ნოემბერი 27, 2025 16:17

საშემოდგომო კამპანია – “მე ძლიერი ქალი ვარ!”

ლიდერ ქალთა საზოგადოება წარმოგიდგენთ საშემოდგომო კამპანიის მე14 ნაწილს – “მე ძლიერი ქალი ვარ!” ეს უნიკალური კამპანია გახდა სივრცე, სადაც ყოველი ქალბატონის მონაწილეობა განსაკუთრებულია და სადაც ვაღიარებთ და ვზეიმობთ ქალების მრავალფეროვან გამოცდილებებს, წარმატებებს, დაბრკოლებებს და შინაგან სიმტკიცეს.

 

კამპანია “მე ძლიერი ქალი ვარ!” ქმნის ფორუმს, რომელიც ნათლად წარმოაჩენს, რომ წარმატება არ არის უნივერსალური გზა, არამედ პირადი მოგზაურობაა, მოქსოვილი სხვადასხვა განცდებით, გამოწვევებითა და ტრიუმფით. თითოეული მონაწილე ქალბატონი გაგვანდობს თავის პროფესიულ მოგზაურობას და გაგვიზიარებს, რაში ხედავს საკუთარ ძალას – ეს ისტორიები კი გახდება შთაგონების წყარო სხვა ქალებისთვის და წარმოაჩენს იმ მრავალფეროვან ბილიკებს, რომლებიც წარმატებისკენ მიემართება.

 

ნათია მესხი – მასწავლებელი, რომელმაც ტექნოლოგიები სკოლებში რეალობად აქცია

ნათია მესხი ბიზნესის ადმინისტრირების კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტია, რომელმაც პროფესია შეცვალა და 22 წლის ასაკიდან სკოლაში კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლად მუშაობს. წლების განმავლობაში მან მიხვდა, რომ ტექნოლოგიები მხოლოდ ცოდნა კი არ არის, არამედ ძალა – ძალა, რომელიც ცვლის აზროვნებას, შესაძლებლობებს და მომავალს. მისი კარიერის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ის პერიოდი, როცა სკოლებში ტექნოლოგიური განათლება მხოლოდ სურვილი იყო და არა შესაძლებლობა – სკოლები არ იყო სათანადოდ აღჭურვილი ტექნიკით და მუდმივად უხდებოდა პრობლემების საკუთარი ძალისხმევით დაძლევა. თუმცა ბავშვების თვალებში ინტერესი და სურვილი ყველა სირთულეს აზრს უკარგავდა, ხოლო სწორედ ამ გარემოებამ ასწავლა გამძლეობა, მოთმინება და იმაში რწმენა, რომ ცვლილება ყოველთვის იწყება ერთი ადამიანის მოტივაციით.

დღეს ნათია დიდი სიამაყით ამბობს, რომ იმ წლების ბრძოლა შედეგიანად დასრულდა – ყველა სკოლაში, სადაც მუშაობს, უკვე შექმნილია თანამედროვე კომპიუტერული ლაბორატორიები და ტექნოლოგიების სწავლების ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა. მისი სიძლიერეა პასუხისმგებლობა, ადამიანურობა და მუდმივი სურვილი განვითარებისა და სიახლეების დანერგვის, ხოლო უნარი – თანამშრომლობა, მხარდაჭერა და ტექნოლოგიურ სფეროში აქტიურად მონაწილეობა. ახალგაზრდა ქალებს რჩევას სწორედ ასე აძლევს: „არ შეეშინდეთ თანამედროვე გამოწვევების ტექნოლოგიების მიმართულებით – ეს სფერო ბევრად უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ჩანს. ყოველთვის მოძებნეთ გზები, რომ თქვენი იდეა რეალობად აქციოთ და რაც მთავარია – იპოვეთ მენტორი, ვინც თქვენი პროფესიული გზის ნაწილი გახდება”. ნათია მიიჩნევს, რომ საქართველოში ქალების პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა მეტი შესაძლებლობა – ტრენინგები, რესურსები, თანამედროვე გარემო და მხარდაჭერის კულტურა, განსაკუთრებით კი ქალების ჩართვა ტექნოლოგიურ პროგრამებში და იმ ბარიერების მოხსნა, რომლებიც მათ პროფესიულ ზრდას ხელს უშლის.

 

ანა ივანაური – მრავალმხრივი პროფესიონალი, რომელიც აერთიანებს ფინანსებს, მოდას და ხელოვნებას

39 წლის ანა ივანაური ორი შვილის დედაა, რომელმაც თიანეთიდან დაწყებული გზა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტის დამთავრებით გააგრძელა და პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის ACCA კვალიფიკაცია მოიპოვა. 12 წლის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში მუშაობის შემდეგ, სადაც მსხვილ გადამხდელთა ოფისში სარევიზიო ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა, 2023 წელს კერძო სექტორში გადავიდა და დღეს სამშენებლო ჰოლდინგში ფინანსური და საგადასახადო დეპარტამენტის ხელმძღვანელია. პარალელურად, ის საგადასახადო მიმართულებით ტრენერია, ატარებს ლექციებს კერძო კომპანიებში და მონაწილეობს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტში, სადაც ახალგაზრდა სტარტაპებს უტარებს ტრენინგებს აუდიტის, ფინანსური და საგადასახადო საკითხებში.

ანა ივანაურის მრავალფეროვანი ტალანტი ფინანსებით არ შემოიფარგლება – ის ქართული ბრენდის „LIMAS ANGELS”-ის მოდელია, ორჯერ მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს მოდის კვირეულზე და ოქტომბერში პარიზის მოდის კვირეულზეც იყო წარმოდგენილი. გარდა ამისა, ის მსახიობიც არის და მალე ტელეეკრანებზე გამოვა დეტექტიური ჟანრის ფილმი, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. ახალგაზრდა ქალებისთვის მისი რჩევა მარტივია: „შრომა ყოველთვის გამოიღებს შედეგს, არასდროს დანებდეს – თუ არა დღეს, ხვალ ან ზეგ, მაგრამ შენი დრო აუცილებლად მოვა”. ანა მიიჩნევს, რომ ქალების პროფესიული განვითარებისთვის საქართველოში აუცილებელია სწორად განათლებული თაობა, რომელიც ქალის პატივისცემას ისწავლის, სახელმწიფო მხარდაჭერა და თვითონ წარმატებული ქალების მიერ ერთმანეთის დახმარება.

 

ირინა თევზაძე – ექიმი, ფსიქო-კონსულტანტი და ქოუჩი, რომელიც მარტოხელა დედებს ეხმარება

ირინა თევზაძე მარტოხელა დედაა, რომელიც პროფესიულად აერთიანებს სამედიცინო და ფსიქოლოგიურ მიმართულებებს. ექიმ-ლაბორანტად მუშაობის პარალელურად, ის ატარებს კონსულტაციებს როგორც ფსიქოლოგი და ქოუჩი, ხოლო თავისი ფსიქოლოგიური გვერდი ტიკტოკსა და ინსტაგრამზე განსაკუთრებით მარტოხელა დედებისა და ქალებისთვის შექმნა. მისი კარიერის ყველაზე დიდი გამოწვევა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა იყო – მძიმე ოპერაცია და ექვსთვიანი რეაბილიტაცია, რომლის დროსაც კოლეგებმა სამსახური შეუნარჩუნეს და გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ ჩვეულ რეჟიმში შეძლო საქმიანობის გაგრძელება.

ირინა თვლის, რომ საკუთარი თავი თავად შექმნა – განავითარა ძლიერი ნებისყოფა და მუდმივად ორიენტირებულია პროფესიულ ზრდაზე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მასაც ეშინოდა გადაწყვეტილების მიღება, არ აძლევდა შიშს საკუთარი თავის მართვის უფლებას. ახალგაზრდა ქალებისთვის მისი რჩევა არის: „გაიცანით საკუთარი თავი, დაუსვით კითხვა რა უნდა თქვენს შინაგან მეს და თუნდაც პატარა ნაბიჯებით დაიწყეთ სვლა თქვენი ოცნების ასასრულებლად”. ირინა მიიჩნევს, რომ ქალი უნდა იყოს ორიენტირებული მუდმივ განვითარებაზე და როდესაც რაღაცას აკეთებ გულით, სამყაროც გეხმარება – ამ ფილოსოფიით ის ეხმარება მარტოხელა დედებსა და ქალებს მათი გზის გავლაში.

 

ეკატერინე კურტანიძე – პედაგოგი და თერაპევტი, რომელმაც შვილის სიყვარულით საკუთარი მისია იპოვა

ეკატერინე კურტანიძე ორი შვილის დედაა, მათ შორის ცხრა წლის ოთოს, რომელსაც ცერებრალური დამბლის დიაგნოზი აქვს. საჩხერის რაიონში მცხოვრები ეკატერინე არის ორგანიზაცია “შშმ ქალთა და შშმ ბავშვთა დედების გაერთიანების” ხელმძღვანელი და სოციალური საწარმო “კერასის” დამფუძნებელი, სადაც სურნელოვან სანთლებსა და ხელნაკეთ საპნებს ამზადებენ. პროფესიით პედაგოგი, მეტყველებისა და აკადემიური უნარების თერაპევტი, მისი საქმიანობა ძირითადად შშმ თემთან არის დაკავშირებული – ის მუშაობს როგორც შშმ ბავშვებთან, ასევე მათ დედებთან, ავლენს მათ და უწევს ადვოკატირებას. ეკატერინეს ცხოვრების ყველაზე დიდი გამარჯვება იყო ის, რომ თავისი შვილი ხუთი წლის ასაკში დაუღალავი შრომის შედეგად ფეხზე გაატარა, მიუხედავად ექიმების უიმედობისა – სწორედ შვილის განვითარებაში მიღწეულმა შედეგებმა განსაზღვრა მისი პროფესიაც და საქმიანობაც.

ეკატერინეს კარიერული გზის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ის, რომ პროფესიული განვითარება შშმ ბავშვის დედობასთან ერთად უნდა დაეწყო – ეს გზა იყო რთული, საქმე ბრძოლასთან, ტკივილთან, შიშთან და განცდებთან ერთად უნდა გაეკეთებინა. თუმცა შვილის საჭიროებებმა და იმ რეალობამ, რომელშიც აღმოჩნდა, მისი მისია დაანახა – პირველად გაჩნდა “შშმ ქალთა და შშმ ბავშვთა დედების გაერთიანება”, შემდეგ საწარმო “კერასი”, შემდეგ გახდა სპეციალური მასწავლებელი და მეტყველების თერაპევტი. ყველა გზა შვილის მხარდასაჭერად და მისი საჭიროებებით იყო დაგეგმილი – სადაც შვილს გაუჭირდა, თავადაც იმ მხარეს დაიწყო განვითარება, რომ დახმარებოდა. ეკატერინე თვლის, რომ ქალის ძალა ხშირად იქ იბადება, სადაც ყველაზე დიდ ტკივილსა და ბრძოლებს ვხვდებით, ხოლო მისი უნიკალური თვისება არის მუდმივი განვითარება და საკუთარ თავზე მუშაობა. ახალგაზრდა ქალებისთვის მისი რჩევა არის: “მუდმივად იმუშავეთ საკუთარ თავზე – პროფესიულ გზაზე გამოწვევები გარდაუვალია, თუმცა თუ მათ საკუთარი შესაძლებლობებისა და ძალების გამოსავლინებლად შესანიშნავ საშუალებად აღიქვამთ, ყველაფერს ბევრად მარტივად გადალახავთ”. ეკატერინე მიიჩნევს, რომ ქალებს საქართველოში სჭირდებათ ის პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორობას, გენდერული სტერეოტიპების შემცირებას და გარემო, სადაც შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების სრულ რეალიზებას.

კომენტარის დატოვება