აგვისტო 30, 2026 10:44

ბათუმში გაიმართა მასტერკლასი — „საკუთარ თავში მოგზაურობა“

ზაფხულის აქტიური სეზონისა და დასვენებების მიუხედავად, BDC Academy განვითარებაზე ორიენტირებული შეხვედრების გამართვას აგრძელებს. ამჯერად მასტერკლასს აკადემიის ბათუმის ფილიალმა უმასპინძლა.

ბათუმში გაიმართა მასტერკლასი — „საკუთარ თავში მოგზაურობა“, რომელიც თვითშემეცნებას, პიროვნულ განვითარებასა და ადამიანის ცხოვრებისეული პროცესების უკეთ გააზრებას დაეთმო.

შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა ისაუბრეს შინაგან ბარიერებზე, განმეორებად მდგომარეობებსა და იმ ფაქტორებზე, რომლებიც ხშირად გავლენას ახდენს ჩვენს გადაწყვეტილებებზე, არჩევანებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მასტერკლასის მიზანი იყო მონაწილეებისთვის შესაძლებლობის მიცემა, საკუთარ გამოცდილებებსა და მიმდინარე პროცესებს განსხვავებული პერსპექტივიდან დაკვირვებოდნენ და მეტი ყურადღება დაეთმოთ თვითშემეცნების მნიშვნელობისთვის.

შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი დემო სესია იყო. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკულად ენახათ, როგორ მიმდინარეობს პროცესი და როგორ შეიძლება ერთი კონკრეტული საკითხი სხვადასხვა მდგომარეობიდან და ხედვის წერტილიდან განიხილებოდეს.

მასტერკლასს უძღვებოდა ქეთო ცაგურია — საქართველოს ლილას ფასილიტატორთა ფედერაციის დამფუძნებელი, ბიოგრაფიული კონსულტანტი ანთროპოსოფიული საფუძვლებით და არქეტიპების ფასილიტატორი იუნგისეული და მითოლოგიური საფუძვლებით.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება დაეთმო „ლილას“, როგორც თვითშემეცნების ერთ-ერთ ინსტრუმენტს. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მისი არსისა და იმ მიდგომების შესახებ, რომლებიც ადამიანს საკუთარი შინაგანი მდგომარეობების, ცხოვრებისეული გამოცდილებებისა და კონკრეტული საკითხების უფრო სიღრმისეულად გააზრებაში ეხმარება.

ბიდისი აკადემიისთვის მნიშვნელოვანია, რომ განათლებისა და განვითარების შესაძლებლობები მხოლოდ სასწავლო სეზონით არ შემოიფარგლებოდეს. სწორედ ამიტომ, ზაფხულისა და დასვენებების პერიოდშიც აკადემია აგრძელებს ისეთი შეხვედრების ორგანიზებას, რომლებიც მონაწილეებს ახალი ცოდნის, გამოცდილებისა და საკუთარი თავის უკეთ შეცნობის შესაძლებლობას აძლევს.

ბათუმში გამართული მასტერკლასი კიდევ ერთი სივრცე იყო საინტერესო დიალოგისთვის, ახალი ხედვების აღმოჩენისა და პიროვნული განვითარების მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად.

კომენტარის დატოვება