ნოემბერი 22, 2024 06:17

ნომინაციაში “ჰარმონიულობისა და ნიჭის სინთეზი” წარდგენილია ცისანა სეფიაშვილი

ცისანა სეფიაშვილი დაიბადა 1973 წლის 9 ნოემბერს. პროფესიით თეატრმცოდნე და პიარ-სპეციალისტია. მისი მუსიკისადმი სიყვარული არავის გაკვირვებია, რადგან ის ცნობილი კომპოზიტორის ჯემალ სეფიაშვილის ქალიშვილია.თუმცა, თავდაპირველად მომღერლობაზე არასოდეს უფიქრია.
ბავშობაში ცისანა ტელე-რადიო მაუწყებლობის ბავშვთა გუნდში მღეროდა ზურა და ლალი სიხარულიძეების ხელმძღვანელობით. ამ პერიოდს მომღერალი დღემდე დაუვიწყარს უწოდებს.
მისი სამუსიკო კარიერა მოულოდნელად დაიწყო 1997 წელს, როდესაც გადაწყვიტა მამას საიუბილეო საღამოზე, “ბრავო მაესტროზე” მამისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა. მან დუეტი ჩაწერა მერაბ სეფაშვილთან ერთად – “ღრუბელს რაღა უნდოდა”. თავდაპირველად ეს იდეა ერთჯერადი უნდა ყოფილიყო, თუმცა მსმენელმა ისე აიტაცა ცისანას შესრულება, რომ ეს სიმღერა მის სავიზიტო ბარათად იქცა და ახალი მელოდიებიც გაჩნდა.
მალევე პოპულარობა მოიპოვა სიმღერამ “სტუმრად მეწვიე”. ასევე დიდი წარმატება ხვდა წილად მის დუეტს ჯგუფ “ქუჩის ბიჭებთან” ერთად – “ლამაზი დღე”. ამ პერიოდში ცისანამ მრავალი ტურნე და სატელევიზიო შოუ მოიარა.
მუსიკალური კარიერის პარალელურად, ცისანა სეფიაშვილი აქტიურად მოღვაწეობს მედიის სფეროში. ის გახდა პოპულარული ტელეწამყვანი და უძღვება გადაცემას “რა გვსრუს ქალებს” ტელეკომპანია „პოსტ-ტივიზე“ ეს გადაცემა ეხება ქალთა საკითხებს და სტუმრობენ საზოგადოებისთვის საინტერესო ადამიანები.
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდი ცისანამ მუსიკალურ კარიერაში პაუზა აიღო, იგი კვლავ გამოჩნდა ასპარეზზე და მაყურებლის გული დაიპყრო.
ცისანა სეფიაშვილის მრავალმხრივი კარიერა – მუსიკოსი, ტელეწამყვანი, პიარ-სპეციალისტი – აჩვენებს მის ტალანტს და უნარს, რომ წარმატებით მოღვაწეობს სხვადასხვა სფეროში. მისი ისტორია კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა თავისი პროფესიული ინტერესები და ნიჭი სხვადასხვა მიმართულებით განავითაროს.

 

კომენტარის დატოვება