აპრილი 16, 2026 00:54

ნომინაციაში „წლის შთამაგონებელი ქალი სამედიცინო მომსახურების სფეროში – 2026“ წარდგენილია ნუნუ ქემაშვილი

„გამოჯანმრთელებული პაციენტი — ჩემი ყველაზე დიდი ჯილდოა” — ნუნუ ქემაშვილი, კლინიკა „ჰარმონიას” ხელმძღვანელი

 

ნუნუ ქემაშვილი 1996 წლიდან არის ექიმი და 2000 წლიდან — კლინიკა „ჰარმონიას” ხელმძღვანელი. მისი გზა სამედიცინო სფეროში დაიწყო სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც მალე გაიგო, რომ უფრო მეტის გაკეთება შეეძლო. „დრომ მაჩვენა, რომ მეტი შემეძლო,” — ამბობს იგი.

 

ინსტიტუტში კლინიკური ბიოფიზიკის კურსის გავლისას ნუნუ ოცნებობდა იმ დროზე, როცა შესაძლებელი გახდებოდა უჯრედულ დონეზე როგორც დიაგნოსტიკა, ასევე მკურნალობა. ეს ოცნება, მისივე სიტყვებით, დღეს რეალობად იქცა. 90-იანების ბოლოს წაიკითხა სამედიცინო სტატია უნიკალური სადიაგნოსტიკო მეთოდის შესახებ, რომელიც ორგანიზმის სრულ ფუნქციონალურ შეფასებას მოიცავდა. გადაწყვეტილება სწრაფად მივიღე და წვედი მოსკოვში სასწავლებლად, რომ ჩავედი, ჯიბეში სულ 20 თეთრი მქონდა”, – იქ შეხვდა ვლადიმირ ვალენტინოვიჩ ლაკინს — მოსკოვის მეორე სამედიცინო ინსტიტუტის მედიკობიოლოგიური კიბერნეტიკის კათედრის გამგეს. „ცოდნა, რომელიც მისგან მივიღე, ჩემთვის იყო გადატრიალება, რადგან აღმოვაჩინე ის ბუნების კანონები, რის გარეშეც ექიმობა და მკურნალობა არასრულფასოვანია,” — ჰყვება ნუნუ.

 

მოსკოვიდან დაბრუნებულმა ტრადიციული და არატრადიციული მეთოდების შერწყმით შექმნა მკურნალობის ის მიდგომა, რომელიც დღეს კლინიკა „ჰარმონიის” საფუძველია. მისი მთავარი პრიორიტეტი — სამკურნალო მეთოდები, რომლებიც გარანტირებულად უვნებელია და რომელსაც აუცილებლად მოაქვს შედეგი.

 

კლინიკის გზა მარტივი არ ყოფილა. გარკვეულ პერიოდში „ჰარმონია” გაერთიანდა ახალ ჰაბთან — „მედიგარდთან”, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ „მედიგარდი” გაუქმდა და ნულიდან დაწყება მოუწია. „პერსპექტივა არ ჩანდა, მაგრამ პროფესიონალიზმმა შეგვაძლებინა,” — იხსენებს ნუნუ მშვიდი ხმით. დღეს, 10 წელია, კლინიკა „ჰარმონია” წარმატებულად მუშაობს და ქმნის მდგრადი ჯანმრთელობის სერვისის პრეცენდენტს საქართველოში.

 

კლინიკის წარმატების საიდუმლოზე კითხვას ნუნუ რამდენიმე მაგალითის ხაზგასმით პასუხობს – განათლებას, პროფესიონალიზმს, მუდმივ სიახლეებზე ღიაობას და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გუნდს: „ჰარმონიას მედპერსონალს საერთო ხედვა და მისწრაფება აქვს განვითარებისკენ.” – და ყველაზე მთავარ შემფასებლად პაციენტებს ასახელებს – „მათი დახმარებით ვხვდებით, როგორ განვვითარდეთ და როგორ წავიდეთ წინ”.

 

წარმატების განმარტება ნუნუსთვის ძალიან კონკრეტულია: „წარმატება არის გამოჯანმრთელებული პაციენტი, და როდესაც მოდის ადამიანი, რომელიც გვიყვება, რომ 8 წლის წინ იმკურნალა ჩვენთან და დღესაც კარგად არის — ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო”.

 

პირადი ცხოვრების შესახებ ნუნუ ემოციურ წონასწორობის მოპოვების საიდუმლოს გვიმხელს – „საქმე, რომელსაც ვემსახურები, მანიჭებს უდიდეს სიამოვნებას, რაც ემოციური წონასწორობის გარანტიაცაა”, – კლინიკის საქმიანობის განსაკუთრებულ მხარედ კი ქველმოქმედებას ასახელებს.

 

მომავლის გეგმებზე საუბრისას ნუნუ ქემაშვილი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანს გამოჰყოფს – “რაც შეიძლება მეტად იყოს აღიარებული და დანერგილი მკურნალობის ის ალტერნატიული მეთოდები, რომლებიც რეალურად უვნებელია და მდგრად ჯანმრთელობას უზრუნველყოფს”. – ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სუნთქვითი პრაქტიკის – კავკასიური იოგას პოპულარიზაციას და მოსახლეობის ფსიქოემოციური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

 

ახალგაზრდა პროფესიონალებს ნუნუ ქემაშვილი ერთ უმნიშვნელოვანეს რჩევას სთავაზობს: „პირველ რიგში საკუთარ თავთან უნდა იყო ჰარმონიაში. ამის შემდეგ – შეუჩერებელია ძიება და განვითარება”.

 

ნუნუ ქემაშვილის გზა ფსიქიატრიიდან და ნარკოლოგიიდან სრულიად განსხვავებულ სპეციალობამდე, მისივე სიტყვებით, „ახალ ეტაპზე გადასვლა” იყო — და მან სწორედ ამ გზაზე იპოვა „ცხოვრების რეალური მისია.” ეს მისია კი დღეს ათასობით პაციენტის ჯანმრთელობაში და საქართველოში მდგრადი ჯანმრთელობის უზრვუნველყოფაში აისახება.

 

კომენტარის დატოვება