ოქტომბერი 28, 2025 03:14

საშემოდგომო კამპანია – “მე ძლიერი ქალი ვარ!”

ლიდერ ქალთა საზოგადოება წარმოგიდგენთ საშემოდგომო კამპანიის მეთორმეტე ნაწილს – “მე ძლიერი ქალი ვარ!” ეს უნიკალური კამპანია გახდება სივრცე, სადაც ყოველი ქალბატონის მონაწილეობა განსაკუთრებულია და სადაც ვაღიარებთ და ვზეიმობთ ქალების მრავალფეროვან გამოცდილებებს, წარმატებებს, დაბრკოლებებს და შინაგან სიმტკიცეს.

 

კამპანია “მე ძლიერი ქალი ვარ!” ქმნის ფორუმს, რომელიც ნათლად წარმოაჩენს, რომ წარმატება არ არის უნივერსალური გზა, არამედ პირადი მოგზაურობაა, მოქსოვილი სხვადასხვა განცდებით, გამოწვევებითა და ტრიუმფით. თითოეული მონაწილე ქალბატონი გაგვანდობს თავის პროფესიულ მოგზაურობას და გაგვიზიარებს, რაში ხედავს საკუთარ ძალას – ეს ისტორიები კი გახდება შთაგონების წყარო სხვა ქალებისთვის და წარმოაჩენს იმ მრავალფეროვან ბილიკებს, რომლებიც წარმატებისკენ მიემართება.

 

თამარ ჭიჭინაძე – ინოვატორი ფეხის ჯანმრთელობის სფეროში

თამარ ჭიჭინაძე, კლინიკა “ტერდის” დამფუძნებელი, 25-წლიანი კვალიფიკაციის მოქმედი ექიმია, რომელსაც გერმანიისა და ბელგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრების სერტიფიკაცია აქვს მიღებული. ის არის თანაავტორი ნაშრომისა “როგორ დავდივართ საქართველოში”, რომელიც ლიდსში, ინგლისში გამოიცა. მისი კლინიკა ოთხ ქალაქში ფუნქციონირებს – თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და კავკასიის რეგიონში, და წამყვანია ტერფის დიაგნოსტიკისა და კორექციის მიმართულებით.

სამედიცინო ბიზნესს თამარი “სენსიტიურ და რთულ” სფეროდ მიიჩნევს, სადაც წარმატების საწინდარს “ემპათია და მიზანდასახულობა” წარმოადგენს. თსსუ-სა და ევროპის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებული თამარი ქალბატონებს ურჩევს “ნუ შეუშინდებიან სირთულეებს, შეცდომებს, პერიოდულ მარცხს,” რადგან “ეს მხოლოდ გვაძლიერებს და სტიმულია როგორც ჩვენი, ასევე ბიზნესის განვითარებისთვის.”

 

ეკატერინე საგინაშვილი – ენის პედაგოგი ტრადიციულ და ციფრულ სივრცეში

ეკატერინე საგინაშვილი, ინგლისური და რუსული ენის სპეციალისტი, 25 წელია საჯარო სკოლაში ასწავლის და უკვე მეათე წელია ონლაინ ტუტორად მუშაობს. “ვაკეთებ საქმეს, რომელიც ასე მიყვარს, და ეს მაბედნიერებს,” – ამბობს ეკატერინე, რომელიც განსაკუთრებით კომფორტულად სკოლის მოსწავლეებთან ურთიერთობაში გრძნობს თავს, რადგან ისინი “აბსოლუტურად გულწრფელები და მეგობრულები არიან.”

მისი ყველაზე დიდი პროფესიული გამოწვევა ზრდასრულებთან, განსაკუთრებით აშშ-ში მცხოვრებ ემიგრანტებთან მუშაობა გამხდარა, რადგან “ონლაინ რეჟიმში მუშაობა, თანაც დროის იმ სხვაობით, რაც ამერიკისა და საქართველოს შორისაა, ადვილად მორგებადი არ არის.” ეკატერინე თანამედროვე ტექნოლოგიებზე მორგებული პედაგოგობისკენ ისწრაფვის და ცდილობს “სწავლა-სწავლების პროცესი საინტერესო” გახადოს.

“თმენა და ვალდებულების სრულად აღება ჩვენს თავზე, მგონია ძლიერი ქალის განმსაზღვრელი უნარებია,” – აცხადებს ის. მისთვის წარმატების საზომი მოსწავლის მიღებული ცოდნის ეფექტურობაა. ახალგაზრდებს ეკატერინე ურჩევს “აკეთონ ის, რაც ძალიან უყვართ და არ მოაკლონ სათანადო ცოდნა თავიანთ პროფესიას,” რადგან სჯერა, რომ “თუ ქალი პროფესიულად შემდგარია, ის დაბალანსებული ემოციური ფონით ადვილად სწვდება ბედნიერების მწვერვალს.”

 

თათია გაბისონია – ოცნების გზაზე – პროფესიული მოწოდების გაგება

ბავშვობის ოცნება ექიმობაზე შესაძლოა არ ასრულებულა, მაგრამ ამ ქალბატონმა მაინც იპოვა პროფესია, რომელიც მის შინაგან მოწოდებას – ადამიანებზე ზრუნვას პასუხობს. ყოველდღიურად ის ფიქრობს, როგორ შეიტანოს მეტი სითბო და სიყვარული საკუთარ საქმიანობაში, როგორ შესთავაზოს მომხმარებელს სილამაზე და კომფორტი.

პროფესიული განვითარების გზაზე მას არაერთი დაბრკოლება შეხვედრია, თუმცა სწორი ორიენტირის – ხარისხისა და მაქსიმალური განვითარების წყალობით, ყოველთვის ახერხებს წინსვლას. მრავალწლიანი შრომა ნაყოფს იძლევა – ბოლო წლებში მისი საქმიანობა გაუმჯობესდა და მომხმარებელს კიდევ უფრო უკეთეს მომსახურებას სთავაზობს.

ის განსაკუთრებით აფასებს საკუთარ დამოუკიდებლობას, აზრებსა და გეგმებს, და არ არის დაინტერესებული სხვისი საქმიანობით. მისი წარმატების საიდუმლო უზომო სიყვარულია იმისადმი, რასაც აკეთებს. დამწყებ პროფესიონალებს ურჩევს, გამოიჩინონ მოთმინება და თავდაჯერებულობა. მისი რწმენით, როცა საქმეს სიყვარულით აკეთებ, აუცილებლად მიაღწევ დასახულ მიზანს, რაც არ უნდა რთული იყოს გზა.

 

ნინო კუსიანი – ცვლილებების ინიციატორი ყვარელში

ნინო კუსიანი, წყალმომარაგების კომპანიის შემოსავლების კოორდინატორი, თბილისიდან ყვარელში გადასვლის შემდეგ აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწედ ჩამოყალიბდა. პირადი ტრაგედიის – დის გარდაცვალების შემდეგ, მან საქველმოქმედო საქმიანობა დაიწყო, რომელიც დღეს 200-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახის მხარდაჭერაში გამოიხატება.

2020 წელს ნინომ დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება დემოკრატიული კლუბი”, რომელიც ქალთა და ბავშვთა უფლებების, შშმ პირთა ინტეგრაციისა და გარემოს დაცვის საკითხებზე მუშაობს. 50-ზე მეტი ტრენინგის ორგანიზატორი და ინიციატორი, ნინო თვლის, რომ “არასოდეს უნდა შეგაშინოს სიახლეებმა” და რომ ქალთა პროფესიული განვითარებისთვის საქართველოში აუცილებელია “სისტემური მხარდაჭერა და მოქნილი სამუშაო პირობები” განსაკუთრებით ახალგაზრდა დედებისთვის.

კომენტარის დატოვება