ნოემბერი 22, 2024 07:57

ნომინაციაში “სამედიცინო სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის – 2024” წარდგენილია თამარ კალანდაძე

თამარ კალანდაძე, 24 წლის ახალგაზრდა ქალბატონია, რომელმაც 17 წლის ასაკიდან დაიწყო პლასტიკური ქირურგიის სფეროს კვლევა, ოპერაციების გადაღება, დაკვირვება და შესწავლა.ის არის ქალი, რომელმაც საკუთარ თავში აღმოაჩინა ინტერესი პლასტიკური ქირურგიისა და ესთეტიკის მიმართ და გახდა პირველი მედიცინის ვლოგერი საქართველოში.

მისი მიზანი იყო დახმარებოდა ადამიანებს – განეხილა შესაძლო გართულებები, გაეზიარებინა რეკომენდაციები, უზრუნველყო ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. იგი პირდაპირ ერთვებოდა საკუთარ ოპერაციებიდან და დეტალურად უხსნიდა პაციენტებს ყველაფერს, რათა გაემარტივებინა მათთვის პროცესი. 2023 წლის აგვისტოში, იგი მიიწვიეს ფრანგმა პლასტიკურმა ქირურგებმა დუბაიში, სადაც მან გააკეთა შედარებები და დაგეგმა მომავალი ნაბიჯები.

თამარმა შექმნა კომპანია Medfriend და გახდა ამ სფეროს პოპულარიზატორი. მან გაათამაშა რინოპლასტიკები და სხვადასხვა პროცედურები იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ ჰქონდა საშუალება საკუთარ თავზე ეზრუნა. მისი გეგმაა, რომ როცა უფრო დაიმკვიდრებს თავს, უფრო მასშტაბურად გააკეთებს ამ ყველაფერს.

მან დაიწყო ეს საქმიანობა, მაშინ, როდესაც აღმოაჩინა, რომ არსებობდა კონკრეტული ჯგუფები, სადაც მხოლოდ მიკერძოებული პოსტები იდებოდა ექიმებზე. უსამართლობის შეგრძნებამ აიძულა მას, რომ ეს პრობლემა თვითონ მოეგვარებინა და შეეთავაზებინა ახალი რამ ხალხისთვის – ვიდეო ჩაწერები, ინტერვიუები და არა მხოლოდ ფორმალური პოსტები. ამ ყველაფერში დიდი მხარდაჭერა მიიღო თავისი უახლოესი მეგობრისგან, ქეთევან ჯაფარიძისგან, რომელთან ერთადაც დღეს მუშაობს და პირადი ასისტენტიცაა.

თაკო აღნიშნავს, რომ ქალის ყოფნა მის საქმიანობაში დიდ უპირატესობას წარმოადგენს, რადგან ეს სფერო ყველაზე საინტერესო სწორედ ქალებისთვისაა. ქალებს ერთმანეთის უკეთ ესმით, უფრო მეტად უდგებიან გვერდით  ერთმანეთს და მაღალია ნდობის ფაქტორი. იყო საწყის ეტაპზე ბევრი სირთულე,თუმცა, თაკოს ყველასთან ჰქონდა გამჭვირვალე კონსულტაციები და ამიტომ გადაწყვიტა საქმით გაეძლიერებინა თავისი პოზიცია და არა მხოლოდ საუბრით.

თამარ  კალანდაძე აღნიშნავს, რომ ქალის როლი საზოგადოებაში ყველაზე მთავარია. ქალები საკმაოდ ძლიერი არსებები არიან და შეუძლიათ ჭკვიანურად გადალახონ ნებისმიერი სირთულე. მათი ჭკუა, სილამაზე და სხვა უნარები შეიძლება იქცეს მათ მთავარ იარაღად წარმატებისკენ.

იგი ურჩევს იმ ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ ნაბიჯებს საკუთარ პროფესიასა თუ ბიზნესში, არ შეეშინდეთ სირთულეებს, არ დაიხიონ უკან და მხოლოდ წინ იყურონ. რაც მეტი წინააღმდეგობა შეხვდებათ, მით უფრო გაძლიერდებიან. თავად თაკოს ჰქონდა სხვადასხვა სირთულე ცხოვრების ყველა ეტაპზე, მაგრამ სწორედ ამან გახადა მისი გზა უფრო საინტერესო და აღუძრა სურვილი კიდევ უფრო დიდი წარმატებისთვის.

კომენტარის დატოვება