აპრილი 22, 2025 20:45

#OK! ინტერვიუ ადვოკატ ზაირა ფრუიძესთან

უპირველესად გაგვეცანით.

მოგესალმებით! მე ვარ ზაირა ფრუიძე, იურისტი, ადვოკატი 18 წლიანი გამოცდილებით, მედიატორი და შპს “ზაისი და კომპანიის” დამფუძნებელი და დირექტორი. ცაგერის რაიონიდან ვარ წარმოშობით, სადაც ოთხ დედმამიშვილთან ერთად გავიზარდე. ბავშვობიდანვე შრომისმოყვარე ვიყავი და საამაყო გვარის შესაფერისად ცხოვრებას ვცდილობდი. 19 წლის ასაკში ოჯახი შევქმენი, რომელიც ჩემთვის უდიდესი საყრდენია. ამჟამად ვარ ასევე ბებია და ლიდერ ქალთა საზოგადოების საპატიო წევრი.

 

თქვენი გამოცდილებისა და კარიერული გზის შესახებ გვიამბეთ.

ჩემი პროფესიული გზა დავიწყე როგორც იურისტმა, ვმუშაობდი სხვადასხვა თანამდებობებზე საქალაქო  სააპელაციო და უზენაეს  სასამართლოებში. 18 წელია ვმოღვაწეობ როგორც ადვოკატი და ვარ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2023 წელს წარმატებულად გავიარე სამ ეტაპიანი გამოცდები და ასევე გავხდი სასამართლო მედიატორი და ამასთანავე  საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი.

2016 წელს დავაფუძნე შპს “ზაისი და კომპანია”, რომელიც დღეს აკრედიტებულია საქართველოში ევროკავშირის სტანდარტით და ახორციელებს საზედამხედველო საქმიანობას სხვადასხვა რეგიონებში სამშენებლო ობიექტებზე. ჩვენი კომპანია აკონტროლებს სამუშაოების ხარისხიან შესრულებას, ლენტეხის  მუნიციპალიტეტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონებში.

მუდმივად ვზრუნავ საკუთარი განვითარებისთვის – ვმონაწილეობ საერთაშორისო და ადგილობრივ ტრენინგებში, კონფერენციებში, ბიზნეს-შეხვედრებში და არასდროს ვჩერდები ერთ ადგილზე.

 

 

რა არის თქვენი ძირითადი საქმიანობა?

ჩემი საქმიანობა სამ მიმართულებას მოიცავს:

პირველი – ვარ პრაქტიკოსი ადვოკატი, ვაწარმოებ სხვადასხვა  საქმეებს და ვიცავ ჩემი კლიენტების ინტერესებს. ამ როლში უმთავრესია მაღალი პროფესიონალიზმი საქმის სიყვარული და  ერთგულება, დაუღალავი შრომა, რათა მივაღწიო კლიენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რაც უდიდეს სიამოვნებას მგვრის, რადგან ადამიანს ადვოკატი ემარება სამართლიანობის  აღდგენაში.

მეორე – ვარ სასამართლო მედიატორი, სადაც ჩემი მიზანია  მედიაციის პროცესის ისე წარმართვა, რომ მხარეებს დავანახო მორიგების აუცილებლობა და ვუზრუნველვყო ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინება.

მესამე – ვხელმძღვანელობ საზედამხედველო კომპანიას, რომელიც აკონტროლებს სამშენებლო სამუშაოების ხარისხიან შესრულებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.

რა იყო მოტივაცია იმისა, რომ გაგევლოთ ის გზა, რომელმაც აქამდე მოგიყვანათ.

ჩემი მოტივაცია იყო ყოველთვის ის, რომ ვყოფილიყავი საჭირო და ადამიანების შეძლებისდაგვარად დახმარება შემძლებოდა, ამიტომ ავირჩიე პროფესიად ადვოკატობა. იყო ადვოკატი ჩემთვის დიდი  პატივი და ღირსებაა, რადგან ადვოკატს შეუძლია ადამიანს დაუდგეს გვერდში მაშინ, როცა მას სჭირდება და ყველაფერი გააკეთოს მისთვის, რათა გზაზე მარტო არ  დატოვოს  და მიაღწევინოს სიმართლისათვის.

ყოველთვის  მინდოდა უფლის საწინააღმდეგო ქმედება არ განმეხორციელებინა პროფესიული სამუშაოდან გამომდინარე, ამიტომ მიმაჩნდა  და  მიმაჩნია, რომ როცა  ადვოკატი ხარ  ბევრი შეგიძლია  გააკეთო ადამიანისათვის და დაიცვა  ის.

აქედან გამომდინარე ისიც, რომ დიდი სურვილი მქონდა მედიატორი გავმხდარიყავი, რადგან მედიაციაში  არ  ხდება ადამიანის განსჯა  და საქმის მორიგებით შემთხვევაში ორივე  მხარე არის  კმაყოფილი და მათი მოთხოვნები, სურვილები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არის დაკმაყოფილებული და არცერთი მხარე  არ  არის  წაგებული.

ბავშვობიდან  მიყვარდა ჩემი  გვარი და  ვცდილობდი  და  ვცდილობ, რომ არ  შემერცხვინა, რადგან ის ჩემთვის მთავარი და  საამაყოა.

ეს  ყველაფერი  მაძლევდა და  მაძლევს ძალას, რომ ვიყო  აქტიური, საჭირო, სასარგებლო და არ  გავჩერდე. მინდა  ჩემმა  შვილებმა და  ჩემმა შთამომავლობამ იამაყოს ჩემით, რომელებიც ყოველთვის ჩემთან  არიან და  გვერდში მიდგანან.

წინააღმდეგობები არასოდეს მაჩერებდა, პირიქით – უფრო მაძლიერებდა და ბრძოლის სტიმულს მაძლევდა და  ყოველთვის ვგრძნობდი უფლის დახმარებას.

ჩემთვის მნიშვნელოვანია სიკეთის კეთება, რაც ჩემი ცხოვრების წესია. ეს ოჯახიდან მოდის და ასე ვცხოვრობ დღესაც. ვცდილობ ყველაფერში წარმატების მიღწევას არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ იმისთვის, რომ სხვებსაც დავეხმარო. ჩემი ცხოვრების დევიზია: “არასოდეს არავისი არაფერი შეგშურდეს და შენ წარმატებული ადამიანი იქნები”.

ვაღიარებ, რომ ქალებს რთული მისია გვაკისრია, განსაკუთრებით როცა წარმატებული ხარ. ვართ დედებიც, შვილებიც, მეუღლეებიც და ამავდროულად პროფესიონალებიც, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მაგრამ სწორედ ოჯახი მაძლევს სტიმულს მივაღწიო მეტს.

 

 

თქვენი მიზნები და სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ.

სამომავლოდ გეგმები მაქვს როგორც ადვოკატის, მედიატორის, ასევე საზედამხედველო კომპანიის ხელმძღვანელის მიმართულებით. მსურს კომპანიის გაფართოება და მეტ რეგიონში საქმიანობა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია უფრო აქტიური მონაწილეობა ლიდერ ქალთა საზოგადოებაში. მსურს მეტი დრო დავუთმო ამ საზოგადოებას, შეძლებისდაგვარად მივიღო მონაწილეობა მის ღონისძიებებში, რადგან მათთან ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია. ძალიან მომწონს და მიყვარს ეს საზოგადოება, მეიმედება და მინდა მათთან უფრო ახლოს ვიყო.

ასევე ვგეგმავ პროფესიული კვალიფიკაციის შემდგომ ამაღლებას, ახალი უნარების შეძენას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. მჯერა, რომ უფლის წყალობით კიდევ ბევრი წარმატების მიღწევა შემიძლია და გაჩერებას არ ვაპირებ.

მსურს, ჩემი მაგალითით წავახალისო სხვა ქალები, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს პროფესიასა თუ ბიზნესში: არასოდეს დაკარგონ საკუთარი თავის რწმენა და პატივისცემა, არ დანებდნენ, არ შეშინდნენ – ყველაფერი მიღწევადია, როცა გაქვს მიზანი და რწმენა.

 

 

რას იტყოდით ლიდერ ქალთა საზოგადოების შესახებ?

ლიდერ ქალთა საზოგადოება ჩემთვის არის განსაკუთრებული გაერთიანება, რომელიც აერთიანებს წარმატებულ, მიზანდასახულ და ძლიერ ქალებს. ამ საზოგადოების საპატიო წევრობა ჩემთვის დიდი პატივია და პასუხისმგებლობაც.

ეს არის პლატფორმა, სადაც ხდება იდეების, გამოცდილების გაზიარება და ურთიერთმხარდაჭერა. ჩვენ ერთად ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს, ვმონაწილეობთ საზოგადოებრივად მნიშვნელოვან აქტივობებში და ვცდილობთ პოზიტიური ცვლილებები შევიტანოთ ჩვენს გარემოში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ ლიდერ ქალთა საზოგადოება ხელს უწყობს ახალგაზრდა ქალების გაძლიერებას და მათი პოტენციალის რეალიზებას. ეს საზოგადოება გახლავთ ადგილი, სადაც ჩვენ, გამოცდილი პროფესიონალები, შეგვიძლია მენტორობა გავუწიოთ დამწყებებს, გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და დავეხმაროთ წინაღობების გადალახვაში.

მუდმივად ვცდილობ ჩართული ვიყო ყველა აქტივობაში, პროექტსა და ინიციატივაში, რადგან მჯერა, რომ ერთად შეგვიძლია მეტი ცვლილების მოხდენა და მეტი წარმატების მიღწევა. სწორედ ამ საზოგადოებაში ვხედავ, თუ როგორ შეიძლება ქალმა მოახერხოს ოჯახისა და კარიერის წარმატებით შეთავსება, რაც ჩემთვის დიდი შთაგონების წყაროა.

მომავალში მსურს უფრო აქტიური წვლილი შევიტანო ლიდერ ქალთა საზოგადოების მუშაობაში და გავაძლიერო ის კავშირები, რომლებიც ამ გაერთიანებაში შემოქმედებითი და პროფესიული ზრდისკენ გვიბიძგებს.

მინდა ავღნიშნო, რომ  ლედერ ქალთა საზოგადოებაში გაწევრიანების შემდეგ ჩემი ცხოვრება სასიკეთოდ შეიცვალა. შევიძინე უამრავი მეგობარი, გავთვითცნობიერდი ბევრად უფრო ჩემთვის საინტერესო საკითხებში, გავხდი უფრო  აქტიური. ვგრძნობ დიდ სიყვარულს  და ეს  მაძლიერებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გავხდი  უფრო პროდუქტიული და  ბედნიერი.

მადლობა ქალბატონ ნათიას შათირიშვილს და ვაკო ყორღანაშვილს, რომლებმაც ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებით მათი სიყვარულითა და საუცხოო გარემოცვის შექმნით თითქოს ფრთები შემასხეს და  მეორე საციცოცხლო სული შთამბერეს.

მადლობა უფალს, რომელიც მთელ  ჩემს  ცხოვრებას განსაზღვრავს და ასეთი საშუალებები  მომცა.

კომენტარის დატოვება