აპრილი 19, 2024 08:43

“წარმატებული მენეჯერი და PR-სპეციალისტი“- ნათია ქარჩაიძე

“ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში „წარმატებული მენეჯერი და PR-სპეციალისტი“ წარმოგიდგენთ ქალბატონ ნათია ქარჩაიძეს.
ქალბატონმა ნათიამ შესანიშნავი განათლება მიიღო პოლონეთსა და საქართველოში. ასევე მრავალფეროვანია მისი სამუშაო გამოცდილება:
• სწავლის დასრულების შემდეგ მალევე დავიწყე მუშაობა სპეციალობით ენერგო კომპანიაში. ამას მოჰყვა „ვორლდ ვიჟენ საქართველოს“ პროექტში დასაქმება და შემდგომი, მრავალწლიანი, მენეჯმენტის გამოცდილება. ვმუშაობდი თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში ხელმძღვანელ პოზიციაზე.. მაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია ა.ა.ი.პ. თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, რომელიც აქტიურ საქმიანობას ახორციელებს მთელს რეგიონში. ვარ დიდი გუნდის წარმომადგენელი, ს.ს. საქართველოს ბანკის კახეთის რეგიონული მენეჯერი.
ამბობს, რომ წარმატებით უთავსებს ერთმანეთს ოჯახსა და აქტიურ საქმიანობას:
• ჩემს რეჟიმს იმდენად მიჩვეული ვარ, რომ ვერც წარმომიდგენია სხვანაირად. ორი შვილის პირობებში მუდამ ვმუშაობდი, ვიყავი ნებისმიერ ადგილას, სადაც საჭირო იყო. შეზრუდვას ვერ დავუწესებდი ჩემს თავს, როდესაც ეს საქმისთვის იყო საჭირო. რთულია ყველაფერი. ზოგადად, მართვა რთულია, როდესაც ერთნაირად ხარ პასუხისმგებელი ადამიანურ რესურზე და პროცესებზე, ხარ რამდენიმე მიმართულებაში ერთად და გაქვს მისახედი ოჯახი.
ყოველდღიურობაა უამრავი კომუნიკაცია, შეხვედრა, პრაქტიკული საქმიანობა, სხვების მოტივაცია და ბოლოს საკუთარი თავისთვის დროის გამონახვაც.
რამდენადაა რთული ის ქალისთვის, არ ვიცი. ზოგადად, მარტივი არაფერია. არ ვუყურებ გენდერს, არასდროს ვსაზღვრავ გენდერით.
ნათია მიიჩნევს, რომ ყველაფერი, რასაც აქამდე მიაღწია დიდი შრომის შედეგია, შესაბამისად მნიშვნელოვნად მიაჩნია და ეამაყება:
• ყველაფერი მიღწევაა ჩემთვის, რადგან მიმაჩნია, რომ დიდი შრომა მაქვს ჩადებული ბევრი წლის განმავლობაში. ის, ეხლა სადაც ვარ, ყველაფერია მოცემულობა და უდიდესი მიღწევა. ეს გაჩერებას და კმაყოფილებას არ ნიშნავს, მაგრამ მიღწევა ნამდვილად არის.
ქალბატონი ნათია ნებისმიერი სახის კომუნიკაციაში ქალის როლის მნიშვნელობაზე მიუთითებს:
• ქალის როლი უდიდესია ნებისმიერ კონსტრუქციულ და დესტრუქციულ კომუნიკაციაში. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ სწორ განვითარებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მისი შესაძლებლობები არის მოქნილობა, სისხარტე, ინიციატორობა. ამიტომ ამ ძალის სწორად წარმართვის შემთხვევაში აუცილებლად დგება უპირატესი შედეგი ყველა საქმეში.
ფიქრობს, რომ ქალს ყველა სიტუაციაში შეუძლია საკუთარი მიზნის მიღწევა, თუ ნამდვილად სურს და თავდაუზოგავად იბრძვის ამ მიზნისთვის:
• ყველას ვეტყვი: არ არსებობს გადაულახავი სიტუაციები; არ არსებობს „არ შემიძლია“ (ყველაფერი შეგიძლია სურვილის დროს);არ არსებობს „ვერ ვასწრებ“ (არ ასწრებ იმიტომ, რომ ბოლომდე არ გინდა); ხელს მიშლიან (შენ უშლის შენს თავს ხელს)!
კარიერაში მიღწეული წარმატებიდან და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ნათია, ყველა ქალს, რომელიც ახლა დგანან პროფესიული არჩევანისა თუ საკუთარი საქმის დაწყების პროცესში არსებული გამოწვევების წინაშე, ურჩევს:
• იყვენ თავმდაბლები,მაგრამ მებრძოლები, პირდაპირები, ქარიზმატულები და თუ რამე არ გამოსდით, სხვებს ნუ დააბრალებენ. დააბრალონ მხოლოდ საკუთარ თავს, რომ მეტად განვითარდნენ კითხვების დასმის პროცესში, იპოვონ ის, რაც ნამდვილად უნდათ!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.