ნოემბერი 24, 2024 14:31

„სამედიცინო განათლებაში შეტანილი წვლილისთვის -2022“ წარმოგიდგენთ ელზა ნიკოლეიშვილს

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაზე „სამედიცინო განათლებაში შეტანილი წვლილისთვის -2022“ წარმოგიდგენთ MD. PhD. პროფესორს, საქართველოს უნივერსიტეტის რეზიდენტურის მიმართულებისა და მედიცინის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელს  ელზა ნიკოლეიშვილს.

 

ქალბატონი ელზა პროფესიით  პედიატრია. მისი კარიერა, როგორც თავად ამბობს, სამ ეტაპად შეიძლება დაიყოს:

  • მ.გურამიშვილის სახ. პედიატრიული კლინიკა იყო ადგილი, სადაც მოხდა ჩემი, როგორც ექიმის ჩამოყალიბება.  კლინიკაში ძალიან აქტიური იყო პროპედევტიკის კათედრა, რამაც კიდევ უფრო გააღვივა ჩემი ინტერესი საუნივერსიტეტო საქმიანობისადმი. 2006 წელს   დავიცავი დისერტაცია ქალბატონ ქეთევან ნემსაძის ხელმძღვანელობით. სამეცნიერო კვლევის წლები იყო უაღრესად საინტერესო და პროდუქტიული. პარალელურად ვმუშაობდი ფარმაცევტულ კომპანიაში კლინიკური მიმართულებებით, პრომოციისა და მარკეტინგის დეპარტამენტში, ამიერკავკასიის ქვეყნებში- საინტერესო პერიოდი გამოვიარე პროფესიული ზრდის და ადამიანური ურთიერთობების კუთხით.

  • მეორე ეტაპი-2010 წელს მეგობრებთან ერთად დავაფუძნე სამედიცინო ტურიზმის კომპანია. საერთაშორისო ურთიერთობები დავამყარეთ თურქეთის, ისრაელის, გერმანიის წამყვან კლინიკებთან. ეს იყო  საუნივერსიტეტო კლინიკებთან ურთიერთობის და საერთაშორისო პარტნიორების შეძენის  უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რასაც დღემდე ვაგრძელებ.
  • მესამე ეტაპი დღემდე გრძელდება- 2012 წლიდან დავიწყე საუნივერსიტეტო საქმიანობა დ. ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლაში მოწვეულ ლექტორად. 2014 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტში დავაარსეთ  ფარმაციის ფაკულტეტი, სადაც,  ქართველებთან ერთად, მსოფლიოს 20 ზე მეტი ქვეყნიდან სწავლობენ სტუდენტები. ეს წლები ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი  იყო უნივერსიტეტთან ინტეგრაციის, კარიერული წინსვლის და პროფესიული განვითარების კუთხით. 2020 წლიდან  ვმუშაობ რეზიდენტურის მიმართულების ხლმძღვანელად. ვთვლი, რომ ეს ის სფეროა სადაც დღეს ყველაზე უფრო მეტად საჭიროა მოქმედება, ინოვაციები და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.  ეს ექიმის პროფესიულად გაზრდის და ჩამოყალიბების პერიოდია. აქ უნდა მოხდეს კლინიცისტის კომპეტენციებზე გასვლა, ექიმის ცოდნის გარღმავება და  კლინიკური უნარების ჩამოყალიბება; ემპათიის, პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივება; ეთიკურ და მორალური პრინციპებზე პასუხისმგებლობა და სხვ.  პირველი სარეზიდენტო პროგრამა რომლის აკრედიტაციაც გავიარეთ არის „დერმატო-ვენეროლოგიის „ სარეზიდენტო პროგრამა. აქტიურად ვმუშაობთ ონკოლოგიის და სხვ. მიმართულებებზე.
  • 2022 წლიდან დავიწყეთ მედიცინის სადოქტორო პროგრამაზე მუშაობა. დღეისათვის, მედიცინის განვითარებისთვის წამყავნ ძალას მეცნიერული კვლევები წარმოადგენს. ჩვენი პროგრამაც ორიენტირებული იქნება კვლევაზე. კვლევის შედეგებმა მნიშვნელოვანი გავლენა უნდა მოახდინოს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე, უნდა გადაჭრას წაყენებული პრობლემა ან მნიშვნელოვანი კონტრიბუცია უნდა შეიტანოს მისი გადაჭრის საქმეში.

ამბობს, რომ იმ სფეროებში სადაც უმუშავია ძირითადი  წამყვანი ძალა  არის ქალი, შესაბამისად მისთვის არ ყოფილა რთული ამ გარემოში ადაპტირება. წუხს, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში მამაკაცები ისევ უმცირესობაში არიან.

ამბობს, რომ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ  სულ ხელმძღვანელის პოზიციაზე მოუხდა ყოფნა და არასდროს შეურჩევია კადრი სქესობრივი კუთვნილების მიხედვით. მიაჩნია, რომ როგორც ჩანს, მასაც გაუმართლა ამ მხრივ თავის დროზე.

ქალბატონი ელზა არ კმაყოფილდება იმით, რასაც აქამდე მიაღწია და ფიქრობს, რომ მისი მთავარი მიღწევა ჯერ კიდევ წინაა.

  • მეამაყება ჩემი შვილები, რომლებსაც უკვე თავიანთი ოჯახები აქვთ. ზუსტად ვიცი, რომ მათი არსებობა უკეთესს ხდის სამყაროს თავიანთი სიკეთით, ჰუმანურობით და პასუხისმგებლობით როგორც ოჯახის, ასევე საზოგადოების წინაშე.
  • ზუსტად იქ ვარ, სადაც აბსოლუტურად ვახდენ ჩემი შესაძლებლობების რეალიზაციას. სტუდენტებთან მუშაობა დიდი ბედნიერებაა. უნივერსიტეტი სწორედ ის ადგილია, სადაც შენც იზრდები, ვითარდები და შეგიძლია სასარგებლო საქმეების კეთება.
  • მიხარია, რომ ისეთ დროს მომიწია მუშაობა როცა ჯანმრთელობის მეცნიერებების სფერო და ასევე, ჯანმრთელობის განათლება, ახალ ფაზაში შედის- ინოვაციები, კვლევები, სწავლა-სწავლების ახალი მეთოდები- ამ ყველაფერში აქტიურად ვარ ჩართული როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

ქალბატონი ელზა 2021 წლიდან გახლავთ ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის ჟურნალის-„ Europe Scientific Journal” რედკოლეგიის  წევრი, რეცენზენტი.  ასევე, დღემდე არის საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის “Caucasus Health Sciences and Public Health”  რედკოლეგიის წევრი.  მისთვის ეს დიდ პატივთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა.

გახლავთ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი ფარმაციაში. საავტორო ტრენინგ-კურსების ავტორი.

  • ჩემს კოლეგებთან ერთად დაპატენტებული მაქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი უმაღლესი სამედიცინო და ჯანმრთელობის განათლების მიმართულებით.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სადოქტორო პროგრამაზე მყავს დოქტორანტები, რომელებიც ძალიან აქტუალურ საკითხებზე მუშაობენ ჩვენი პოპულაციის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის სხვადასხვა მიმართულებით.

მიაჩნია, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ქალის როლი განსაკუთრებით გაიზარდა.

  • დღეს, ვერ ნახავთ მეცნიერების თუ პრაქტიკული საქმინაობის (ბიზნესის) სფეროს, სადაც ქალს არ შეეძლოს გადამწყევტი, მნიშვნელოვანი სიტყვის თქმა… სადაც ქალია, იქ შენებაა, სიყვარულია, ჰუმანურობაა, სილამაზეა. ქალს შეუძლია ისეთივე წარმატებით მოაგვაროს საქვეყნო საქმეები, როგორც საოჯახო. ერთნაირად დასაფასებელი უნდა იყოს საზოგადოების მხრიდან ქალი ოჯახში და ქალი სამსახურში, ქალი საოჯახო საქმეებით და ქალი საზოგადო საქმეებით. წახალისებული უნდა იყოს მრავალშვილიანი ოჯახის დედობა. ხომ ვიცით „ლამაზად შვილის აღმზრდელი, დედა მიცვნია ღმერთადა“ – უკეთესად ვინ იტყვის?!

ქალებს, რომლებიც ახლა  დგამენ თავიანთ პროფესიასა თუ ბიზნესში პირველ ნაბიჯებს ქალბატონი ელზა ურჩევს, რომ საკუთარ საქმედ აირჩიონ ის, რისი კეთებაც აბედნიერებთ:

  • პირველ რიგში, ზუსტად უნდა გაიაზრონ რომ ეს ის ადგილია , ის სფეროა, სადაც მათ მიუხარიათ, სადაც ყველაზე პატარა, უმნიშვნლო მიღწევაც კი უდიდეს სიხარულს და სიამოვნებას მიანიჭებთ. თუ ეს ასე იქნება, მაშინ , ნებისმიერი სირთულის სამუშაოს დაძლევა იქნება შესაძლებელი.
  • შრომა, ძიება, ექსპერიმენტები-ეს ის მამოძრავებელი ძალაა, რაც ყველაფერს შეაძლებინებს ადამიანს. არ ვიცი სხვა სფეროებში როგორაა, ჩვენთან -კოლეგების აზრის გაზიარება, მეორე აზრის მოსმენა, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება -წარმატების წინაპირობაა თავდაუზოგავ შრომასთან ერთად. …კარგი სიტყვები მახსენედება – სიბრძნე, წლებთან ერთად კი არ მოდის, იგი, მუდმივი შრომის და სწავლის შედეგია. და ბოლოს, მინდა ჩემი საყვარელი ფრაზით დავასრულო „ განათლება- გადამწყვეტია!“ “ Education is Paramount”!

კომენტარის დატოვება