ივნისი 19, 2024 06:03

ნომინაციაში  „წარმატებული სტარტაპერი -2023“ წარმოგიდგენთ ნინო ნადირაძეს

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში  „წარმატებული სტარტაპერი -2023“ წარმოგიდგენთ ძალიან აქტიურ  ახალგაზრდა ქალბატონს, ნინო ნადირაძეს.

ნინო არის ადამიანი, რომელსაც აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული თვითმიზანი, რომ საკუთარი ძალებით, შრომითა და მუდმივი განვითარებით მიაღწიოს წარმატებას და მეტად გაზარდოს და გაამრავალფეროვნოს საკუთარი ბიზნესი.

ის ჯერ მხოლოდ ოცი წლისაა და ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია დაიკვეხნოს ისეთი გამოცდილებით, ისეთი წარმატებული წამოწყებებითა და მიღებული ცოდნით, როგორიც მას აქვს.

ნინომ ამ ასაკში უკვე მოასწრო ორი  წარმატებული  სტარტაპის  შექმნა და განვითარება. დააგროვა უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი და მიიღო საკმაოდ დიდი ცოდნა და განათლება ბიზნესის მართვის მიმართულებით.

ნინოს კომპანია „ფრითი ვუმენ ჯორჯია“ საკმაოდ პოპულარული ფეიჯია სოციალურ სივრცეში.  კომპანია ამზადებს ამერიკული ბიუჯეტური ბრენდის „H2O”-ს პროდუქციისაგან დაკომპლექტებულ ბოქსებს და ჰყავს უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი.

გარდა ამისა, ნინო თავისი ხელით ამზადებს საოცარი ვიზუალისა და არომატის საპნებსა და სანთლებს, რომლებიც რთულია ერთი შეხედვით გემრიელი დესერტებისგან განასხვაო. ამაში მისი საკონდიტრო განათლებაც ეხმარება.

მისმა ნამუშევრებმა სოციალურ გვერდებზე გამოჩენისთანავე აღფრთოვანება და დიდი ინტერესი გამოიწვია. ჰქონდა უამრავი გამოხმაურება, დადებითი კომენტარი და გაზიარება, რამაც კიდევ უფრო წაახალისა ის და გადაწყვიტა, საკუთარი ნიჭი ბიზნესად ექცია და ამ ჩანაფიქრმა გაამართლა.

ნინომ დააარსა კომპანია „კუწასია“, სადაც ამზადებს არომატულ, უცხო ვიზუალის სანთლებს და საპნებს. ასევე, რაკიღა ყალიბებსაც თავადვე ამზადებს, კომპანიას შეუძლია, ნებისმიერი ექსკლუზიური ფორმის სანთლებისა თუ საპნების დამზადება.

ძალიან პოპულარული გახდა მისი ხელით შექმნილი ხინკლის ფორმის საპონი, რომელმაც  ქართული ნაწარმის გამოფენაზე დიდი მოწონება დაიმსახურა, განსაკუთრებით ტურისტების მხრიდან.

ნინოსთან ერთი გასაუბრებაც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ის საოცრად ენერგიული, მიზანდასახული, უამრავი უნარით აღჭურვილი ადამიანია და შეუძლებელია ეჭვი შეიტანოთ იმაში, რომ კიდევ უამრავ წარმატებას მიაღწევს.

მისთვის დრო საკმაოდ მნიშვნელოვანი ცნებაა და ცდილობს, წამი არ დაკარგოს განვითარების გარეშე. 16 წლიდან დამოუკიდებლად ცდილობს საკუთარი საქმე ჰქონდეს და ამის შესახებ თავად გვიყვება:

  • 16 წლიდან ძალიან ბევრ საქმეში ვარ ჩართული. ჩემი მიზანი ყოველთვის წარმატების დამოუკიდებლად მიღწევა იყო და ამისთვის ცდას არ ვაკლებ. ამ მოკლე დროში ბევრი „ფეილიც“ დამიგროვდა. ბევრი საქმე დავიწყე და არ გაამართლა, მაგრამ არ გავჩერდი, ფარ-ხმალი არ დამიყრია. ძალიან მიყვარს, როცა ქალი შემდგარია, განათლებული და თავისი საქმე აქვს, რომელსაც საკუთარი შრომით მიაღწია და სწორედ ამის მიღწევა იყო ჩემი მიზანი ბავშვობიდან და ეს მიზანი დაბრკოლებებზე უფრო ძლიერი გამოდგა.

  •   შემდეგ იყო კომპანია „Pretty woman _ Georgia“, რომელიც, გაგეცინებათ, მაგრამ 100 ლარით დავიწყე და უკვე საკმაოდ დიდი ბრუნვა გვაქვს. საკუთარი ხელით მაღაზია-მაღაზია სიარულით შევაგროვე ნივთები პირველი ბოქსებისთვის, ვცადე და გაამართლა. თავიდან, ცხადია, არ მქონდა საკურიერო კომპანიასთან თანამშრომლობის ფუფუნება და საკუთარი ხელით შეგროვილ პროდუქციას თავადვე ვარიგებდი კარდაკარ, დავდიოდი საზოგადოებრივი ტრანსპორტით პარკებაკიდებული. მეამაყება, რომ თანდათან განვავითარე ეს ბიზნესი და ახლა ამერიკიდან იმპორტირებული პროდუქციისგან შედგება ჩემი ბოქსები და მომხმარებლებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ვცდილობ ჩემი პროდუქცია ყველასთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. მაქვს უამრავი შეკვეთა და მყავს უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი.

    უნივერსიტეტში ჩააბარა ფსიქოლოგიის მიმართულებით, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს არ არის მისი საქმე და ზუსტად იცის, რომ მისი მომავალი მხოლოდ ბიზნესსექტორს უკავშირდება. შესაბამისად, მუდმივად ზრუნავს ამ მიმართულებით განვითარებაზე. გაიარა უამრავი კურსი და პროგრამა იმისათვის, რომ ამ სფეროში მაქსიმალური ცოდნა მიეღო. შეისწავლა სოციალური მედიის მენეჯმენტი, ვებ მარკეტინგი.

    ნინოს მთავარი საზრუნავი ახლა მისი ახალი სტარტაპია, ხელნაკეთი, ორიგინალური კომპანია „კუწასია“, რომლის სახელიც მისთვის ბავშვობაში შერქმეული სახელიდან მომდინარეობს და მისი იდენტობის შემადგენელი ნაწილია.

  • საქართველოში არ არის მსგავსი კომპანია, რომელიც ექსკლუზიურ სანთლებს ამზადებს. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ორიგინალურ ყალიბებს საკუთარი ხელით ვამზადებ და არ ვიწერ არსაიდან. ვმუშაობ პროექტზე, რომლის მიხედვითაც, ვაპირებ, რომ შევქმნა საქართველოს ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი, ინდივიდუალური საპნისა და სანთლის ფორმები. ჩემი იდეაა, რომ საქართველოდან წასულ ტურისტებს შესაძლებლობა ჰქონდეთ მსგავსი ტიპის სუვენირი წაიღონ. სწორედ ამ იდეის ფარგლებში გავაკეთე ხინკლის ფორმის საპნები, რომლის პირველი პარტიაც გამოფენიდან სრულად შეიძინა შვეიცარიელი ტურისტების ჯგუფმა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

მისთვის  „წარმატებული ქალი“-ს სტატუსი ბავშვობიდან იყო მიზანი, რომლისთვისაც უნდა მიეღწია. შესაბამისად, მიაჩნია, რომ აუცილებელია, ყველა ქალმა იზრუნოს, იშრომოს იმისთვის, რომ გახდეს შემდგარი და წარმატებული, რადგან მონდომების შემთხვევაში ნებისმიერ ასაკში ყველაფრის მიღწევა შეიძლება.

  • დასაწყისში ყველაფერი რთულად გვეჩვენება, პროცესიც, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ. არ უნდა შეხვდეთ პრობლემებს სიზარმაცით, ცუდი განწყობით, პირიქით, ისინი გამოწვევად უნდა მივიღოთ და კიდევ უფრო მეტად ვეცადოთ წარმატებისკენ გადავდგათ ნაბიჯი. თუ გინდა, რომ წარმატებული იყო, ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო!

  • პირადად მე ყველაფერი გვერდზე გადავდე იმისთვის, რომ ჩემს მიზანს მივაღწიო, მაქსიმალური განათლება მივიღო, სხვადასხვა მხრივ განვვითარდე… მხოლოდ ამაზე ვარ ორიენტირებული და ყველა შესაძლებლობას ვიყენებ. არ ვჩერდები, მუდმივად ვვითარდები და ეს მახარებს. სულ მცირე წარმატება, პატარა ნაბიჯიც კი ჩემი დიდი მიზნისაკენ ძალას მმატებს და მახსენებს, რომ არ უნდა გავჩერდე.

  • ქალბატონებს ვურჩევ, დაისახონ მიზანი და ერთგვარი სტრატეგია შეადგინონ, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ განახორციელებენ საკუთარი შრომისა და მიზანდასახულობის ხარჯზე და ეს გზა აუცილებლად მიიყვანთ მათ წარმატებამდე!

მიაჩნია, რომ ქალი ძალიან დამოუკიდებელი და მრავალმხრივ განვითარებულია და ყველაფრის მიღწევა შეუძლია, თუკი ამის საშუალებას მისცემენ. მიიჩნევს, რომ საქართველოში ქალების როლი ჯერ კიდევ არ არის თავისუფალი სტერეოტიპებისაგან და მათ მოვალეობად, უმეტესად, მაინც ოჯახის მოვლა მიიჩნევა. თუმცა ამას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ქალი რომ არა, არაფერს აზრი არ ექნებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ არ არსებობს სფერო, სადაც ქალს საკუთარი სიტყვა არ უთქვამს.  გარდა მაგისა, დადასტურებული ფაქტია, რომ  კაცების მოტივატორებიც ქალები ვართ და ყველა წარმატებული მამაკაცის უკან, ძლიერი ქალი დგას.

  • ქალების როლი დღევანდელ რეალობაში მაინც ბოლომდე არ არის დაფასებული. ამიტომაც ჩვენვე უნდა ვიზრუნოთ ამ სიტუაციის შეცვლაზე, ჩვენ, ყველა მცირე თუ მსხვილმა მეწარმე, წარმატებულმა ქალმა უნდა ვიზრუნოთ, რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები და დავეხმაროთ მათ, ვისაც დამოუკიდებლად არ აქვთ ამის შესაძლებლობა. მაქსიმალურად ბევრი უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ სწორედ ქალებს გვაქვს ყველა უნარი იმისთვის, რომ ვიყოთ ლიდერები!

კომენტარის დატოვება