ნოემბერი 24, 2024 10:27

თამარ გიგაური – „წარმატებული ტელეწამყვანი, სახელოვნებო სკოლისა და სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი- 2022“

ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში „წარმატებული ტელეწამყვანი, სახელოვნებო სკოლისა და სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი- 2022“ წარმოგიდგენთ მრავალმხრივ ნიჭიერ ქალბატონს,
თამარ გიგაურს.
წარმატებული ტელეწამყვანი პროფესიით იურისტია. გარდა იმისა, რომ მიჰყავს პოპულარული საავტორო გადაცემა „სტუმრად თაკო გიგაურთან“, არის სამოდელო სააგენტო „ნიუ მოდელსისა“ და ხელოვნების სტუდია „მარიას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ასევე ქვეყნის ეროვნული სილამაზის კონკურსი მის პრინცესა საქართველოს დამფუძნებელი და ორგანიზატორი.
• ცხრა წელია, რაც დავაფუძნე სამოდელო სააგენტო „ნიუ მოდელსი“, ხოლო სახელოვნებო სკოლა სტუდია “მარია” კომპანია “ნიუ მოდელსის” შვილობილია, რომელიც სამოდელო სტუდიის დაფუძნებიდან ერთი წლის შემდეგ დავაარსე. ის ჩემი უფროსი შვილის, მარიას, სახელობისაა და მას ბედნიერება ქვია, ამიტომაც არის, რომ ჩვენს სახელოვნებო სივრცეში პოზიტივი და სიყვარული სუფევს მუდამ. თითოეული სტუდიის აღსაზრდელი ბედნიერების მატარებელია. ეს არის სახელოვნებო სივრცე, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა წრეები: ტანვარჯიში,ბალეტი, სპორტული და ქართული ცეკვები,მუსიკა,ხატვა და სამოდელო. – გვიყვება თაკო თავისი საქმიანობის შესახებ.
სტუდიაში არსებული ყველა სფერო სრულად მორგებულია აღსაზრდელთა ასაკზე და მიმართულია მათ შესაბამის განვითარებაზე. აქ, როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი განვითარების საწყისების სწორად ჩამოყალიბებაზე პროფესიონალთა გუნდი მუშაობს. თაკოს სააგენტოს ხარისხის უტყუარი დასტურია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საზღვრებს გარეთ მოპოვებული არაერთი ჯილდო თუ ტიტული.
თაკო ამბობს, რომ მისი სურვილია წარმატებული და ერუდირებული მომავალი თაობის აღზრდა:
• მე ვარ პროფესიით დედა, რომელიც მუდამ ზრუნავს სხვისი შვილების წარმატებულ მომავალზე. მადლობა უფალს, რომ მომანიჭა უფლება, ჩემი კომპეტენციის და შესაძლებლობების ფარგლებში აღმეზარდა სხვისი შვილებიც. ვთვლი, რომ ეს უფლის კურთხევაა.
ის ძალიან აქტიური ადამიანია და ამაზე მისი ტიტულებიც მეტყველებს. გახლავთ ბრენდ პერსონა, წმინდა ექვთიმე ხვთისკაცის სახელობის ღირსების ორდენოსანი.
მიიჩნევს, რო იყო ქალი ეს უკვე პრიორიტეტია ყველა სფეროში:
• ვთვლი, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ქალს უპირატესობაც კი აქვს იყოს სახელმწიფოს მმართველი,ბიზნესმენი, მოსამართლე და ამ ყველაფერთან ერთად ბრწყინვალე დედა.
ქალებს ურჩევს, რომ იყვნენ მიზანსწრაფულები და იბრძოლონ ლიდერობისთვის:
• ქალბატონებს ვურჩევ, არასოდეს დანებდნენ ,ვინაიდან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

კომენტარის დატოვება