ნოემბერი 22, 2024 16:24

ნომინაციაში “განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის-2024” წარდგენილია სალომე პირველი

სალომე პირველი არის იურისტი, სამართლის დოქტორი და პროფესორი. მისი კარიერა ადრეულ ბავშვობაში დაიწყო, რადგან 17 წლის ასაკიდან მუშაობს. ცნობიერი ცხოვრებიდან სურვილი ჰქონდა გამხდარიყო იურისტი და ეშრომა რაღაც ღირებულის შესაქმნელად. სწორედ ამ სურვილს უკავშირებს უმაღლესი განათლების სფეროში დასაქმებას და მიზანს, რომ ის საქმე აკეთოს, რაც დაეხმარება მის ქვეყანასა და ერს.

ამჟამად, სალომე თბილისის თავისუფალი აკადემიის რექტორია. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ქალია, გადამწყვეტია თავისი საქმიანობისთვის. მან ბევრი სირთულე გადალახა და გადალახავს კიდეც სწორედ იმიტომ, რომ ქალია. ერთ-ერთი რთული სიტუაცია მისთვის იყო, როდესაც აკადემიაში შეაბიჯა და მიიღო მძიმე მემკვიდრეობა. მას უნდა შეენარჩუნებინა ინსტიტუციის პოზიციონირება და სტატუსი კონკურენტულ გარემოში. დაუღალავი შრომით, მისმა გუნდმა შეძლო შეუძლებელი – აკადემიამ სამი წლის განმავლობაში შექმნა და ახორციელებს ოთხ საბაკალავრო, სამ მასწავლებლის მომზადების და ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართულ ენაში მომზადების პროგრამებს.

სალომე თვლის, რომ მთავარი მიღწევაა აკადემიის წარმატება რვა აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებით, სტუდენტების მიღებით, თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნითა და შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებით. იგი ქმნის გარემოს, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ მაღალი განათლება და გახდნენ თავიანთი განათლებით გამორჩეულნი. საზოგადოების განვითარებაშიც შეაქვს წვლილი სტუდენტების დაფინანსების, დასაქმებისა და ხელშეწყობის გზით.

სალომეს აზრით, ქალების როლი უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ყველა სფეროში – ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულსა და სოციალურში. ქალებს შეუძლიათ შეუძლებლის მიღწევა, გამოწვევების შესაძლებლობად გარდაქმნა, სირთულეების დაძლევა, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება და ოპტიმიზმით ცხოვრების გაგრძელება. იგი თამამად აცხადებს, რომ სწორედ ქალები არიან სამყაროს მამოძრავებელი ძალა.

სალომე ურჩევს ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს პროფესიასა თუ ბიზნესში, აკეთონ ის, რაც უყვართ. მიჰყვნენ თავიანთ მიზნებს  ბოლომდე და მიიღებენ სრულყოფილებას. იგი აცხადებს, რომ ქალები შეუპოვრები არიან და  გვესახებიან, როგორც არა სუსტი, არამედ ძლიერი სქესი, რომლისთვისაც არაფერია გადაულახავი.

კომენტარის დატოვება