ივლისი 25, 2026 01:40

ნომინაციაში „წლის წარმატებული ქალი ჯანმრთელობისა და პიროვნული განვითარების სფეროში – 2026“ წარდგენილია მზია კერესელიძე.

მზია კერესელიძე არის ქალი, რომლის პროფესიული გზა მრავალფეროვნებით, გამბედაობით და მუდმივი მოძრაობით გამოირჩევა. მისი გამოცდილება აერთიანებს როგორც სტაბილურ, წლების განმავლობაში დაგროვილ პროფესიულ საქმიანობას, ისე ბიზნესს, ტრენინგებს, საზოგადოებრივ აქტივობას და ადამიანებზე ზრუნვაზე დაფუძნებულ ხედვას. მას აქვს ევროქოუჩის სერტიფიკატები და აკრედიტაცია, ამჟამად ფლობს გამაჯანსაღებელ ცენტრს და არის ნუგა ბესტის წარმომადგენელი საქართველოში.

მისი პროფესიული ცხოვრება საკმაოდ მასშტაბურ და შინაარსიან გამოცდილებას მოიცავს. 25 წელი მუშაობდა ელექტროკავშირში, შემდეგ კი მისი ცხოვრება ბიზნესს და ახალი პროექტების შექმნას დაუკავშირდა. იყო არასამთავრობო ორგანიზაცია საქმიან ქალთა გაერთიანების დამფუძნებელი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა. ასევე მუშაობდა საინვესტიციო ფონდის სატრანსპორტო სისტემების რეგიონალური განვითარების კურატორად და ტრენერად, იყო თურქეთში წარგზავნილი ამბასადორი, საქმიანობდა როგორც ბიზნესტრენერი, გუნდის შექმნისა და ბიზნესგარემოს ფორმირების მიმართულებით. დღეს კი შპს ნუგა ბესტი თბილისის დამფუძნებელი დირექტორია.

მისთვის ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთი იყო დიდი ორგანიზაციის შექმნის უნარის გამომუშავება. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ითამაშა ევროქოუჩინგის შესწავლამ და განვითარებამ, რომელმაც მას კიდევ უფრო მეტად დაანახა, რამდენად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქმის კეთება, არამედ პროცესების მართვა, ადამიანების მოტივირება და ახალი შესაძლებლობების სწორად დანახვა. ახალი იდეები და მათი განხორციელება მისთვის ყოველთვის დიდ სტიმულს წარმოადგენდა. როგორც თავად ამბობს, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროცესი, სიახლე, მრავალფეროვნება და შემდეგ უკვე მიღწეული შედეგი.

პროფესიული განვითარების გზაზე, რა თქმა უნდა, ყოფილა მარცხიც. ბიზნესში სირთულეები მისთვის უცხო არასოდეს ყოფილა, მაგრამ თითოეულ ასეთ ეტაპს გამოცდილებად იღებს. მისი მთავარი ძალა იმაშია, რომ არასოდეს ნებდება. თუ რაღაც არ გამოვიდა, თავიდან იწყებს, ახალ გზებს ეძებს, ახალ გამოსავლებს პოულობს და ისევ ცდილობს. სწორედ ეს შეუპოვრობა არის მისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე.

დღეს მისთვის განსაკუთრებით აქტუალური თემაა ნუგა ბესტის ცნობადობის გაზრდა და მომხმარებლის მოზიდვა. ამბობს, რომ ამ მიმართულებით უკვე ბევრი რამ შეცვალა, დაწყებული სარეკლამო კომპანიიდან და დამთავრებული მარკეტინგული მიდგომებით. ახლა გეგმავს ახალი თანამშრომლების მიღებას და კიდევ უფრო მასშტაბურად ფიქრობს იმ იდეებზე, რომლებიც მომავალში უნდა განახორციელოს. მის ხედვაში ეს საქმე მხოლოდ ერთი კომპანიის წარმატებას არ გულისხმობს. მას ბევრად უფრო დიდი სურვილი აქვს.

მზია კერესელიძის დიდი ოცნებაა, საქართველოს ყველა რეგიონში გაიხსნას ჯანმრთელობის შენარჩუნების ცენტრები, კლუბებისა და სალონების სახით, სადაც ადამიანები შეძლებენ რესურსების აღდგენას, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. მისი აზრით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისთვის, რადგან ქალი, რომელსაც საკუთარი თავი უყვარს და საკუთარ თავს უვლის, მომავალი თაობისთვისაც საუკეთესო მაგალითია. მისთვის ეს იქნება უდიდესი გამარჯვება არა მხოლოდ პირადად, არამედ საზოგადოებისთვისაც. მას სჯერა, რომ ნუგა ბესტის ფილოსოფია სწორედ ამას ემსახურება — ადამიანს დაუბრუნოს მთლიანობა, სადაც ჯანმრთელობა მხოლოდ ფიზიკურ მდგომარეობას კი არა, სულიერ და ინტელექტუალურ წონასწორობასაც მოიცავს.

თავის ძლიერ მხარეებად მიიჩნევს ნებისყოფას, საქმის სიყვარულს, ადამიანებთან ურთიერთობის უნარს და სირთულეების წინაშე უშიშრად დგომას. ამბობს, რომ არასოდეს ეშინია დაბრკოლებების და ძალიან უყვარს, როცა საკუთარი საქმითა და ქცევით გამორჩეულია. სწორედ ეს შინაგანი დამოკიდებულება აძლევს ძალას, ნებისმიერ ახალ საქმეს ისევ ენთუზიაზმით მიუდგეს.

ქალბატონ მზიას პროფესიულ და პიროვნულ ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი მისმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ ითამაშა. ამ გზაზე მისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მეუღლესაც, რომელიც ახალ წამოწყებებში სწორედ იმიტომ არ უჭერდა მხარს, რომ მზია უფრო მეტად გაძლიერებულიყო, საკუთარი ძალები აღმოეჩინა და დამოუკიდებლად მიეღწია შედეგისთვის. თავად მზია ამბობს, რომ სწორედ ამან აქცია უფრო ძლიერად, უფრო მტკიცედ და საკუთარ თავში უფრო დარწმუნებულ ადამიანად, რისთვისაც დღეს ძალიან მადლიერია. ამ გამოცდილებამ მას ასწავლა, რომ როცა მიზანი ნამდვილად გაქვს, ყველაზე მყარად სწორედ საკუთარი თავის იმედზე უნდა იდგე, რადგან დიდი წარმატება პირველ რიგში შინაგანი რწმენით და პირადი ძალისხმევით მოდის.

მისი აზრით, ცხოვრება სწორედ საკუთარ თავში რწმენით, სიყვარულით, ნებისყოფითა და მიღწევებით ივსება. ეს პროცესი მუდმივია, არასოდეს მთავრდება და სწორედ ამ უწყვეტობაშია ცხოვრების სილამაზეც. ამიტომაც ძალიან იზიდავს ახალი ფსიქოლოგიური ტრენინგები და თერაპიები, ცდილობს დაესწროს მათ, მოგზაურობდეს, ურთიერთობებით და პრაქტიკით გამდიდრდეს. მისთვის ყველაზე დიდი პრაქტიკული ცოდნა სწორედ ადამიანებთან ურთიერთობიდან მოდის. ამბობს, რომ ყოველი მომხმარებელი, რომელიც მის სალონში შედის, ახალი გაკვეთილია, თუ ამას სწორად აღიქვამ.

ახალი საქმის დაწყებას ყოველთვის ახლავს რისკი. ფინანსური რისკიც არსებობს, დროის რისკიც და ხშირად გაურკვევლობაც, მაგრამ მისთვის ყველაზე დიდი საფრთხე დროის დაკარგვაა. ფიქრობს, რომ ყველაფრის აღდგენა შეიძლება, დროის გარდა. ამიტომ ყოველთვის ცდილობს, ის დრო, რაც აქვს, შინაარსიანად გამოიყენოს და ისეთ საქმეში ჩადოს, რომელსაც მომავალში შედეგი ექნება.

მზია კერესელიძე იმ ადამიანებს მიეკუთვნება, ვინც ცხოვრებას როგორც მოძრაობას, ისე უყურებს. მისთვის წარმატება არ არის რაღაც წერტილი, რომელსაც ერთხელ მიაღწევ და იქ მთავრდება ყველაფერი. წარმატება არის პროცესი, განცდილი მიღწევების გზა, საკუთარი თავის ყოველდღიური გადალახვა და იმ რწმენის რეალიზება, რომელიც გულში გაქვს. სწორედ ამით არის მისი გზა საინტერესო, შთამაგონებელი და ძალიან ცოცხალი.

კომენტარის დატოვება