ბიდისი აკადემიის სივრცეში წარმატებით ჩატარდა მორიგი პროფესიონალური სემინარი კოსმეტოლოგებისთვის
ბიდისი აკადემიის, ლიდერ ქალთა საზოგადოების და Christina Georgia-ს ერთობლივი ინიციატივით, 5 თებერვალს, ბიდისი აკადემიის სივრცეში წარმატებით ჩატარდა მორიგი პროფესიონალური სემინარი კოსმეტოლოგებისთვის — „პროფესიონალური სემინარი კოსმეტოლოგებისთვის — COMODEX ხაზი + მარჯნის პილინგი (Rose de Mer)”.
სემინარი მთელი დღის განმავლობაში (11:30–18:00) აერთიანებდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს და მიზნად ისახავდა კოსმეტოლოგებისთვის თანამედროვე, შედეგზე ორიენტირებული ცოდნისა და რეალურად მომუშავე პროტოკოლების გაზიარებას. მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია COMODEX ხაზისა და Rose de Mer მარჯნის პილინგის სწორ გამოყენებაზე, სამუშაო ალგორითმებზე, ინდივიდუალურ მიდგომებსა და პროფესიულ ნიუანსებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია უსაფრთხო და ეფექტური შედეგების მისაღებად.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მოქმედი კოსმეტოლოგები, დამწყები სპეციალისტები და ესთეტიურ სფეროში მოღვაწე პირები, რომელთათვისაც სემინარი იქცა როგორც პროფესიული ცოდნის გაღრმავების, ისე ახალი კონტაქტების დამყარებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობად.
სემინარს უძღვებოდა და მოდერაციას უწევდა Christina Georgia-ს მეთოდისტი, ექიმი-კოსმეტოლოგი მარინა ბოდოკია, რომელმაც მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე მონაწილეებს გაუზიარა როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული რეკომენდაციები და რეალური ქეისები. სემინარის პროცესში აქტიურად იყო ჩართული ასევე ბიდისი აკადემიის კოსმეტოლოგიის კურსის ხელმძღვანელი — თეა ილურიძე, რაც შეხვედრას კიდევ უფრო პრაქტიკულ და პროფესიულ ხასიათს სძენდა.
ღონისძიება გამოირჩეოდა ინტერაქტიული ფორმატით — კითხვა-პასუხის რეჟიმით, პრაქტიკული ნაწილის დემონსტრირებითა და პროფესიული ნიუანსების განხილვით. ბიდისი აკადემია მოსულ სტუმრებს ლანჩითა და ქოფი ბრეიქით გაუმასპინძლდა, რაც მონაწილეებს კომფორტულ გარემოში კომუნიკაციისა და ქსელური ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობას აძლევდა.
სემინარის დასასრულს დამსწრე პირებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ხოლო მომხსენებლებს — მადლობის სიგელი პროფესიული წვლილისა და თანამშრომლობისთვის.
ბიდისი აკადემია, ლიდერ ქალთა საზოგადოება და Christina Georgia მადლობას უხდიან თითოეულ მონაწილეს ჩართულობისთვის, ინტერესისა და პროფესიული განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯისთვის.
მოუთმენლად გელით მომავალ ერთობლივ საგანმანათლებლო შეხვედრებზე!