ნოემბერი 24, 2024 05:45

ნომინაციაში “განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის -2023”  წარმოგიდგენთ ქალბატონ ეთერ წილოსანს

“ლიდერ ქალთა საზოგადოება” ნომინაციაში “განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის -2023”
წარმოგიდგენთ პროფესიით ფიზიკოსს, სსიპ ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ ეთერ (ხათუნა) წილოსანს.
ქალბატონი ეთერი 1982 წლიდან განათლების სფეროშია და საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი გზა განვლო.
პროფესიიდან გამომდინარე თავიდან სასკოლო სისტემაში ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლის სტატუსით შეაბიჯა, შემდეგ გახლდათ სასკოლო ინსპექტორი, განათლების განყოფილების მეთოდისტი და შემდგომში კი უფროსის მოადგილე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი და უკვე 2011 წლიდან გახდა დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი და უკვე 12 წელია წარმატებით უძღვება დაკისრებულ მოვალეობას. ამაზე მეტყველებს აღნიშნული სკოლის მოსწავლეების უდიდესი წარმატებები სხვადასხვა მიმართულებით. სკოლა ყოველთვის მოწინავეა სიახლეების დანერგვისა და წარმატებით განხორციელების კუთხით.
მუდმივად ამაყობს საკუთარი სკოლით და ამბობს, რომ ყველა მიღწევა კოლეგებთან ერთად მისი უდიდესი შრომის შედეგია:
• ვიმუშავე უმძიმეს პირობებში და პერიოდში. ვაკეთე ძალების დაძაბვით, მუხლჩაუხრელად, უდიდესი რუდუნებით და ძალისხმევით, ჩემი ხელმძღვანელობის დროს დავაახლოვე და დავიმეგობრეთ მეზობელი სკოლების თანამშრომლები, მასწავლებლები და მოსწავლეები. მუდმივად სიახლეების ძიებაში ვართ და გვაქვს წარმატებებიც, ყოველ წლიურად გვყავს ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, ,,ჩემი პირველი კომპიუტერის“ მფლობელები, “ფლექსის” პროგრამის ფარგლებში 12 მოსწავლემ გააგრძელა სწავლება ოკეანის გაღმა. ჩვენი მოსწავლეები მონაწილეობენ საერთაშორისო კონკურსებში და პროექტებში, გვყავს 43 მასწავლებელი, აქედან 4 მენტორი, 18 წამყვანი და 22 უფროსი კატეგორიის.
ქალბატონი ეთერი მუდმივად ჩართულია განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის პროცესში და მის კვალდაკვალ გახლდათ ფასილიტატორი, ტრენერი, კოორდინატორი, ინსტრუქტორი და ასევე არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერ-კონსულტანტი.
• 2005 წელს კონკურსის წესით დავინიშნე საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად და ვიმუშავე 2011 წლის 8 ნოემბრამდე. კონკურსის წესით შევარჩიე თანამშრომლებიც, რომლებმაც ძალიან გამიმართლა, ვმუშაობდით გუნდურობის პრინციპით, მიუხედავად თავს მოხვეული უამრავი სიახლისა ერთხელაც არ დავჩოქილვართ. ამ ხნის მანძილზე გავიარეთ უამრავი ტრენინგი, სემინარი და სასწავლო კურსი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დეპარტამენტების, ეროვნული გამოცდების ცენტრის, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი, რამაც პირადად მე მომცა უდიდესი თეორიული ცოდნა. პარალელურად სკოლებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან, მოსწავლეებთან თანამშრომლობამ კარგი გამოცდილება შემმატა.
თავად როგორც მეუღლე, ორი შვილის დედა და სამი შვილიშვილის ბებია, ამბობს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწორედ ქალები დომინირებენ და თავადაც, როგორც ქალს ამ სფეროში წარმატების მიღწევაში სწორედ ქალური თვისებები დაეხმარა:
• მასწავლებლობა, აღზრდა, ზრუნვა ჩვენს საზოგადოებაში ქალის როლთან ასოცირდება, შესაბამისად საგანმანათლებლო სფეროში ქალების წილი დიდია. წლების გამოცდილებამ დამანახა, რომ ჩემში არის ლიდერის თვისებები, შემიძლია საქმეს წარმატებით გავუძღვე, მოტივაცია მივცე ჩემი გუნდის წევრებს, აღმოვაჩინო ნიჭიერი ადამიანები და ხელი შევუწყო მათ განვითარებას. ეს ყოველივე დიდ შრომას, დროს და ენერგიას მოითხოვს. ჩემი ქალური თვისებები, უნარები ძალიან მიწყობს ხელს ყოველდღიურ საქმიანობაში, მაგრამ, როგორც ქალს ყოველდღიურად მაქვს უამრავი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, როგორც სამსახურის ასევე ოჯახის წინაშე, ამიტომაც ვფიქრობ, რთულია აქტიურად დასაქმებული და ლიდერი ქალის ცხოვრება.
საკუთარ მთავარ მიღწევად სკოლაში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრების ხელშეწყობას და მისი თაოსნობით განხორციელებულ პროექტებს მიიჩნევს:
• შევძელი, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს ჰქონდეს მონაწილეობის შესაძლებლობა, ჩართული იყვნენ კომუნიკაციისა თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.ამით, სკოლა ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ მას არ სურს ,იყოს იზოლირებული და საზოგადოებას მოწყვეტილი, არამედ სურს, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ფართო საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში.
• სასკოლო საზოგადოებასთან შეთანხმებით სკოლის ეზოში, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს, რომლებიც გმირულად დაეცნენ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიწაზე ოკუპანტებთან ბრძოლაში, გავუხსენით მათი სახელობის ვარსკვლავები და ყოველწლიურად 25 მაისს აღინიშნება ,,გმირების დღე“.
• 2019 წლიდან სკოლის კულტურის ნაწილი გახდა ,,თანასწორობის დღე“, რომელიც ყოველწლიურად აპრილის თვის ბოლოს ტარდება და მონაწილეობას იღებს სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი, რაიონის სკოლები და მოწვეული სტუმრები.
მიღწევად მიაჩნია ასევე თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო კონკურსებში და ოლიმპიადებში მონაწილეობა.
თვლის, რომ ქალის როლის აღქმა ჩვენს საზოგადოებაში კვლავაც არაერთგვაროვანია არაერთგვაროვანია:
• წლებია ორგანიზაციებში ხელმძღვანელი პირი ვარ. კარგი ლიდერობისთვის ჩემს თავს ძალიან დიდ მოთხოვნებს ვუყენებდი და ვუყენებ. ლიდერს სჭირდება უნარი, მართოს ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, დასახოს მათთვის გარკვეული ამოცანები და გაუძღვეს მათ საერთო მიზნისკენ. მოცემული უნარები და შესაძლებლობები, ჩვენს საზოგადოებაში მამაკაცისთვის შესაფერისად მიიჩნეოდა, მაგრამ თანამედროვე რეალობამ და წარმატებულმა ქალმა, ლიდერებმა ეს სტერეოტიპიც დაანგრიეს. მთელი გულით ვგულშემატკივრობ წამატებულ, ძლიერ, ლიდერ ქალბატონებს, რომლებსაც გაცილებით დიდი დაბრკოლებები ხვდებათ კარიერულ გზაზე, ვიდრე მამაკაცებს და მაინც არაჩვეულებრივად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს.
• თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ ქალი ლიდერის შემთხვევაში კომპანიისა თუ ბიზნესის მოგება 50%-ით მაღალია, აგრეთვე მაღალ პოზიციებზე მყოფი ქალები უფრო მეტად ქმნიან თანამშრომლებსა და დასაქმებულებზე მორგებული პოლიტიკისა და პროგრამებს. თანამედროვე გამოცდილება აჩვენებს, რომ ქალები ძალიან წარმატებულად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს ყველა სფეროში.
ლიდერობის, ხელმძღვანელობისა და წარმატების საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით ქალბატონი ეთერი ქალბატონებს, რომლებიც ახლა დგანან საკუთარი კარიერის დასაწყისში, ურჩევს:
• მთავარი არის ერთადერთი რამ – თავდაჯერებულობა! სასიცოცხლოდ აუცილებელია გჯეროდეთ საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების, არჩევანის, გქონდეთ სწორი თვითშეფასება, გიყვარდეთ შრომა, სწავლა და განვითარება. საუკეთესო შემთხვევაში, ამ ყოველივეს გათავისება ბავშვობიდან უნდა დაიწყოთ, ამიტომ მშობლებს, დედებს მოვუწოდე, დაეხმარეთ თქვენს შვილებს ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების! ამისათვის ჯერ თქვენ უნდა ირწმუნოთ მათი!

კომენტარის დატოვება