აპრილი 20, 2024 12:46

“ეთნიკური ურთიერთობების განათლებაში შეტანილი წვლილისთვის -2022“-ჯულიეტა შირინიანი

„ლიდერ ქალთა საზოგადოება” ნომინაციაში “ეთნიკური ურთიერთობების განათლებაში შეტანილი წვლილისთვის -2022“
წარმოგიდგენთ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილეს, ძლიერ და აქტიურ ქალბატონს, ქალბატონ ჯულიეტა შირინიანს.
Julyana Veleli
ქალბატონი ჯულიეტა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. ის წარსულში ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა და გახლავთ არაერთი სტატიისა თუ ნარკვევის ავტორი.

დაიბადა და გაიზარდა გურიაში, ხოლო ოჯახი შექმნის შემდეგ მისი ცხოვრება ჯავახეთს დაუკავშირდა. ჰყავს ორი ქალიშვილი და შვილიშვილები, რომელთა წარმატებაც ქალბატონ ჯულიეტას განსაკუთრებით ეამაყება.

თითქმის ორმოცი წელია ჯავახეთში სკოლაში მუშაობს და თაობებს ზრდის. ამბობს, რომ ეამაყება, რომ მისი მოსწავლეები საუკეთესოდ სწავლობენ:

• მყავს ძალიან ბევრი საუკეთესო მოსწავლეები, რომლებმაც წარჩინებით დაამთავრეს სკოლა, ჩააბარეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და წარმატებით მუშაობენ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში, ემსახურებიან საქართველოს. ძალიან ბევრი ჩემი მოსწავლე ამჟამადაც წარმატებით სწავლობს თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.

ქალბატონი ჯულიეტა წლების განმავლობაში პარალელურად მუშაობდა რაიონულ გაზეთ „შუქურა“-ში, ასევე სხვადასხვა გამომცემლობაში. ჩართული იყო საარჩევნო პროცესში და მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე: კოორდინატორად, რწმუნებულის აპარატში მრჩევლად, ახალქალაქის რაიონული გამგეობის აპარატში მთვარ სპეციალისტად. ასევე იმუშავა საქართველოს სხვადასხვა გაზეთების სპეცკორესპოდენტად. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის სამმართველოში თარჯიმნად.

ქალბატონი ჯულიეტა გახლავთ საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი,მრავალი სერტიფიკატის, სიგელისა და სამადლობელო წერილის მმფლობელი. 2015 წელს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემამ მას „იმედის გმირი”-ს წოდება მიანიჭა. ის ამჟამად მუშაობს ახალაქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის არაქართულ სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად და გახლავთ დირექტორის მოადგილე.
იხსენებს, რომ თავიდან რთული იყო ჯავახეთში ფეხის მოკიდება, რადგან არ იცოდა ეთნიკური უმცირესობების ენა.

• შევისწავლე სომხური ენა, ამ ენაზე წერა-კითხვა და ამან გამიადვილა საზოგადოებასთან და მოსწავლეებთან მუშაობა და ურთიერთობა. თავიდან ქალისათვის ძნელი იყო ამ რეგიონში მუშაობა საჯარო სამსახურებში, საზოგადოებრივი საქმიანობა, ურთიერთობა. მათი მოსაზრებით, ქალი მხოლოდ ოჯახში უნდა ყოფილიყო, მაგრამ დრომ შეცვალა გარემოება და თანდათან საზოგადოებისთვის მისაღები გახდა ქალის მუშაობა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისი მეტი ჩართულობა.

ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი აქვს მისაღწევი, მაინც არის რაღაც, რითაც ძალიან ამაყობს:

• ჩემი მთავარი მიღწევა ჩემი ჩემი მოსწავლეები არიან, რომლებსაც შევაყვარე საქართველო და ქართული ენა. მათ გავუჩინე მოტივაცია, რომ ეცადონ და დედაქალაქში ისწავლონ. შეისწავლონ ქართული ენა, ადა-წესები, ფეხი აუწყონ ყოველივე ქართულს. სკოლაში მუდამ საზეიმო ღონისძიებებს ვაწყობდი, მხატვრული კითვის საღამოებს, ქართველი პოეტების ლექსებით, ქართული სულით, ილიას „ ჰე, მამულო, გრძნობა შენი მოვლისა…“ და მრავალი სხვა. 9 აპრილის გმირებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ჩემი მოსწავლეები მუდამ ქართველი პოეტების ლექსებს გრძნობით წარმოთქვამენ, ისინი დამყავს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ექსკურსიებზე. ვაცნობ ქართულ კულტურას და ისტორიას. მე თავადაც ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ქართული ხალხური სიმღერები. ჩემმა მოსწავლეებმა ბევრი ქართული სიმღერა ისწავლეს და დიდი სიყვარულით მღერიან.

• მიღწევაა, როცა საზოგადოება პატივს გცემს, რეგიონში გიცნობენ, ახსოვთ სიკეთე და სითბო, რომელიც შენგან მიიღეს, როცა ცდილობ ადამიანებს დაეხმარო გაჭირვებაში, გვერდით დაუდგე და ამას ხედავენ. მიღწევაა, რომ ეს ახსოვთ და თავადაც ცდილობენ ყოველნაირად გვერდით დაგიდგენ ყოველ ახალ წამოწყებაში.

ქალბატონ ჯულიეტას მიაჩნია, რომ ქალი დიდ როლს თამაშობს თანამედროვე საზოგადოების განვითარებაში:

• ქალი პრეზიდენტი, ქალი პემიერი, ქალი დეპუტატი, ქალი ელჩი, ქალი მასწავლებელი, ქალი მძღოლი, პილოტი, დიასახლისი , დედა, რომელიც სახელმწიფოს მომავალ თაობებს უზრდის , დედაბურჯი, დედაქალაქი, და ყოველივე წარმატებული ქალი უმთავრესად დედაა, ესმისი მთავარი მოვალეობაა -„ დედავ, ისმინე ქართლის ვედრება, ისე აღზარდე შენ შვილის სული“ – დიდი ილიას სიტყვები მუდამ აქტუალურია.

ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველი ნაბიჯებს საკუთარ საქმიანობაში, პროფესიასა თუ ბიზნესში, ქალბატონი ჯულიეტა ურჩევს:

• იყვნენ გაბედულები, ნუ შეუშინდებიან რისკებს, ბარიერებს. ძლიერი ქალი ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. ჩვენი ქვეყნის ისტორიას ძალიან ბევრი ძლიერი, გაბედული, გმირი ქალი ახსოვს, რომლებიც საქართველოსთვის თავს სწირავდნენ და წვლილი შეჰქონდათ მის განვითარებაში.

ის ყველა ქართველ ქალს ჯანმრთელობასა და წინსვლას უსურვებს, ხოლო „ლიდერ ქალთა საზოგადოებას“ კიდევ ბევრ წარმატებას:

• მინდა ყველა ქალი საქართველოში იყოს ძალიან წარმატებული, ძლიერი და ჯანმრთელი. „ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ძალიან დიდ, მნიშვნელოვან პატრიოტულ საქმიანობას ეწევა და მინდა ამ საზოგადოებას კიდევ მეტი წარმატება და მეტი ძლიერი ქალი ვუსურვო მის რიგებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.