ივლისი 22, 2026 03:07

ნომინაციაში „წლის ქალი ლიდერი ჯანდაცვის მენეჯმენტსა და სამედიცინო სისტემის განვითარებაში – 2026“ წარდგენილია ლიკა ფიფია

ლიკა ფიფია — ლიდერი, რომელიც თანამედროვე ჯანდაცვის განვითარებას ემსახურება

 

ლიკა ფიფია საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი გამორჩეული მენეჯერია, რომლის მრავალწლიანი გამოცდილება ჯანდაცვის სისტემის მართვას, კლინიკების განვითარებას, სამედიცინო ტურიზმსა და საერთაშორისო თანამშრომლობას აერთიანებს. უკვე 16 წელია იგი აქტიურად საქმიანობს ამ სფეროში და თავისი პროფესიული გზით არაერთ მნიშვნელოვან პროექტსა და რეფორმას უკავშირდება. დღეს ის არის საქართველოს ჯანდაცვის მენეჯმენტის ასოციაციის პრეზიდენტი, „თბილისის გულის ცენტრის“ გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი, საქართველოს გლობალური ჯანდაცვის ჯგუფის დამფუძნებელი, ასევე სხვადასხვა პერიოდში ეკავა არაერთი მნიშვნელოვანი მმართველობითი პოზიცია ჯანდაცვის სისტემაში. 

 

მისი პროფესიული ისტორია ბავშვობიდანვე მედიცინასთან იყო დაკავშირებული. ექიმების ოჯახში გაიზარდა, სადაც ყოველდღიურად ხედავდა ადამიანებზე ზრუნვის მნიშვნელობას. განსაკუთრებით ემახსოვრება მამასთან ერთად კლინიკაში გატარებული დღეები, ახალშობილების განყოფილება და ის ემოცია, რომელსაც თითოეული გადარჩენილი სიცოცხლე ოჯახში მოჰქონდა. სწორედ მაშინ ჩამოუყალიბდა რწმენა, რომ ექიმის პროფესია განსაკუთრებული მოწოდებაა და ამ საქმეს ადამიანი მთელი გულით უნდა ემსახურებოდეს. თუმცა იმ დროის ეკონომიკურმა რეალობამ სხვა არჩევანისკენ უბიძგა და სწავლა საერთაშორისო ეკონომიკისა და მენეჯმენტის მიმართულებით გააგრძელა. მიუხედავად ამისა, მედიცინაზე ფიქრი არასოდეს შეუწყვეტია და სტუდენტობის პერიოდშივე განსაკუთრებული ინტერესით დაიწყო სამედიცინო მენეჯმენტის შესწავლა. 

 

მის ცხოვრებაში გადამწყვეტი ეტაპი 2009 წელი აღმოჩნდა. ბავშვობის მეგობრის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო თითქმის ექვსი თვის განმავლობაში ყოველდღიურად იმყოფებოდა კლინიკებში, სადაც ჯანდაცვის სისტემა სრულიად სხვა თვალით დაინახა. საკუთარი გამოცდილებით შეიგრძნო როგორც არსებული პრობლემები, ისე იმ ადამიანების თავდაუზოგავი შრომა, რომლებიც ხშირად უმძიმეს პირობებშიც კი პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ. სწორედ ამ გამოცდილებამ საბოლოოდ დაარწმუნა, რომ მთელი თავისი პროფესიული ცხოვრება ჯანდაცვის სფეროს უნდა დაეკავშირებინა. 

 

იმავე წლის ბოლოს მიიღო პირველი შეთავაზება პედიატრიულ კლინიკაში, საიდანაც მისი კარიერა ჯანდაცვის ადმინისტრირებისა და სამედიცინო მენეჯმენტის მიმართულებით დაიწყო. პროფესიონალიზმის, მუდმივი განვითარების სურვილისა და ლიდერული ხედვის წყალობით მალევე გახდა ერთ-ერთი წარმატებული მენეჯერი, რომელსაც არაერთი მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ანდეს. სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, იყო ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის საოპერაციო დირექტორი და ჭიათურის ვიცე მერი. დღეს მისი საქმიანობის მთავარი ნაწილი „თბილისის გულის ცენტრის“ განვითარებას უკავშირდება. 

 

მისი ხელმძღვანელობით „თბილისის გულის ცენტრი“ თანამედროვე, მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებად ჩამოყალიბდა. კლინიკა თავდაპირველად მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიური ცენტრის კონცეფციით შეიქმნა, თუმცა დროთა განმავლობაში მას დაემატა არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, მათ შორის ენდოკრინოლოგია, სისხლძარღვთა ქირურგია, რეაბილიტაცია, ონკოლოგია, უროლოგია, თანამედროვე დიაგნოსტიკა და სამეცნიერო საქმიანობა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას, მინიინვაზიურ ოპერაციებს, თანამედროვე დიაგნოსტიკურ მეთოდებსა და პაციენტზე ორიენტირებულ მიდგომას, რაც კლინიკის განვითარების მთავარი პრინციპია. 

 

ლიკა ფიფიასთვის ხელმძღვანელობა მხოლოდ პროცესების მართვა არ არის. საკუთარ თავს მომთხოვნ, თუმცა სამართლიან ლიდერად მიიჩნევს. მისი აზრით, ძლიერი გუნდი იქმნება მაშინ, როდესაც თითოეული თანამშრომელი საკუთარ მნიშვნელობას გრძნობს, განვითარებისთვის შესაძლებლობა აქვს და საერთო მიზნის მიღწევაში აქტიურად მონაწილეობს. სწორედ ამიტომ ადამიანური ურთიერთობები, პროფესიული ზრდა და გუნდური მუშაობა მისი მმართველობითი ფილოსოფიის განუყოფელი ნაწილია. 

 

მისი წარმატების ფორმულა შრომას, განათლებას, გრძელვადიან ხედვასა და ცვლილებებისადმი გახსნილობას ეფუძნება. დარწმუნებულია, რომ მუდმივი სწავლა, ინოვაციებზე ორიენტირება და გამოწვევებთან გამკლავების უნარი ნებისმიერი სფეროს ლიდერისთვის აუცილებელი თვისებებია. სწორედ ეს პრინციპები დაეხმარა მას პროფესიული გზის თითოეული ეტაპის წარმატებით გავლაში. 

 

მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, ცხოვრების ყველაზე ძვირფას ნაწილად ოჯახს მიიჩნევს. თავისუფალ დროს შვილებთან ერთად მოგზაურობას, კულინარიულ ექსპერიმენტებს, ცურვასა და ვარჯიშს უთმობს. ყველაზე დიდ ბედნიერებას კი შვილების წარმატებები ანიჭებს. ქალიშვილის პროფესიული და პირადი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაბიჯები და ვაჟის მიერ სამედიცინო პროფესიის არჩევა მისთვის განსაკუთრებული სიამაყის მიზეზია. თავად ამბობს, რომ თითოეული გამოჯანმრთელებული პაციენტი, წარმატებით დასრულებული პროექტი და საქმე, რომელსაც ადამიანებისთვის სიკეთე მოაქვს, ბედნიერების ყველაზე დიდი წყაროა. 

 

ლიკა ფიფიას პროფესიული გზა ნათლად აჩვენებს, რომ თანამედროვე ჯანდაცვის განვითარება მხოლოდ სამედიცინო ცოდნას არ ეფუძნება. მას სჭირდება ხედვა, ეფექტური მენეჯმენტი, პასუხისმგებლობა და ადამიანებისადმი გულწრფელი ზრუნვა. სწორედ ამ ღირებულებებს ემსახურება მისი მრავალწლიანი საქმიანობა და სწორედ ამიტომ არის ის ერთ-ერთი იმ ლიდერთაგანი, ვინც ყოველდღიურად ქმნის უკეთეს მომავალს როგორც ქართული მედიცინისთვის, ისე თითოეული პაციენტისთვის.

კომენტარის დატოვება