აპრილი 28, 2024 16:15

ნომინაციაში “ნოვატორი ბიზნესლედი 2023” წარდგენილია ციცო ფუტკარაძე

ნომინაციაში “ნოვატორი ბიზნესლედი 2023” წარდგენილია ციცო ფუტკარაძე, გიზიარებთ მისს ნარატივს:

თავიდან ყველაფერი დაიწყო ასე, თბილისში მინდოდა მქონოდა პატარა სახლი

ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ყოველგვარი დაგეგმვის გარეშე მიმეღწია იმას რასაც დღეს წარმოვადგენ, ვერც ვიფიქრებდი რომ მე, პატარა გოგო, მუხლჩაუხრელი შრომით ამას მივაღწევდი. ვიყავი სპორტმენი და შრომა მაშინაც არ მეზარებოდა, გონებაც მიჭრიდა.

ნელნელა დავიწყე ბიზნესში ნაბიჯების გადადგმა, რაღაცები ვიყიდე-გავყიდე, ავუწყვე ფეხი იმდროინდელ ცხოვრებას და მოვედი აქამდე.

ჩემს ცხოვრებაში განმსაზღვრელი მომენტები რა თქმა უნდა ყოფილა, ყოველთვის ვერ გაგიმართლებს, მაგრამ ეს ტრაგედიად არ უნდა აქციო, ხშირ შემთხვევაშ ჩემს ბედს ვნებდებოდი, რადგანაც მჯეროდა უფლის სურვილის, ვგრძნობდი მისგან მფარველობას, შესაბამისად საქმეც ისე წავიდა, რომ უფლის ხელი მუდმივად თან დამდევს, როგორც იტყვიან ქუდბედიანი ადამიანი ვარ.

პირველ რიგში ადამიანი უნდა იყოს მართალი, ჯერ საკუთარ თავთან და შემდეგ სხვა დანარჩენთან, ყველას რომ დაემალო უფალი გხედავს.

ჩემთვის შთაგონების წყარო ჩემი ოჯახია, მამაჩემს და დედაჩემს 6  შვილი ჰყავდა და ყველაზე პატარა მე ვარ, მამაჩემი ძალიან პრინციპული და მართალი კაცი იყო, ყოველთვის მინდოდა მამაჩემისნაირი ვყოფილიყავი, სიტყვა-პასუხიანი, მართალი და პატივსაცემი,  მე სხვა არავინ მყავდა სამაგალითო, გარდა ჩემი ოჯახისა.

ბიზნესი არის ნაბიჯი ან მარცხისკენ ან პირიქით აღორძინებისკენ, ჩემი ერთი ორგანიზაცია იმპორტზე მუშაობს, შესაბამისად ხშირია სირთულეები და სირთულეებს გავურბივარ, ზოგადად არ მიყვარს სირთულეები, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე ვარ შემტევი, თუმცა ტყუილად წყალის ნაყვას მირჩევნია გონება დავძაბო და ჭკუით ვიმუშავო, თუ რამე ჩემი არ არის, ესეიგი ასე იყო საჭირო და მორჩა, მე მჯერა ბედისწერის.

ქალი ვარ, ქალის ალღომ და ქალის სახემ ჩემთვის, როგორც ბიზნესმენი ქალის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა. 90 – იან წლებში განუკითხაობა იყო და ხშირ შემთხვევაში ქალთან საქმის დაჭერას ყველა ერიდებოდა, ასე ფიქრობდნენ „ქალია როგორ ველაპარაკოთ“ არ მიმიჩნდევდნენ საშიშ პირად, შესაბამისად მე ვმოძრაობდი, ვვითარდებოდი და 90 -იან წლებში შევძელი ბიზნესის კეთება, ვფიქრობ ეს ერთეულებმა შესძლეს.

მე ძალიან ბევრი ადამიანი მიცნობს, მიცნობენ როგორც უტყუარ, სამართლიან საიმედო და დასაყრდენ ადამიანად, თუ არის გადასაჭრელი პრობლემა იციან რომ მე უნდა მომმართონ, მე მაქვს პიროვნული და საზოგადო რესურსი რომ ახლობელ ადამიანს პრობლემა მოვუგვარო.

გორში სოფელ ზერტში ავაშენე ეკლესია, სამრეკლო და იქ არის საკვირაო სკოლა, სადაც სხვადასხვა წრეები ტარდება: ცეკვა, ძერწვა სიმღერა, იქვე გავაკეთე სპორტდარბაზი, ეს ყველაფერი ჩემი სახსრებით კეთდება და ვამაყობ, რომ მე მქვია ქველმოქმედი.

ბალანსის დაცვა კარიერასა და ოჯახს შორის აუცილებელია, ჩემი ოჯახი ამაში ძალიან მეხმარება, უფრო სწორად ხელს არ მიშლიან (იცინის)

ვფიქრობ რომ ეს გვერდში დგომა მათგან ძალიან დასაფასებელია და ვამაყობ ჩემი ოჯახის თითოეული წევრით.

მე რასაც ვაკეთებ ჩემი სამშობლოსთვის ვაკეთებ, როდესაც მე აღარ ვიქნები ეს ყველაფერი რასაც დღეს ვაკეთებ ხომ საქართველოს მემკვიდრეობაა, რა თქმა უნდა კი.

ჩემმა ქმარმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს ბიზნესმენად ჩამოყალიბებაში, ის ყველანაირად მიდგას გვერდით და ჩემი ბედნიერებისთვის ყველაფერს აკეთებს, მართალია არ ერევა ჩემს საქმეებში, თუმცა გვერდით მიდგას. რაც მთავარია შედეგით კმაყოფილია ბოლოს.

რაც მიკეთებია ყველაფერი ჩემი მონაპოვარია, მე ავკრიბე ლამაზ-ლამაზი ქვები რაც იყო ირგვლივ მიმობნეული, შევაგროვე და აეწყო ულამაზესი რამ, ამასთან ერთად მთავარი იყო შინაგანი ჟინი და მონდომება, ყველაფერი ერთად განათდა და ვთვლი გამიმართლა.

პატარა გოგო დიდ ქალაქში დიდ ხალხთან ვთანამშრომლობდი სადაც კი საუკეთესო რამ ვნახე და გავიგე ყველაფერი მოვაგროვე ჩემში და სწორად გამოვიყენე.

უახლოეს მომავალში ვგეგმავ ძალიან ბევრ სიახლეს, ვფიქრობ ჩემი შრომა უკვალოდ არც მომავალში არ ჩაივლის და ქვეყანა ამ ყველაფერს გამოიყენებს.

ერთი პერიოდი საბერძნეთში წავედი და მივხვდი, რომ იქ მუდამ სტუმარი ვიქნებოდი, მოვაგროვე ცოტა თანხა და უკან დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში, წასვლის დღიდან 21 წელი გავიდა და იქედან მოყოლებული რამდენიმე შპს ვფლობ, რამდენიმე ტურისტულ ობიექტს, სასტუმროს და ამ 21 წელს რომ გადახედოთ არც ერთი წელი არ მაქვს უქმედ გატარებული.

ამ ყველაფრის მიუხედავად მეგობრისთვის დავრჩი მეგობარი, დისთვის და, დეიდა, მამიდა, მეუღლე. ჩემი ძალისხმევა ყოველთვის დომინანტია მათთან ურთიერთობებში, ვფიქრობ ყოველთვის მეტი და მეტი გამიღია და აქ მატერიალურს არ ვგულისხმობ, ესაა ყურადღება, დროის დათმობა, გულრწფელი ემოციები, მე ძალიან უბრალო ადამიანი ვარ და ეს ჩემი ღირსებაა, ამავდროულად ძალიან პრინციპული ვარ, არ მიჭირს დაყვირება, შენიშვნის მიცემა, თუ რამე არ მომწონს უნდა შეიცვალოს, არ გეგონოთ რომ ვარ ბოსი, მე ვარ ლიდერი, მაგრამ აუცილებელია ოქროს შუალედის დაცვა, სადაც იქნები ბოსიც და ლიდერიც.

შედეგს რომ დადებ და მოგეწონება მერე ვერ ჩერდები, რაც კი დამიწყია ყველაფერი გამომდის, ეს ნიჭიცაა გამართლებას და უფლის წყალობაც.

ვფიქრობ ახლა უფრო რთულია მიაღწიო რამეს, მე როდესაც ეს ყველაფერი დავიწყე კონკურენცია არ იყო, ახლა ძალიან დიდია ბაზარი და რთულია თავის დამკვიდრება, ვფიქრობ მაინც მონდომების საკითხია პიროვნული განვითარება ასევე ბიზნესის განვითარება, თუ კონკურენტებს შენი ეშინიათ ესეც კარგია, კომუნისტების დროს გაზრდილი ვარ და დამოუკიდებლობის ფასი ალბათ ახლა ყველაზე მეტად მესმის, თავისუფლებას არაფერი სჯობს, სწორეს ეს თავისუფლება გვანიჭებს განვითარების საშუალებას, თუმცა არ უნდა გადავცდეთ ზღვარს და შევინარჩუნეთ ადამიანობა თავისუფალ გარემოში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.