მარტი 29, 2024 12:10

ნომინაციაში „პროფესიონალი მეღვინე ქალი- 2022“ წარმოგიდგენთ ქეთევან ალადაშვილს

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“
ნომინაციაში „პროფესიონალი მეღვინე ქალი- 2022“ წარმოგიდგენთ პროფესიონალ მეღვინეს ქალბატონ
ქალბატონი ქეთევანი თავიდან ჟურნალისტობას აპირებდა, თუმცა გამოცდაზე დაკლებული ქულა აღმოჩნდა მიზეზი იმისა, რომ მისი აზრით, დროებით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეღვინეობის ფაკულტეტზე ჩაებარებინა და შემდეგ გადაეტანა საბუთები სასურველ პროფესიაზე, თუმცა მიხვდა, რომ ეს საქმე იყო ის, რაც მოსწონდა და აინტერესებდა და 6 წელი მიუძღვნა ამ საქმის პროფესიონალურად შესწავლას. სწორედ ამ შემთხვევით არჩეულმა პროფესიამ მოუტანა მას წარმატება და აღიარება.
ამჟამად ქალბატონი ქეთევანი ყვარელში მდებარე ერთ-ერთი დიდი ღვინის ქარხნის მთავარი მეღვინე-ტექნოლოგია და უკვე 15 წელია ამ პროფესიით მუშაობს.მასზეა დამოკიდებული ღვინის დაყენების მთლიანი პროცესი: ქარხანაში მიღებული ყურძნის გადარჩევიდან დაწყებული, მისთვის საბოლოო სახის მიცემით დამთავრებული .
ქეთევანი იხსენებს, რომ მეღვინეობის ფაკულტეტზე გოგონები უმცირესობაში იყვნენ და ყველას უკვირდა, რატომ გადაწყვიტა გოგომ მეღვინეობა. შემდეგ უკვე, როგორც კომპანიის მთავარ მეღვინეს მამაკაცები ეჭვის თვალით უყურებდნენ:
„მუდმივად მქონდა კომპლექსი. როდესაც მეკითხებოდნენ, სად მუშაობ?- ყოველთვის ვპასუხობდი, რომ ღვინის კომპანიაში, თუმცა არ ვაზუსტებდი პოზიციას. როდესაც იგებდნენ, რომ ვიყავი მეღვინე, მამაკაცების მხრიდან ვამჩნევდი ირონიულ მზერას, ცინიზმს. დღესაც, როდესაც ქარხანაში მოდიან და ითხოვენ მეღვინესთან გასაუბრებას, როცა მე ვხვდები, პირადად მეც მეუბნებიან, რომ მეღვინესთან სურთ გასაუბრება და არა ჩემთან. თავიდან ამაზე ძალიან ვბრაზდებოდი. კახელი ვარ, მაგრამ ხმამაღლა ვამბობ: კახეთში ღვინო და მასთან დაკავშირებული ყველა დეტალი მამაკაცების საქმედ მიიჩნევა“ – ამბობს ქეთევანი, თუმცა მას კომპანიის სრული მხარდაჭერა აქვს და ღვინის წარმოების პროცესს თავიდან ბოლომდე ის წარმართავს.
ქალბატონ ქეთევანს აქვს საკუთარი ვენახი. არსებულმა გამოცდილებამ და ვენახმა განაპირობა ის, რომ მან ოჯახთან ერთად საკუთარი ქვევრის ღვინის ბრენდი, „ქეთევაინი“ დააფუძნა. ქეთევანს აქვს საკუთარი განსაკუთრებული მიდგომა და ხელწერა, რომელიც განაპირობებს „ქეთევაინის“ ღვინოების განსაკუთრებულ და უნიკალურ გემოებს.
„ქეთევაინი“ 4 სახეობის ღვინოს აწარმოებს, თუმცა ქალბატონი ქეთევანი თავის სავიზიტო ბარათად ქისს მიიჩნევს, რადგან მისმა პირველმა მოსავალმა 2019 წელს „ექსპო ჯორჯიას“ საერთაშორისო კონკურსზე ოქრო აიღო, მწვანემ კი – ვერცხლი. ხოლო წელს 2020 წლის მოსავალმა ქისმა ქვევრის ღვინოებს შორის კვლავ ოქრო დაიმსახურა.
„ქეთევაინი“ -ს ღვინოები პანდემიამდე ექსპორტზე გადიოდა პოლონეთში, თუმცა პანდემია მცირე მარნებისთვის შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდა და კომპანია კვლავ თავიდან იკრებს ძალას. ქალბატონ ქეთევანს ექსპერტთან დაკავშირებით უკვე აქვს მოლაპარაკებები კვლავ პოლონეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიასთან.
პროფესიონალი მეღვინე დღევანდელი გადმოსახედიდან გოგონებს, რომლებიც დგანან პროფესიული არჩევანის წინაშე, ურჩევს მისი პროფესიის არჩევას:
„იმდენად მომწონს, მიყვარს და მეამაყება ჩემი პროფესია, რომ გოგონებს ნამდვილად ვურჩევდი ამ საქმის არჩევას, მიუხედავად არსებული სტერეოტიპებისა.“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.