იანვარი 22, 2025 09:13

2024 წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენა

2025 წლის 18 იანვარს ლიდერ ქალთა საზოგადოებამ წარმატებით ჩაატარა 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ღონისძიებას ორგანიზაციის წევრებთან ერთად დაესწრნენ მოწვეული სტუმრებიც, რომელთაც სურდათ უკეთ გაცნობოდნენ საზოგადოების საქმიანობას.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესო, გამორჩეული და ინტერაქციული აღმოჩნდა. საზოგადოების დამფუძნებელმა, ქალბატონმა ნათია შათირიშვილმა, შეკრების მიზნებისა და დღის წესრიგის წარდგენით გახსნა პრეზენტაცია. განსაკუთრებული სტუმარი იგახლდათ ბატონი გია სულაქველიძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მოხსენება აქტუალურ ფსიქოლოგიურ საკითხებზე.

2024 წლის მიღწევებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარმოადგინა ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ბატონმა ვაკო ყორღანაშვილმა. მან არა მხოლოდ გასული წლის შედეგები მიმოიხილა, არამედ დამსწრეებს გააცნო სამომავლო ხედვები და ინიციატივები.

შეხვედრის განსაკუთრებით ღირებულ ნაწილად იქცა ინტერაქტიული სესია, სადაც ორგანიზაციის წევრმა ქალბატონებმა გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები კოლეგებს. უცხო სტუმრებს კი მიეცათ შესაძლებლობა, უშუალოდ გაცნობოდნენ როგორც საზოგადოების წევრებს, ისე ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

ღონისძიება გამოირჩეოდა დინამიურობითა და მრავალფეროვნებით. ნაცვლად მონოტონური პრეზენტაციისა, დამსწრეებმა მიიღეს აქტიური მონაწილეობა დისკუსიებში, გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება და ჩამოაყალიბეს საერთო ხედვა ორგანიზაციის მომავალი განვითარებისთვის.

 

კომენტარის დატოვება