დეკემბერი 14, 2024 03:48

ლიდერ ქალთა საზოგადოების სპონსორია RATIANI-DESIGN რომლის დამფუძნებელიც გახლავთ მარიამ რატიანი

მარიამ რატიანი პროფესიით არის ფსიქოლოგი, თუმცა პანდემიის პერიოდში, გადაწყვიტა კერვა შეესწავლა. დიზაინერად ყოფნის სურვილი ბავშვობიდან ჰქონდა, მეგობრების რჩევით კი შექმნა გვერდი სადაც ადამიანები შეძლებდნენ მისი ნამუშევრების ხილვას.

მარიამის ბრენდი სხვებისგან სტილის, ფერების და მასალის შეხამებით გამოირჩევა, რადგან თითოეული ნამუშევარი არის ინდივიდუალური.

– მოგვიყევით გზა იდეის გაჩენიდან მის ხორცშესხმამდე

_ბავშვობიდან მინდოდა ვყოფილიყავი დიზაინერი, მაგრამ რატომღაც ამის დრო არასდროს არ მქონდა ან სერიოზულად არ აღვიქვამდი რადგან უბრალოდ გატაცებად მიმაჩნდა, მაგრამ როგორც კი კერვის კურსები დავამთავრე, დავიწყე ტანისამოსის და ჩანთების შექმნა, ჩანთებზე ისეთი ინტერესი და მოთხოვნა წამოვიდა, რომ ვერ ვასწრებდი ორივეს შეთავსებას.

პარალელურად სამკაულებს ვაწყობდი ჩემთვის ბუნებრივი ქვებით და ამან ისე გამიტაცა, რომ საბოლოოდ მივხვდი ბრენდი უნდა შემექნა და მეჩვენებინა ხალხისთვის ჩემი ნამუშევრები, რადგან მხოლოდ მე ვაკეთებ ამ ყველაფერს, გადავწყვიტე, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ აქსესუარები და ჩანთები შემექმნა. ვიპოვე, ის რასაც მე სიამოვნებით ვაკეთებ და რაც მთავარია არ ვიღლები ამ ყველაფრის კეთებით.

– თქვენი  ხედვა როგორია ზოგადად ქალების, მათი როლის მიმართ საზოგადოებაში ?

_ქალებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანის უფლება, ეს არის პირველი რაც უნდა გააჩნდეთ, რადგან მათ ამის გამო აკლიათ თვითდაჯერებულობა, გადაწყვეტილებას თავად ვერ იღებენ, ვიღაც იტყვის, რომ ქალები კონსტიტუციურად დაცულები არიან და მათი უფლებები ხელშეუხებელია მაგრამ ყველამ კარგად ვიცით ყოველდღიურად რა ხდება საზოგადოებაში და ოჯახებში.

მე შემიძლია ჩემი დაკვირვებით გითხრათ გამოფენებზე არსებულ სიტუაციებზე როდესაც ცოლ-ქმარი ან შეყვარებულები მოდიან რაღაცის შესაძენად, ქალები იმდენად დამოკიდებულები არიან ქმრების გემოვნებაზე, რომ ზოგჯერ გაოგნებული ვუყურებ როგორ შეიძლება ქმარმა შეგირჩიოს ის რაც შენ არ მოგწონს და საერთოდ არ ჯდება არც შენს გემოვნებაში და სტილში, საბოლოოდ კი, მაინც უკმაყოფილო სახით იღებ იმას, რასაც შენთვის ყიდულობენ. ქალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისი შემოსავლის წყარო, რომ იგი იყოს თვითდაჯერებული და დამოუკიდებლად შეეძლოს საკუთარი სურვილების რეალიზება.

-რას უსურვებთ ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ ნაბიჯებს ბიზნესსა თუ კარიერაში?

_ნებისყოფის უნარის გამომუშავებას, რადგან მიზნის მიღწევა ამის გარეშე არ გამოვა, ყოველთვის სჯეროდეთ თავიანთი იდეების და არასდროს არ გაჩერდნენ, რაც არ უნდა დამღლელი პროცესი იყოს ეს, რაც მთავარია ყოველთვის ენდონ საკუთარ ინტუიციას, ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ ეს ყოველთვის ამართლებს.

კომენტარის დატოვება