ნოემბერი 24, 2024 05:26

ნომინაციაში „წარმატებული დიზაინერი და ბიზნეს ლედი-2023“ წარმოგიდგენთ ქალბატონი ნანა ქავთარაძეს

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში „წარმატებული დიზაინერი და ბიზნეს ლედი-2023“

წარმოგიდგენთ ულამაზეს, გემოვნებიან და ნიჭიერ დიზაინერს,  წარმატებულსა და ძლიერ ქალს ნანა ქავთარაძეს.

ქალბატონი ნანა ფლობს რბილი ავეჯის საავტორო ბრენდს „ნანიკო ქავთარა“, რომელიც გამოირჩევა თავისივე შექმნილი ექსკლუზიური დიზაინით, ფერებით და რაც მთავარია, ხარისხით.

https://www.facebook.com/nanikokavtara

ქალბატონი ნანა თავიდან ბოლომდე თავადაა ჩართული ავეჯის  შექმნის სრულ პროცესში მონახაზის შექმნიდან მის სრულყოფამდე. მაღაზიის გარდა აქვს ავეჯის საწარმო, სადაც საკუთარ თანამშრომლებთან ერთად, თავადაცაა ჩართული მთელ პროცესში.

ბრენდის სავიზიტო ბარათია ხარისხიანი მასალებით შექმნილი ფერადი დიზაინი, რომელიც ნებისმიერ სივრცეს გახდის მეტად შთამბეჭდავს და დასამახსოვრებელს.

სწორედ ხარისხზე, ფერებსა და მათ საუკეთესო მომსახურებაზე აკეთებენ აქცენტს ნანას მიერ შექმნილი ავეჯის მომხმარებლები.

რეპუტაცია, რომლითაც ამაყობს მისი შემქმნელი და წარმატება, რომელსაც ბრენდმა  მიაღწია არ მოსულა მარტივად და მის უკან კოლოსალური შრომაა.

ქალბატონი ნანა მოგვიყვა მის მიერ დღემდე გავლილ გზაზე:

  • დავიბადე დუშეთში. ბავშვობიდან მიყვარდა და მეხერხებოდა კერვა. ბებო მკერავი იყო და ხშირად ვპარავდი ნაჭრის ნაკუწებს და ვქმნიდი სხვადასხვა დიზაინის სამოსს, არა მხოლოდ თოჯინებისთვის და ვაწყობდი მოდის ჩვენებებს. სწორედ ნაკუწებისგან შექმნილი დიზაინი გახდა ჩემი სავიზიტო ბარათი ავეჯის დიზაინშიც. განსაკუთრებით მიყვარდა მაკრატელი და დღემდე მიყვარს. ბავშვობის სიყვარული გადმომყვა დღემდე და მიუხედავად იმისა, რომ 3 გამომჭრელი მყავს აქტიურად დასაქმებული ჩემს საწარმოში, მაინც ვცდილობ საკუთარი ხელით გამოვჭრა თარგები.
  • მიუხედავად იმისა, რომ ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში და ვისწავლე ჩემი კიდევ ერთი საყვარელი და საინტერესო მიმართულების, გეოგრაფიის კუთხით, ჩემს საქმედ მაინც კერვა, დიზაინი ავირჩიე და არ ვნანობ. არ ვნანობ არც ჩემს  საბოლოო არჩევანს და არც გეოგრაფის დიპლომს, რადგან ვფიქრობ, ჩემი განვითარებისთვის ის პროფესიაც საჭირო იყო და გარდა მაგისა, ჩემი მასწავლებლის გავლენით ბავშვობიდანვე მიყვარდა და მაინტერესებდა გეოგრაფია. ასევე მეორედ ჩავაბარე ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩემით. თავდაუზოგავ შრომასთან ერთად შევძელი და საკუთარი ძალებით წარმატებით ჩავაბარე  პირველი ეროვნული გამოცდები და ეს ეპიზოდი ჩემი ცხოვრებიდან ძალიან მეამაყება.

თბილისში გადმოსული ოჯახის მეზობლად ცხოვრობდა დიზაინერი მაია ბაქრაძე, რომელსაც ნანა ძალიან ემადლიერება და ამბობს, რომ სწორედ მისგან ისწავლა ბევრი რამ და ის დაეხმარა ამ სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმაში:

  • სწორედ მან მასწავლა ქარგვა, ქსოვა მანქანითა თუ ხელით, ბისერზე მუშაობა, თექა თუ ბევრი სხვა რამ. საკუთარ ჩვენებებში ჩემს მიერ შექმნილი ტანისამოსიც იღებდა მონაწილეობას. მიღებული მაქვს მონაწილეობა ირაკლი ნასიძის ჩვენებებისთვის განკუთვნილი სამოსის შექმნაში. ეს ყველაფერი დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის.

შემდეგ ნანამ შექმნა ოჯახი. უჭირდათ და დაიწყეს ე.წ. საოჯახო ბიზნესი ავეჯის, კერძოდ პუფების მიმართულებით. ბაზარზე მხოლოდ მუქი ფერის მსგავსი ავეჯი მოიპოვებოდა და ნანამ თავიდანვე გადაწყვიტა სიახლე  და ფერები შეეტანა საკუთარ პროდუქციაში. ყველაფერი ნულიდან დაიწყო. წარმოების და  რეალიზაციის პროცესი სრულიად მასზე იყო დამოკიდებული. ამბობს, რომ ფეხით და ავტობუსით დადიოდა შეკვეთების დასარიგებლად, რადგან არ ჰყავდა ავტომობილი. არანორმალური შრომის ფასად უწევდა, გასწვდომოდა ყველაფერს. ფეხმძიმე, მთელი ცხრა თვის მანძილზე შეუსვენებლად კერავდა საკუთარი ხელით. არ თაკილობდა არცერთ შეკვეთას და მუშაობდა ყველაფერზე, რისი შეკერვაც შეიძლებოდა. იხსენებს, რომ ელემენტარულად ელექტრო საკერავი მანქანის შეძენის საშუალება არ ჰქონდა და ძალიან ბედნიერი იყო, როცა ეს მოწყობილობა შეიძინა საკუთარი ფულით და ამით ფიზიკური შრომაც ოდნავ შეიმსუბუქა.

როცა გაუსაძლისი გახდა თანაცხოვრება ადამიანთან, რომელიც არაფრით ეხმარებოდა, გადაწყვიტა დამოუკიდებლად განეგრძო ცხოვრება მცირეწლოვან შვილებთან ერთად, რაც ძალიან რთული აღმოჩნდა და ისევ ნულიდან დასჭირდა ყველაფრის დაწყება.

იხსენებს, მეორედ დადგა ფეხზე, მარტოს , საკუთარი შრომით მოუწია უამრავი ვალის გადახდა და ყველაფრის ახლიდან აწყობა. ამბობს, რომ საკუთარმა ოჯახის წევრებმა დაუჭირეს მხარი ყველა გადაწყვეტილებაში და სწორედ ამან მისცა მას ძალა, კიდევ უფრო შემართებით დაეწყო თავიდან ყველაფერი.

შემდეგ იყო კორონა ვირუსი, რომელმაც როგორც ყველა დანარჩენს, მის საქმიანობასაც  და ბიზნესსაც საფრთხე შეუქმნა:

  • რამდენიმე დღე უბრალოდ შოკში ვიყავი და ვფიქრობდი, რა უნდა მექნა, როგორ გადამერჩინა საკუთარი შრომით მიღწეული, ჩემი ბიზნესი. სავაჭრო ცენტრის მეპატრონე ითხოვდა ჩემი მაღაზიის ქირის თანხას, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დაკეტილი იყო. ამ დროს მივიღე შეთავაზება, რომ შემეკერა კორონას დროს საკმაოდ პოპულარული ფარები. გამოწვევად და შანსად მივიღე და დავთანხმდი მათ დამზადებაზე. გადაწყვეტილებამ გაამართლა და საკმაოდ ბევრი კორპორაციული და ინდივიდუალური შეკვეთის დამზადება მომიწია. აკრძალეს მანქანებიც და იყო დღეები ფეხით დავდიოდით სხვადასხვა უბანში და ვარიგებდით შეკვეთებს. ჩემი მეგობრები მეხმარებოდნენ და განაწილებული გვქონდა უბნები. საბედნიეროდ, ჩემი მონდომებით ამ გამოწვევასაც გავუმკლავდი და ყოველდღიურად მივდივარ წინ.
  • საერთოდ, ჩემი დიდი პლუსია ის, რომ არასოდეს ვუშინდები გამოწვევებს. ზოგადად ავეჯის დიზაინის კუთხითაც, არასოდეს ვამბობ უარს რთულად შესასრულებელ შეკვეთებზე, მაშინ, როცა სხვა საწარმოები უარს ამბობენ. ჩემთვის ეს ერთგვარი გამოწვევა და საკუთარი თავის გამოცდაა. მიყვარს სიძნელეებთან შეჭიდება. მაინტერესებს როგორ გამომივა და როცა შედეგი კარგია და ძირითადად ასეცაა, ძალიან ბედნიერი ვარ და თავდაჯერებულობაც მემატება.

ამბობს, რომ როგორც ქალს თავის საქმეში არ გასჭირვებია თავის დამკვიდრება, რადგან შრომისმოყვარეობას ყოველთვის აქვს პოზიტიური შედეგი, თუმცა ჰქონია შემთხვევები, როცა საწარმოში მოსულებს შეკვეთის მისაცემად უფროსთან გასაუბრება მოუთხოვიათ, რადგან ვერ იჯერებდნენ, რომ ახალგაზრდა, ლამაზი, ქერა ქალი იყო ის, რომელიც ყველაფერს საკუთარი ხელით ქმნიდა. ამბობს, რომ ხშირად უყურებენ ეჭვის თვალით და ვერ იჯერებენ, რომ სწორედ ქალმა მიაღწია ამდენს მარტო, დამოუკიდებლად და ამ ყველაფერში მამაკაცი ჩართული არ ყოფილა.

ნანა თავის მთავარ მიღწევად საკუთარ ავეჯის საწარმოს მიიჩნევს, რადგან ის ერთადერთი ქალია ამ სფეროში. ერთადერთი ქალია, რომელიც ძირითადად საკუთარი ხელითვე აწყობს მისი დიზაინით შექმნილ ავეჯს  კონსტრუქციის შექმნიდან, ქსოვილის გადაკვრამდე.

ქალებს, რომლებიც ახლა ცდილობენ საკუთარი საქმის დაწყებას, საკუთარი გზის პოვნას ცხოვრებაში, ქალბატონი ნანა ურჩევს, რომ არასოდეს ელოდონ სხვას, არ ჰქონდეთ სხვისი იმედი და ყველაფერი თავადვე გააკეთონ.

  • არ უნდა შეგეშინდეთ რისკის, რადგან თუ არ რისკავ, არც არაფერი გამოდის. აუცილებელია ცდა, თუნდაც იმიტომ, რომ დაინახო ღირდა თუ არა და შემდეგ არ იდარდო იმაზე, რომ გეცადა რა იქნებოდა.
  • რაიმე საქმის დაწყებისას ხშირად მეკითხებოდნენ: არ გეშინია ამას რომ აკეთებ?- მეშინოდა, სიმართლე გითხრათ, ზოგჯერ ძალიანაც კი მეშინოდა, მაგრამ რომ არ გამეკეთებინა, უფრო ვინანებდი. მინდა ბევრი შევძლო სანამ ჩემი შვილები გაიზრდებიან, ჩემი 12 და 7 წლის პატარები, რომლებსაც უკვე 7 წელია მარტო ვზრდი, რადგან მინდა, მათ უზრუნველი მომავალი შევუქმნა და ჩემსავით წვალება არ დასჭირდეთ. მინდა, მათ ჰქონდეთ ბავშვობა და ახალგაზრდობა, რომელიც  მე ფეხზე დადგომას შევწირე. – გვიყვება ნანა.

მიაჩნია, რომ ქალის როლი საქართველოში უდიდესია და სამწუხაროდ არაა ისე დაფასებული, როგორც იმსახურებენ. მისი აზრით, ქალების, განსაკუთრებით კი ემიგრანტი ქალების დამსახურებაა ის, რომ საქართველო ფეხზე დგას და გაუძლო ბევრ პრობლემას.

  • სამწუხაროდ ჩვენთან აღზრდაშივეა პრობლემა . ქალებს გვზრდიან, რომ ჩვენ უნდა მოვითმინოთ ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ქალები ვართ. ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს, რომ დამთავრდეს ქალების ჩაგვრა, მათზე ძალადობა, ფემიციდი. პირველ რიგში საზოგადოების ცნობიერება უნდა შეიცვალოს, უნდა მიხვდნენ რომ სწორედ ძალადობაა სირცხვილი და არა არსებულ ძალადობაზე საუბარი.

 

  • მიხარია, რომ ვუერთდები ძლიერი ქალების საზოგადოებას. ვფიქრობ, რომ სწორედ წარმატებული ქალების ერთობას, მათი ისტორიების საზოგადოებამდე მიტანას, ერთმანეთის მხარდაჭერას შეუძლია გავლენა მოახდინოს არსებულ  სიტუაციაზე და ყველაფერი სასიკეთოდ შეცვალოს.

 

 

კომენტარის დატოვება