ლიდერ ქალთა საზოგადოების XIV წარდგენის ღონისძიება — „წლის წარმატებული ქალბატონების საღამო 2026“ გაიმართა
25 აპრილს, სასტუმრო „შერატონში“, ლიდერ ქალთა საზოგადოების XIV წარდგენის ღონისძიება — „წლის წარმატებული ქალბატონების საღამო 2026“ გაიმართა. საღამომ კიდევ ერთხელ გააერთიანა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული, გამორჩეული და შთამაგონებელი ქალბატონები, რომელთა პროფესიული გზა, მიღწევები და საზოგადოებრივი აქტიურობა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.
ღონისძიება ლიდერ ქალთა საზოგადოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მასშტაბურ შეხვედრად იქცა, რომლის მიზანიც ქალი ლიდერების წარმოჩენა, მათი წარმატების ისტორიების გაზიარება, მოტივაციის გაძლიერება და ახალი პროფესიული კავშირების შექმნა იყო. საღამოს ფარგლებში გაიმართა წარმატებული ქალბატონების დაჯილდოების ცერემონია და ახალი წევრების საზეიმო მიღება.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ლიდერ ქალთა საზოგადოების CEO-ს, ნათია შათირიშვილის წლიური ანგარიშის წარდგენით გაიხსნა. მან ისაუბრა ორგანიზაციის საქმიანობაზე, მიღწეულ შედეგებზე, სამომავლო გეგმებსა და იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც „ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ქალთა გაძლიერების, პროფესიული განვითარების და ერთმანეთის მხარდაჭერის მიმართულებით ასრულებს.
საღამოს განსაკუთრებული ემოცია შემატა დაჯილდოების ცერემონიამ, რომლის დროსაც სხვადასხვა სფეროში გამორჩეულ ქალბატონებს გადაეცათ ჯილდოები. თითოეული ნომინანტის ისტორია კიდევ ერთხელ გახდა დასტური იმისა, რომ შრომა, მიზანდასახულობა, პროფესიონალიზმი და საკუთარ საქმეში ერთგულება წარმატების მთავარი საფუძველია.
ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო გამოფენა-გაყიდვა „ქალი მეწარმეები“, სადაც წარმოდგენილი იყო მეწარმე ქალების მიერ შექმნილი მრავალფეროვანი პროდუქცია — ხელნაკეთი ნივთები, ნატურალური კოსმეტიკა, ორგანული პროდუქტები, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები და სხვა საინტერესო ნამუშევრები. გამოფენამ სტუმრებს შესაძლებლობა მისცა ახლოს გაეცნოთ ქალი მეწარმეების საქმიანობა და მხარი დაეჭირათ მათი ბრენდებისა და იდეებისთვის.
საღამოს პროგრამა დატვირთული იყო მუსიკალური ნომრებით, სიურპრიზებით, საჩუქრებით, ფოტო-ზონებითა და შთამბეჭდავი მომენტებით. ღონისძიება გრანდიოზული დასასრულით — ტორტის გაჭრის ცერემონიალით დასრულდა, რამაც საღამოს კიდევ უფრო საზეიმო და დასამახსოვრებელი ხასიათი შესძინა.
„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ უკვე წლებია ქმნის სივრცეს, სადაც ქალები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, იღებენ მოტივაციას, ამყარებენ პროფესიულ კავშირებს და კიდევ ერთხელ აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა მხარდაჭერა, გაძლიერება და წარმატების აღიარება.
შეგახსენებთ, რომ „ლიდერ ქალთა საზოგადოება“ 2015 წელს ნათია შათირიშვილმა დააფუძნა. ორგანიზაცია დღეს 10 000-ზე მეტ ქალბატონს აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ და საკუთარი საქმიანობით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ საზოგადოების განვითარებაში.