აპრილი 2, 2025 21:05

ქალი, რომელმაც თავისი კეთილი საქმეებით ნამდვილი ლიდერობის მაგალითი აჩვენა

ზოგჯერ ყველაზე შთამბეჭდავი ისტორიები ჩუმად იწერება. არიან ადამიანები, რომელთა მოწოდებაც არა საკუთარი თავის წარმოჩენა, არამედ სხვების დახმარებაა. სწორედ ასეთია ქალბატონი, რომელიც ახლახანს “ლიდერ ქალთა საზოგადოების” საპატიო ღონისძიებაზე წარადგინეს. მისი ისტორია გვახსენებს, რომ ნამდვილი სიძლიერე ადამიანურობაშია.

როდესაც შეიტყო, რომ “ლიდერ ქალთა საზოგადოების” ღონისძიებაზე იყო მიწვეული, მისი გული ემოციით აივსო. ცრემლიანი თვალებით შეხვდა ამ ამბავს — არა იმიტომ, რომ აღიარებას ელოდა, არამედ იმიტომ, რომ მიხვდა: მისი მოკრძალებული საქმეები შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

 

“ღონისძიებაზე ვიგრძენი ხალხის სიყვარული,” — ასე იხსენებს ის იმ დღეს. წარმოიდგინეთ, რა უნდა იგრძნოს ადამიანმა, რომელიც წლების განმავლობაში ჩუმად ეხმარებოდა სხვებს და უცებ თავი აღმოაჩინა წარმატებული, შთაგონებული ქალების გარემოცვაში, რომლებიც მის საქმიანობას აფასებენ.

 

ალბათ ყველას გსმენიათ მარის ისტორიის შესახებ, რომელიც სწორედ დინამ გაგვაცნო, მათ საზოგადოებისგან საკმაოდ დიდი სიყვარული დაიმსახურეს, თუმცა ისტორია ტრაგიკულად, მარის გარდაცვალებით დასრულდა. დინა მარის პირველად  ქუჩაში შეხვდა. ქალს, რომელსაც არც სახლი ჰქონდა, არც საკვები და, რაც მთავარია, არც იმედი. შეიძლებოდა დინას ჩაევლო, როგორც ბევრი სხვა ჩაივლიდა — თვალების არიდებით და გულის მოტყუებით: “სხვა დაეხმარება”.

მაგრამ იგი ასე არ მოიქცა.

“მიმყავდა სახლში, ვაჭმევდი,” — ამბობს ის უბრალოდ, თითქოს ეს ყველაზე ბუნებრივი რამ იყო მსოფლიოში. მაგრამ ვინ იცის, რამდენი ადამიანი ჩაუვლიდა გვერდით მარის, სანამ ვიღაც გაჩერდებოდა და მიხედავდა?

ერთი ადამიანის კეთილი გული გადამდები აღმოჩნდა. “ხალხმა რომ გაიგო, შემომთავაზეს ანგარიშის გახსნა”. და მოხდა ის, რასაც თვითონ “სასწაულს” უწოდებს — მარისთვის სახლი შეიძინეს.

წარმოიდგინეთ მარის თვალები, როდესაც პირველად შევიდა საკუთარ სახლში. ქუჩიდან — საკუთარ კედლებში. უიმედობიდან — ოცნებისკენ, რომ შვილი დაებრუნებინა.

სამწუხაროდ, ერთი წლის შემდეგ მარი გარდაიცვალა. გული დასწყდა ყველას როდესაც გავიაზრეთ, რომ მისი ოცნება შვილთან შეხვედრის შესახებ ვერ ახდა. მაგრამ ვინ იცის, რა ნიშნავდა მისთვის ეს ერთი წელი ღირსეული ცხოვრებისა? ერთი წელი, როდესაც იცოდა, რომ მარტო არ იყო.

ლიდერ ქალთა საზოგადოების რიგით მე11 ღონისძიებაზე, როდესაც დინა სცენაზე წარსდგა ქ.ნ ნათია შათირიშვილთან ერთად  და გადაეცა კუთვნილი სამადლობელო სიგელი იმ საქმეებისთვის,რასაც ის ემსახურება. წამყვანმა დაიწყო თავშესაფარზე  საუბარი, მისი თვალები აენთო. ეს ხომ ის ოცნებაა, რომელიც დიდი ხანია მის გულში ცოცხლობს! არა უბრალოდ ერთი მარის დახმარება, არამედ სივრცის შექმნა, სადაც ბევრ ადამიანს შეეძლება თავის შეფარება.

“რაც შეეხება თავშესაფარს, მინდა რომ ქველმოქმედება მასშტაბური გავხადო და ჩემი ოცნება ავასრულო, ,” — ესაა მისი დანაპირები. და ვინც მას იცნობს, იცის: ეს ქალი არ ჩერდება, სანამ მიზანს არ მიაღწევს.

ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც პროფესიულ წარმატებას ესწრაფვიან, დინა ასეთ ძლიერ რჩევას აძლევს: “პირველ რიგში მიზანი დაისახონ, რომ მათი ოცნება რეალურად აქციონ.”

დინას საკუთარი ცხოვრებაც სწორედ  ამის ნათელი მაგალითია — ადამიანი, რომელმაც დაიწყო ხელნაკეთი ნივთების გაყიდვით გაჭირვებულთა დასახმარებლად და მივიდა იქამდე, რომ ახლა უკვე თავშესაფრსაც ჰქმნის და არაერთი ადამიანის სიყვარული დაიმსახურა.

მისი სახით ვხედავთ ნამდვილ ლიდერს — არა ტიტულით, არამედ საქმით. ადამიანს, რომელიც არ ელოდება სხვების დასახმარებლად რაიმეს, არამეედ, სანამ ამას  სხვა მოკიდებს ხელს,  თავად იწყებს მოქმედებას.

იქნებ სწორედ ესაა ნამდვილი ლიდერობის საიდუმლო — არა უბრალოდ გზის ჩვენება, არამედ ამ გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმა.

კომენტარის დატოვება