ნოემბერი 24, 2024 17:45

ნომინაციაში-“მემკვიდრეობითი ბრენდის განმავითარებელი-ამბიციური ბიზნესლედი”- 2024, წარდგენილია თათული თეთრაული

თათული თეთრაული  პროფესიით ტანსაცმლის მოდელიორ-დიზაინერი არის ბრენდ “Glitter”-ის დამფუძნებელი, რომელიც საღამოს კაბების დიზაინსა და შექმნაზეა ორიენტირებული. მის მიერ შექმნილ შოურუმში მომხმარებლებს საშუალება აქვთ არა მხოლოდ შეიძინონ, არამედ მოირგონ და იქირაონ მაღალი ხარისხის საღამოს კაბები.

პარალელურად, თათული მართავს 35-წლიან ტრადიციებზე დაფუძნებულ ოჯახურ ბიზნესს – რბილი ავეჯის საწარმოს, რომელიც წლების განმავლობაში მისი მშობლების თავდაუზოგავი შრომით ვითარდებოდა. კომპანია დღესდღეობით ამარაგებს მაღაზიებს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ თათული ყოველთვის იყო ჩართული ბიზნესის საქმიანობაში, ბოლო ორი წელია, მშობლების საზღვარგარეთ გადასვლის შემდეგ, მან სრულად აიღო პასუხისმგებლობა კომპანიის მართვაზე.

როგორც ქალ მეწარმეს, თათულის არაერთი სტერეოტიპისა და წინააღმდეგობის გადალახვა მოუწია. “ხშირად იწვევს გაკვირვებას, როდესაც მოდიან საწარმოში და მე ვხვდები,” – აღნიშნავს ის. განსაკუთრებით თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ ზოგჯერ მამაკაცი კლიენტები ითხოვენ კაც თანამშრომელთან გასაუბრებას. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში ქალები სულ უფრო მეტად იკავებენ ლიდერულ პოზიციებს, გარკვეული წინააღმდეგობები მაინც არსებობს. თუმცა, თათულიმ უკვე დიდი ხნის წინ გადალახა ეს ბარიერები თავისი პროფესიონალიზმითა და საქმისადმი ერთგულებით.

ყველაზე დიდი გამოწვევა მისთვის იყო პერიოდი, როდესაც მშობლებმა პრაქტიკულად ერთ დღეში გადააბარეს კომპანიის მართვა. “არ ვიცოდი საიდან დამეწყო, საიდან მოდიოდა მასალა, როგორ მემართა წარმოება სულ მარტოს,” – იხსენებს თათული. იყო მომენტები, როდესაც ფიქრობდა საქმის მიტოვებაზე, მაგრამ მშობლების მრავალწლიანი შრომისა და მიღწევების პატივისცემამ, ასევე თანამშრომლების გულწრფელმა მხარდაჭერამ მისცა ძალა გაეგრძელებინა გზა. განსაკუთრებით აღსანიშნავია თითოეული თანამშრომლის როლი, რომლებიც მას პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარნენ და ყველა დეტალს მასთან ერთად გადიოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ თათულიმ უკვე წარმატებული კომპანია გადმოიბარა, მან შეძლო ახალი სული შთაებერა ბიზნესისთვის. მისი მთავარი მიღწევა არის ის, რომ გახადა კომპანია უფრო ცნობადი საზოგადოებისთვის. თუ მისი მშობლები უბრალოდ დიდი სიყვარულით აკეთებდნენ საქმეს და არ ისახავდნენ მიზნად პოპულარობას, თათულის აქვს ჯანსაღი ამბიცია – გააცნოს საზოგადოებას მათი ნაწარმი და ადამიანები, რომლებიც დგანან ამ წარმატების უკან.

ის ღრმად არის დარწმუნებული, რომ ქალები გაცილებით ძლიერები არიან, ვიდრე საზოგადოება აღიარებს. “ჩვენს უკან უმეტესად დგას ოჯახი, შვილები, უამრავი საქმე რაც სამსახურის გარეთ გვაქვს მოსაგვარებელი და პარალელურად შეგვიძლია ვიყოთ წარმატებულები, რაც არც ისე მარტივია,” – აღნიშნავს ის. მისი ცხოვრების გზა ნათელი მაგალითია იმისა, რომ ქალებს შეუძლიათ წარმატებით გაართვან თავი როგორც ოჯახურ პასუხისმგებლობებს, ისე პროფესიულ გამოწვევებს.

თათულის გზავნილი სხვა ქალბატონებისა და გოგონებისადმი მარტივი და ამავდროულად ძლიერია: “თქვენ უფრო მეტი შეგიძლიათ ვიდრე ახლა ფიქრობთ… არასოდეს დანებდეთ იმიტომ რომ თქვენ ამას აუცილებლად შეძლებთ. არ არსებობს მოუგვარებელი პრობლემა თუ ეს მართლა ძალიან გვინდა.”

 

კომენტარის დატოვება