ნოემბერი 24, 2024 18:44

ნომინაციაში  „წლის ხმა- 2022“ წარმოგიდგენთ მომღერალ სალომე მირიანაშვილს

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში  წლის ხმა- 2022“
 
წარმოგიდგენთ, მომღერალ სალომე მირიანაშვილს.
 
34 წლის, ორი ქალიშვილის დედა, სალომე მირიანაშვილი წარმოშობით კახეთიდანაა. პროფესიით ჟურნალისტია, მან ამ განხრით დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი, თუმცა საკუთარი პროფესიით არასოდეს უმუშავია.
 
თავად დედისგან იცის, რომ ჯერ კიდევ ძალიან პატარას აღმოაჩნდა მუსიკალური ნიჭი, ის საკუთარ თავს უმღეროდა ნანას და ისე იძინებდა.
 
თავად სალომე ამბობს, რომ მუსიკალური ნიჭი დიდი ბებიისა და დედისგან გადმოეცა. ამბობს, რომ დედას ძალიან ლამაზი, მგრძნობიარე ხმა აქვს. მამა მხატვარ-მოქანდაკეა და სწორედ მამის გავლენაა ის, რომ სალომე შესანიშნავად ხატავს კიდეც. დაამთავრა მუსიკალური ათწლედიც.
 
მიუხედავად სხვა პროფესიისა და მრავალმხრივი ნიჭისა, სალომემ ძირითად პროფესიად სიმღერა აირჩია, სხვა ყველაფერს თავი დაანება და თავდაუზოგავად მუშაობს ამ მხრივ განვითარებისა და წინსვლაზე, რაკიღა აქვს უამრავი მნიშვნელოვანი გეგმა და მიზანი.
საქართველოში უამრავ მუსიკალურ პროექტში მიიღო მონაწილეობა. ის საზოგადოებამ ვოისიდან გაიცნო.
ამბობს, რომ სამწუხაროდ არცერთ მათგანში არ მიეცა თავის სრულად წარმოჩენის საშუალება, თუმცა ამან მის მოტივაციას ვერაფერი დააკლო და პირიქით, მუდმივად იბრძოდა, დაემტკიცებინა საკუთარი შესაძლებლობები. ამბობს, რომ ყველაფერს, რასაც ახლა წარმოადგენს, საკუთარი თავდაუზოგავი შრომით, საკუთარი ძალითა და ბრძოლით მიაღწია.
 
• მომდიოდა მოწვევები სხვადასხვა პროექტებიდან, მათ შორის უცხოეთიდან, თუმცა ფინანსების არქონის გამო ვერასოდეს შევძელი წასვლა და სერიოზულ კონკურსებში მონაწილეობა.
 
• 2018 წელს საერთაშრისო ფესტივალი ჩატარდა ბათუმში, „სილქ როუდ სთარი“, სადაც 14 ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველოს სახელით ვმონაწილეობდი და ავიღე პირველი ადგილი, გრანპრი. სამწუხაროდ, ეს ძალიან მაგარი პროექტი სათანადოდ არ გაშუქდა ჩვენს მედიასაშუალებებში. ამან გარკვეულწილად მომიტანა აღიარება და წარმატება.
 
• შემდეგ იყო „საქართველოს ვარსკვლავი“, „იქს ფაქტორი“- აქაც მხოლოდ გამატელევიზორეს. შემდეგ იყო „ვოისი“, სადაც სტეფანეს ჯგუფში მოვხვდი და სამწუხაროდ, რინგის ტურიდან მომიწია პროექტის დატოვება. თუმცა, ჩემთვის ყველაზე მთავარი იყო ის, რომ საზოგადოებას ამ ორი ძალიან მაგარი გამოსვლით დავამახსოვრდი, თუმცა სულ მინდოდა, ლაივ ტურებზე მაქსიმალურად გამომევლინა ჩემი შესაძლებლობები, რის საშუალებაც, სამწუხაროდ, არ მომეცა.
ძალიან მიხარია ის, რომ „ვოისში“ ჩემი ბრმა კასტინგში ნამღერი პირველად პროექტის ისტორიაში, მოხვდა ამერიკის გლობალზე, ოფიციალურმა გვერდმა ჩემი პერფორმანსი ატვირთა პირველად ქართული პროექტების ისტორიაში. ცხადია, შემდეგ იყო სხვებიც, თუმცა ჩემით დაიწყო. ეს იყო საოცარი ემოცია და ვთვლი, რომ ეს იყო ჩემი გამარჯვებაც.
 
სალომე უკვე ოთხი წელია ბათუმში მღერის. იქვე ცხოვრობს და ამბობს, რომ ძალიან უყვარს ეს ქალაქი და ყველანაირად ეცდება წარმატება მოუტანოს მას, რადგან თავად ამ ქალაქმაც ბევრი რამ მისცა: აღიარება, შემოსავალი, სიყვარული და ყველაფერი, რაც აბედნიერებს.
 
სალომეს ჰყავს ბენდიც, რომელთან ერთადაც სხვადასხვა საღამოებზე მღერის.
 
სალომე ამბობს, რომ მის წინსვლაში უდიდესია საკუთარი ოჯახის, მშობლების წვლილი.
 
სალომე ჩართულია დავით ევგენიძის მუსიკალურ პროექტში „მუსიკის 12 მოციქული“, სადაც ასრულებს კომპოზიტორ თინი წულაძის კომპოზიციას. ამბობს, რომ სწორედ ამ საოცარი კომპოზიტორის სიმღერების ჩაწერას აპირებს ალბომისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ახლა არ ჰყავს ვოკალის პედაგოგი, ამბობს, რომ უდიდესი წვლილი მიუძღვის მისთვის ხმის მართვის, ხმის დახვეწის მხრივ, ვოკალის პედაგოგს, ნინო კომახიძეს და ამისთვის მადლობელია მისი, რომ მის ნიჭს სწორი მიმართულება მისცა და მის მრავალმხრივ განვითარებას შეუწყო ხელი.
 
• არასოდეს მავიწყდება არცერთი ადამიანის ამაგი, ვისაც კი ოდესმე რამე გაუკეთებია ჩემთვის. ვფიქრობ, რომ მადლიერება არის გრძნობა, რომელიც არასოდეს არ უნდა დაკარგო.
 
სალომე ამბობს, რომ არცერთი წამი არ შეუძლია მუსიკის გარეშე. აპირებს, რომ სულ მალე საავტორო სიმღერაც ჩაწეროს.
 
• ანასტასიას გაჩენისას საკეისრო კვეთით დამჭირდა და იმ დროსაც კი ავმღერდი. დაახლოებით 5 სიმღერა ვიმღერე სპინალური გაუტკივარებით ოპერაციის დროს. ექიმები გაოცებულები იყვნენ. სიმღერა არის ჩემთვის გამოსავალი სტრესის დროსაც.
 
სალომე მიიჩნევს, რომ ქალებს ყველაფერი შეუძლიათ.
 
• ქალი ყველაზე ძლიერი არსებაა მთელს პლანეტაზე. ქალს ყველაფრის ატანა, გაძლება და მიღწევა შეუძლია. კაცი მხოლოდ ფიზიკურად შეიძლება იყოს ძლიერი, თორემ სხვა მხრივ ქალზე ძლიერი ის ვერანაირად ვერ იქნება.
 
• არაფრის არ მეშინია ქვეყნად, გარდა ღმერთისა და მიხარია, რომ ბევრი ადამიანისგან მომისმენია, რომ მე ვარ მათთვის მაგალითი, ბრძოლისა და თავდადების სიმბოლო და ეს მაბედნიერებს. მიხარია, თუ ერთი ადამიანისთვისაც კი ვიქნები ძალა, რომ იბრძოლოს და შექმნას. რადგან მე სწორედ ბრძოლითა და თავდაუზოგავი შრომით ვაღწევ ყველაფერს.
 
• ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, რომ მქონდეს საკუთარი სახლი, სადაც ჩემს შვილებთან ერთად შევხვდები ყველა დილას და საღამოს!
 
ამ ოცნებისთვის ვშრომობ თავდაუზოგავად, ხმაზეც მეტყობა, რამდენს ვმღერი. მეამაყება, რომ ღირსეულია ჩემი ყოველი ნაბიჯი, მხოლოდ საკუთარი ძალებითაა გადადგმული, ყველანაირი ხელშეწყობის გარეშე, შესაბამისად უკან მიხედვის არ მრცხვენია. პირიქით, ამაყი ვარ და უფრო ამაყად მივდივარ წინ, ჩემი მიზნებისა და ოცნებების ასახდენად!

კომენტარის დატოვება