაცვლა. ასე გახდა ნანა ფიფია ,,Gold market tbilisi“-ს დამფუძნებელი და დირექტორი. საქმიანობის სფეროს შეცვლა – პროფესიის დატოვება და ბიზნესში გადანაცვლება რთული და შრომატევადი იყო, თუმცა ახალმა საქმიანობამ ქალბატონ ნანას ბედნიერება მოუტანა. თავად აღნიშნავს, რომ კარიერული გზის ცვლილება და უნივერსიტეტის აუდიტორიების დატოვება მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აღმოჩნდა.

განათლების სფეროდან ბიზნეს სექტორში გადასული ქალბატონი წინსვლისა და განხსვავებული ხედვის საწინდარად მიღებულ განათლებას ასახელებს. ამბობს, რომ ზრდისკენ ყველაზე მეტად მომხმარებლები უბიძგებენ, რომლებიც მას აძლევენ მოტივაციას გახდეს უფრო მობილიზებული და მეტი აკეთოს. წარმატების კიდევ ერთ ფაქტორად ნანა ფიფია დისციპლინას ასახელებს, რომელიც მისი აზრით ამ სფეროში თავის დამკვიდრებისთვის მნიშვნელოვანია.

მას ამბიციური და დიდი ბიზნეს გეგმები აქვს. სურს, რომ Gold market-ის მსოფლიო ბაზარზე გამოჩნდე და საერთაშორისო ბრენდების გვერდით დაიმკვიდროს ადგილი, მოიპოვოს პოპულარობა და მსოფლიო ბაზარზე კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს.

,,Gold market tbilisi“-ს დამფუძნებელი და დირექტორი ბიზნესისთვის ყველაზე გამომწვევ პერიოდად პანდემიას ასახელებს. აღნიშნავს, რომ თავდაპირველად ახალ გარემოსთან ადაპტაცია რთული ჩანდა, თუმცა მისმა გუნდმა მოახერხა ონლაინ მედიაში აქტიურობა, რითაც ყველა მომხმარებელთან კომუნიკაცია და კავშირი შეინარჩუნა.

პიროვნული და კარიერული ზრდის ყველა ეტაპზე ნანა ფიფიასთვის მისაბაძი მაგალითი მამაა, რომლის ინტელექტუალიზმი, განათლება და პროფესიონალიზმიც მას ყოველთვის თან სდევს. ,,მამა მეხმარება გავხდე ზუსტად ისეთი ადამიანი, როგორიც მინდა რომ ვიყო“.- აღნიშნავს ქალბატონი ნანა.

ნანა ფიფია მიიჩნევს, რომ წარმატებული ადამიანები სხვის ცხოვრებასაც ამარტივებენ და ეხმარებიან მათ გახდნენ უფრო ბედნიერები. წარმატებული ბიზნეს კარიერა განათლების მეცნიერებათა დოქტორს საშუალებას აძლევს აქტიურად ჩაერთოს ქველმოქმედებაში. ნანა ფიფია აღნიშნავს, რომ მისი პოზიცია საშუალებას აძლევს დაეხმაროს გაჭირვებულ ადამიანებს. მათთვის საყრდენად ყოფნა კი უფრო დიდ ბედნიერებას ანიჭებს, ვიდრე მხოლოდ წარმატებული კარიერა.

მიღწეული წარმატების მიუხედავად, ბიზნესმენი ქალი გაჩერებას არ აპირებს და აქტიურ შრომას ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს. მისი ყოველი ახალი დღე დილის 6 საათზე იწყება. დატვირთული გრაფიკი ფიზიკურ და გონებრივ აქტიურობას, წიგნების კითხვას, ონლაინ ლექციებში მონაწილეობასა და ეკლესიური ცხოვრებაში აქტიურობას მოიცავს. ამბობს, რომ სწორედ ცხოვრების ასეთი წესი ეხმარება ჰარმონიის მიღწევაში.

,,ნუ შეგეშინდებათ სირთულეების, შეცდომებისა და უსამართლობების“- ეს ქალბატონებისთვის ნანა ფიფიას მთავარი გზავნილია. ის მოუწოდებს ქალებს, გადააქციონ ყველა სისუსტე სიძლერედ და არასდროს დანებდნენ იმ გზაზე, რომელიც სასურველ ცხოვრებამდე მიიყვანს.

კომენტარის დატოვება