ნომინაციაში “წლის გამორჩეული ქალი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში – 2025” წარდგენილია ინდირა რობაქიძე
ინდირა რობაქიძე — ქალი, რომელმაც ადამიანების დაცვა პროფესიად და ცხოვრების წესად აქცია.
ინდირა რობაქიძე დაიბადა და გაიზარდა თანასწორუფლებიან ოჯახში, სადაც პასუხისმგებლობები და პრიორიტეტები თანაბრად იყო გადანაწილებული, ხოლო სიკეთე მოლოდინების გარეშე კეთდებოდა — უბრალოდ, ადამიანების სიყვარულით. სწორედ ეს გარემო გახდა მისი ფასეულობების საფუძველი და ის შინაგანი კომპასი, რომელმაც მომავალში მის არჩევანზე მოახდინა გავლენა.
პროფესიული საქმიანობა 2003 წლიდან დაიწყო და პერიოდულად მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში, რაც მას გამოცდილებას აძლევდა როგორც ადამიანებთან მუშაობის, ისე სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით.
2007 წლიდან დღემდე, ინდირა რობაქიძე დასაქმებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში — სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში, სადაც სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. ამ ეტაპზე იგი იკავებს „თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების“ უფროსის პოზიციას. მისი გუნდის საქმიანობის მთავარი მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა, დახმარება და მხარდაჭერა.
ინდირასთვის ეს საქმე ბავშვობიდანვე იყო „სწორი საქმე“ — საქმე, რომელსაც ემსახურება გულით და პასუხისმგებლობით. იგი ამბობს, რომ მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართლიანობა, ადამიანებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, სუსტის გაძლიერება და მათი მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, უკვე 18 წელია აქტიურად არის ჩართული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში.
ის საკუთარ თავს ძლიერი გუნდის ლიდერად მიიჩნევს — გუნდის, რომლის თითოეულ წევრს უყვარს თავისი საქმე და ემსახურება მას მაღალი პასუხისმგებლობით. მისთვის გუნდი მხოლოდ სამუშაო ერთეული არ არის; გუნდი არის ადამიანები, რომლებიც საერთო მიზნისთვის ყოველდღიურად ძალისხმევას აერთიანებენ და შედეგს ქმნიან იქ, სადაც მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანს.
ინდირა რობაქიძე აღნიშნავს, რომ საკუთარ თავზე საუბარი მისთვის რთულია, თუმცა მადლიერია ყველა იმ ადამიანის, ვინც მის ცხოვრებაში გადაიკვეთა. მისი რწმენით, ყოველი გამოცდილება აუცილებელია — სხვაგვარად პიროვნებად ჩამოყალიბება შეუძლებელია. ის ხაზს უსვამს პასუხისმგებლობის მნიშვნელობას: ,,აუცილებელია, ადამიანმა საკუთარ ქმედებებზე აიღოს პასუხისმგებლობა’’. პირადი გამოცდილებით კი ამბობს, რომ კარგი ბავშვობა გარანტია, ზრდასრულობაში მიღებული ღირსეული გადაწყვეტილებებისა.
მის საქმიანობას მუდმივად თან ახლავს სირთულეები, რომელთა გადაჭრაც რისკების სწორად შეფასებაზეა დამოკიდებული. ინდირასთვის გამოწვევა არ არის მხოლოდ დაბრკოლება — ის არის შესაძლებლობა, რომელსაც აქცევს სიძლიერედ.
მისი საქმიანობის მთავარი მოტივაცია ერთია და მკაფიო: თითოეული ბავშვი უნდა იზრდებოდეს თანასწორ, უსაფრთხო და ძალადობისგან თავისუფალ გარემოში, რომელიც ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა ძლიერი, თავისუფალი და ღირსეული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა.
