აპრილი 26, 2024 02:53

„წლის ქველმოქმედი ემიგრანტი ქალი -2022“- ლანა ლომჯარია

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში „წლის ქველმოქმედი ემიგრანტი ქალი -2022“ წარმოგიდგენთ ქალბატონ ლანა ლომჯარიას.
ლანა უკვე მეოთხე წელია ემიგრანტია იტალიაში, თუმცა მიუხედავად ამისა, უკვე მოახერხა საკუთარი თავის დამკვიდრება უცხო ქვეყანაში და პარალელურად უდიდეს საქმეს აკეთებს საკუთარ ქვეყანაში. მარტოხელა დედამ შეძლო წინააღმდეგობების გადალახვა და ახლა უკვე სხვებს უწვდის დახმარების ხელს.
• უკვე 4 წელია, რაც ემიგრანტი ვარ. სენსიტიურ განწყობას ამ სტატუსის ირგვლივ მიქარვებს ხელშეხება ნამდვილ ევროპულ ღირებულებებთან. უპირობო თანადგომის უნარი აღმოჩნდა ჩემთვის სიურპრიზი, რომელმაც ამოატრიალა ჩემი მსოფმხედველობა, გადამალახინა მარტოხელა დედის განცდები და როგორც ქალი, გამხადა ძლიერი. უფრო მეტიც, მიბიძგა, შექმენა ფონდი,რომელიც იმ ქალებს გაუიოლებს ცხოვრებას,რომლებმაც ჩემი გზა აირჩიეს.
ქალბატონმა ლანამ დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი: ,,სიცოცხლე, რომლის გადარჩენა შეგიძლია“. ფონდი ილაშქრებს იძულებითი აბორტების წინააღმდეგ და ეხმარება მარტოხელა დედებს. ლანას სურვილია, რაც შეიძლება მეტმა შეიტყოს ამ ფონდის არსებობის შესახებ, რომ მეტი ქალის იმედად და ძალად იქცეს. ძალად, რომ გაბედოს, შეძლოს, არ დანებდეს! მისი მიზანია, არცერთ ახალგაზრდა ქალს არ შეეშინდეს დამოუკიდებლად განკარგოს პირადი თუ საკუთარი შვილის ბედი და მომავალი. ლანამ საკუთარი ფონდის ეგიდით ჭავჭავაძის გამზირზე, პიქსელის შენობაში გახსნა უფასო ტანსაცმლის მაღაზია, სადაც მარტოხელა დედებს შეუძლიათ უფასოდ შეარჩიონ და წაიღონ ტანსაცმელი, რომლის შესყიდვას და საქართველოში გამოგზავნასაც ლანა უზრუნველყოფს მხოლოდ საკუთარი სახსრებით.
ემიგრანტობამდე საქართველოში ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული. ემიგრაციაში წასვლის შემდეგ კი ჩაება საქველმოქმედო საქმიანობაში. ამბობს, რომ სწორედ ამ საქმეში იპოვა საკუთარი თავი:
• ეს იყო მიგნება საკუთარი თავის პოვნის.ძალიან ამაყი ვარ, რომ მაქვს უნარი, სხვებს მივანიჭო ბედნიერება და ვიყო მართალი ამ ბედნიერებაში.
ამბობს, რომ სწორედ ქალად ყოფნაა ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ იყოს უფრო ძლიერი და შეუპოვარი.
თავის ყველაზე დიდ მიღწევად საკუთარ გაბედულ გადაწყვეტილებას მიიჩნევს:
• ჩემი მთავარი მიღწევა მარტოხელა დედობის გადაწყვეტაა, რომელმაც სრულიად სხვა თვალით დამანახა სამყარო, დამაახლოვა უფლისკენ მიმავალ გზასთან და მასწავლა საკუთარი თავის რწმენა.
მიაჩნია, რომ ქალები დადებითი ენერგიის მატარებლები არიან და ამ ენერგიით უამრავი კარგი საქმის კეთება შეუძლიათ:
• ქალი ქმნის ჰარმონიას,ქალს შეუძლია მოიიზიდოს დადებითი ენერგიები,რომელიც გარდაქმნას დიდ აქტივობად..დადებითი ენერგია შეიძლება იყოს საყვარელის საქმის პოვნა..საკუთარი როლის მიგნება..რაც ერთგვარი ძალაა შეეჭიდო უფრო დიდს..დაიმკვიდრო საზოგადო სტატუსი და დაეხმარო სხვა ქალებს გაძლიერებაში,საფეხურის ამაღლებაში.ზოგადად თანადგომის უნარი ჩემი მთავარი ინსპირაციაა
ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ თავიანთ პროფესიასა თუ ბიზნესში პირველ ნაბიჯებს, ლანა ურჩევს, რომ მუდმივად იბრძოლონ ოცნებების მისაღწევად:
• ვურჩევ მათ, რომ არ დანებდნენ, დაბრკოლებები ჩათვალონ გამოწვევად! არასოდეს თქვან უარი იმ ოცნებებზე რომელიც რთულად მისაღწევი ჰგონიათ.
შეუძლებელია, დაბრკოლებების გარეშე შექმნა რაიმე ღირებული ცხოვრებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.