ნოემბერი 24, 2024 09:26

„ძლიერი ქალი – წარმატებული კონდიტერი და დიზაინერი- 2022“ – ანა ჯაჭვაძე

„ლიდერ ქალთა საზოგადოება ნომინაციაში „ძლიერი ქალი – წარმატებული კონდიტერი და დიზაინერი- 2022“
წარმოგიდგენთ ქალბატონ ანა ჯაჭვაძეს.
Anna J Jachvadze

მისთვის გამარჯვება საკმაოდ ნაცნობი გრძნობაა, რადგან ძუძუს კიბო დაამარცხა და ბევრი ქალისთვის გახდა იმედი და მაგალითი იმისა, რომ კიბო განაჩენი არ არის და მისი დამარცხება სავსებით შესაძლებელია.
ანა გახლავთ საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ ბორდის წევრი, ასევე ონკოსაზოგადოება „ჰოუპის“ წევრი, რის ფარგლებშიც მაქსიმალურადაა ჩართული ამ ორგანიზაციების საინფორმაციო კამპანიაში, რაც ემსახურება მოსახლეობის, კონკრეტულად კი ქალების, კიბოსთან მიმართებაში ცნობიერების ამაღლებაში, მათ ინფორმირებას ონკოლოგიური დაავადებების დროულად აღმოჩენისა და განკურნების გზებისა და საშუალებების შესახებ.
„ეს კონკრეტული ორგანიზაციები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მოსახლეობის ცნობიერება ავამაღლოთ, გავაგებინოთ მათ, რომ კიბო განაჩენი არ არის. ასევე ჩვენი მიზანია, ქალების მოტივაცია გავზარდოთ, რომ თუნდაც წელიწადში ერთხელ, ერთი დღე დაუთმონ საკუთარ თავს და გაიკეთონ ეხო-მამოგრაფია, ეხოსკოპია, რომელიც სრულიად საკმარისია პირველადი დიაგნოზირებისთვის, რომ დროულად მოხდეს პრობლემის აღმოჩენა და მინიმალური ჩარევით იყოს მისი აღმოფხვრა შესაძლებელი. თუმცა, კიბოს დადასტურებაც არ არის განაჩენი, რადგან არა მხოლოდ ჩემი, არამედ ბევრი ქალბატონის მაგალითი გვიჩვენებს იმას, რომ ამ დაავადების დამარცხება პირველ, მეორე, მესამე თუ მეოთხე სტადიაზეც კი სავსებით შესაძლებელია“.
ანა ამბობს, რომ ონკოპაციენტი ქალების დახმარებისათვის ისინი პერიოდულად მართავენ მათივე ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვებს, უწევენ მათ ფსიქოლოგიურ დახმარებას, ეხმარებიან ფინანსების მოძიებაში და რაც ყველაზე მთავარია, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ონკოპაციენტების პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიიტანონ მუნიციპალიტეტებისა თუ ცენტრალური მთავრობის ყურამდე, რათა უზრუნველყონ მათი შესაბამისი თანადგომა, დაფინანსება და ა.შ.
კომპანია „ეივონის“ დახმარებით თბილისში შექმნილია „ვარდისფერი სივრცე“, სადაც ონკოპაციენტებს უტარტებათ ფსიქოლოგიური დახმარება, არტ-თერაპიები, ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებებსა და ერთად ებრძვიან დაავადებას. ერთად კი, ცხადია, უფრო მარტივია და როგორც ანა ამბობს,ამ სივრცეში ბევრმა ონკოპაციენტმა ქალბატონმა სიცოცხლითვის ბრძოლის ძალა იპოვა და შემდეგ უკვე დაამარცხა კიდეც კიბო.
გარეგნობით ბავშვობიდან გამორჩეული ანა 12 წლიდან მუშაობდა მოდელად აბრამ ბაზელის მოდის სახლში, იყო ერთ-ერთი წამყვანი მოდელი. რაკიღა ბევრ ლამაზ ტანსაცმელთან ჰქონდა უშუალო შეხება, გადაწყვიტა თავადვე შეექმნა მსგავსი სილამაზეები. იმიტომ, რომ პროფესია სრულყოფილად შეესწავლა, ჩააბარა ტექნიკურ უნივერსიტეტში სამკერვალო ნაწარმის მოდელირებისა და ტექნოლოგიის კუთხით, თუმცა ქსოვა, კერვა, ქარგვა დედიდან გამომდინარე ბავშვობიდანვე კარგად ჰქონდა ათვისებული. იხსენებს, რომ 10 წლის ასაკიდან უკვე საკმაოდ კარგად ქსოვდა.
შემდეგ იყო ნაადრევი ქორწინება,ბავშვები, რამაც გამოიწვია მისი ინტერესებისა და საქმიანობისგან დისტანცირება, თუმცა ონკოდაავადების დამარცხების შემდეგ მის ცხოვრებაში ქსოვა დიდი დოზით დაბრუნდა და წარმატებულ ბიზნესადაც იქცა:
„ქსოვა ბიზნესად იქცა ჩემი გამოჯანმრთელების შემდეგ. 2012 წლის გაზაფხულზე გავხდი ონკოპაციენტი, ამავე წლის შემოდგომაზე, ძუძუს კიბოს მეორე სტადია სულ 6-7 თვეში დავამარცხე, სახლში გავდიოდი რეაბილიტაციას და ამ პერიოდში გადავწყვიტე საკუთარი თავისთვის, ბავშვებისთვის მომექსოვა რაღაცები. ნამუშევრებმა მოწონება დაიმსახურა და თანდათან წამოვიდა შეკვეთები. მივხვდი, რომ საკმაოდ შემოსავლიანი საქმიანობა იყო, თან მსიამოვნებდა და კარგად გამომდიოდა, ამიტომაც ბიზნესად ვაქციე. შევქმენი გვერდიც და ამ დროისთვის ჩემი ნამუშევრები იყიდება არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, არამედ იტალიაში, გერმანიასა და ამერიკაშიც.“
ანა ხშირად იღებს მონაწილეობას საქართველოში გამართულ გამოფენა-გაყიდვებში, ასევე მონაწილეობდა საქართველოს ფეშენ-ვიკის ფარგლებში გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე და უკვე ოფიციალური შემოთავაზებაც მიიღო საკუთარი პროდუქციის ყაზახეთში გატანაზე.
ანას მეორე პროფესია, კონდიტერიაც ბავშვობიდანვე იყო მის ცხოვრებაში. იხსენებს, რომ კულინარია და კონდიტერია, მათ შორის ხორცის დამუშავება, თევზაობა და თევზეულის დამუშავებაც კი, ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან შესანიშნავად შეეძლო და გადაწყვიტა, რომ ის, რაც კარგად გამოსდის, კიდევ ერთ პროფესიად ექცია.
2017 წელს თამთა სორდიას საკონდიტრო სტუდია „თამთინის სტუდიაში“ გაიარა საკონდიტრო საქმიანობის კურსები, სადაც მისი სწავლა არასამთავრებო ორგანიზაცია „წითელმა ხაზებმა“ უზრუნველყო.
ნიჭიერი კონდიტერი მალევე დასაქმდა ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში შეფ-კონდიტერად, მას შემდეგ ბევრ კარგ სასტუმროსა და რესტორანში იმუშავა ამ კუთხით და ამჟამადაც ერთ-ერთი დიდი სასტუმროს მთავარი შეფ-კონდიტერია და ქმნის შესანიშნავ დესერტებს, მათ შორის საავტოროსაც.
ანა მიიჩნევს, რომ მისი სქესი მისთვის დიდი ბენეფიტია, რადგან მიაჩნია, რომ ქალს ყველაფერი შეუძლია, რასაც მოინდომებს, თუმცა დასჭირდებათ ბევრი მუშაობა, მათ შორის საკუთარ თავზე.
„მიმაჩნია, რომ მიზნებსა და გეგმებს აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს ადამიანი, თუ განეწყობა ისე, რომ ეს აუცილებლად ასე იქნება. მე ამ პრინციპით ვმოქმედებ და მჯერა, ყველა მიზანს აუცილებლად მივაღწევ,მიუხედავად იმისა, სხვებს ეს სჯერათ თუ არა, სხვებს მიაჩნიათ თუ არა, რომ ცდას აზრი არ აქვს, მე ყველა გეგმას ბოლომდე მივყვები და დარწმუნებული ვარ გამომივა, ცხადია, თუ ამისთვის ვიშრომებ. უნდა გვჯეროდეს საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების და ყველაფერი გამოგვივა!“
მიუხედავად ამდენი წარმატებისა კარიერაში თუ ჯანმრთელობის მხრივ, თავის მთავარ მიღწევად ანა საკუთარ შვილებს მიიჩნევს, რადგან ამბობს, რომ ის თავისი შვილებისთვის გადარჩა.
ფიქრობს, რომ საქართველოში ქალებს სიტყვის თავისუფლება ჯერ კიდევ არ აქვთ და მიაჩნია, რომ ქალების როლის გაძლიერება ისევ ქალების ბრძოლით, მათი ერთად დგომით, წარმატებების მიღწევითა და ქალთა გაერთიანებების შექმნით არის შესაძლებელი, რადგან ქალებს დიდი ძალა აქვთ, ყველაფერი შეუძლიათ, მათ შორის მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლა.
„სოციალური ქსელი დღესდღეობით მსოფლიოს მოიცავს, ჩვენ შეგვიძლია მსოფლიოს გავაგონოთ ჩვენი ხმა. მსოფლიო მასშტაბით ჯერ კიდევ ბევრი ქალი იბრძვის საკუთარი უფლებებისათვის, ამისათვის ბრძოლას ეწირებიან კიდეც, რაც არასწორია. ჩვენ არ უნდა გვჭირდებოდეს საკუთარი თავების გაწირვა იმის დასამტკიცებლად, რომ მამაკაცების მსგავსი უფლებები გვაქვს. ქალებს დიდი ძალა გვაქვს. ერთად მდგომი ბევრი ქალი კიდევ უფრო მეტი – თითქმის დაუმარცხებელი ძალა ვხდებით, ამიტომ აუცილებელია ქალთა საზოგადოებებმა იაქტიურონ და დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია!“
ქალებს, რომლებიც ახლა დგანან მნიშვნელოვანი პირადი თუ კარიერული გადაწყვეტილებების წინაშე, ანა ურჩევს:
„ყველა ქალს ვურჩევ, რომ არ შეუშინდნენ არცერთ დაბრკოლებას! ყველა ქალს, რომელიც რამეს მოინდომებს, პირადი მიზანი იქნება ეს თუ კარიერული, ყველაფერი შეუძლია და ყველაფერს მიაღწევს. მთავარია, არ შეშინდნენ, დარწმუნებულები იყვნენ საკუთარ ძალებში და არ დანებდნენ!

კომენტარის დატოვება