ნოემბერი 24, 2024 13:19

„ლიდერ ქალთა საზოგადოების“ სპონსორია ყვავილების სალონი “მეა”

„ლიდერ ქალთა საზოგადოების“ სპონსორია

ყვავილების სალონი “მეა”.

რომელიც მდებარეობს ბათუმში და გამოირჩევა ყვავილების მრავალფეროვანი არჩევანით, გემოვნებიანი თაიგულებითა და მომხმარებელთან განსაკუთრებული დამოკიდებულებით.

სახელის მნიშვნელობას კომპანიის დამფუძნებელი, ქალბატონი გურანდა, ასე განმარტავს:

  • მეა – ჩვენი შვილების სახელების (მარი, ეკატერინე, ანასტასია) ინიციალებია. დიდხანს ვფიქრობდით რას მოუხდებოდა ეს სახელი და ბოლოს შევარჩიეთ, გოგონებისთვის ყველაზე ლამაზი სფერო- ყვავილები.

მაღაზიის შექმნის იდეა ჟურნალისტების წყვილს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც დამღლელი რუტინული სამუშაოს შემდეგ განსატვირთად, საკუთარ მიწის ნაკვეთზე, ბათუმში, ყვავილები, კერძოდ კი ალსტრომერია, მოაშენეს.

  • ბათუმის ჰავა ალსტრომერიისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი აღმოჩნდა და ჩვენი ყვავილებიც ძალიან მოკლე დროში გახდა პოპულარული, ჯერ კიდევ პანდემიამდე სათბურზე სიუჟეტები მომზადდა ინტერნეტ-გამოცემა „ბათუმელების“, ტელეკომპანია რუსთავი 2-ისა და ტვ-25-ის მიერ, გამოქვეყნდა ვრცელი სტატია კვირის პალიტრაში. ჩვენს ყვავილებზე გაჩნდა მოთხოვნა და ფაქტობრივად ვახერხებდით ბათუმში ყვავილების 5 მაღაზიის მომარაგებას. მაგრამ პანდემიის დროს, ლოქდაუნის პირობებში, როცა არც ერთი მაღაზია აღარ ფუნქციონირებდა, გაჩნდა რეალიზაციის პრობლემა, ამიტომ დავიწყეთ ყვავილების გაჩუქება სამეგობრო წრეში, შემდეგ ისევ მეგობრების მოთხოვნით გაგვეკეთებინა ონლაინ მაღაზია სოციალური გვერდის საშუალებით, იდეამ გაამართლა. შემდგომში კი გადავწყვიტეთ პარალელურად ჩვენი მაღაზია გაგვეხსნა.
  • გასული წლის პირველ მარტს იდეა განვახორციელეთ და ერთ წელიწადში ფაქტობრივად მოვახერხეთ ჩვენი ადგილის პოვნა ბაზარზე. გვყავს ჯერჯერობით დასაქმებული სამი ადამიანი. გოგონები ჩვენთან სრულიად სხვა პროფესიებიდან მოვიდნენ, მაგრამ საკუთარი პრაქტიკით, სრულიად გამოუცდელებმა შეძლეს ის რომ, ერთი წლის განმავლობაში ჩვენი მოკრძალებული სიტყვა გვეთქვა ამ სფეროში.
  • ვფიქრობთ, გვაქვს ჩვენი ხელწერა და „მეა“-ს თაიგულების გამოცნობა უკვე შესაძლებელია. ვცდილობთ მაქსიმალურად ხარისხიანი და დროული სერვისი შევთავაზოთ მომხმარებელს. ჩვენი მომხმარებლები ძირითადა ახალგაზრდები არიან, რომლებიც ცდილობენ მინიმალური დანახარჯით „გააოცონ“ საყვარელი ადამიანები

„მეა“ -ს თაიგულები კი სწორედ ამაში ეხმარება მათ.

  • ჩვენ არ გვეშინია ნოვაციების და პატარ-პატარა რისკების, ბევრი გამოცდილი კომპანიისგან განსხვავებით, ვფიქრობთ უფრო სწრაფად და ეფექტურად ვითვისებთ ონლაინ-ბაზარს. ჩვენი დაკვეთების 30% უცხოეთიდან მოდის, რომლებსაც აქვთ განსხვავბული ისტორიები, „მეა“ კი ცდილობს ყველა ამ ისტორიის თანამონაწილე გახდეს.
  • მალე ალბათ გავაკეთებთ პატარა პროექტს „მეა-ს ისტორიები“, ეს ისტორიები კი სავსე იქნება: სიყვარულის, გაბრაზების, შერიგების, პატივისცემის, ნოსტალგიის და ა.შ. ემოციური ბარათებით.

ქალბატონი გურანდა ფიქრობს, რომ ქვეყანას სჭირდება უფრო მეტი აქტიური ქალბატონი და მათი უფრო მეტი ჩართულობა როგორც ბიზნესში, ასევე პოლიტიკაში და სხვა საზოგადოებრივ პლატფორმებზე.

  • ბოლო პერიოდში, საქართველოს მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრ სფეროში ქალების მოღვაწეობა უფრო ეფექტურ შედეგს იძლევა ვიდრე მამაკაცების, ამიტომ ეს პოტენციალი სრულად უნდა იყოს გამოყენებული. ქალებს უნდა ქონდეთ უფრო მეტი ხელშეწყობა, როგორც სახელმწიფო ისე კერძო სექტორის მხრიდან და ისეთი სტიმულის მიმცემი ორგანიზაციები, რომლებიც მათ საქმიანობას წარმოაჩენს და გააცნობს ფართო საზოგადოებას.

https://www.facebook.com/meabutiki/photos/?ref=page_internal

კომენტარის დატოვება